იმაზე, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად საუბრობენ. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, უცნობია. საზოგადოებაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ ფორმით ბოლოჯერ ჩატარდეს და მომდევნო წლიდან აბიტურიენტები უნივერსიტეტებში განსხვავებული წესით მოხვდნენ. მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, "ღამის კურიერში" სხვა საკითხებთან ერთად, ამ თემაზეც ისაუბრა და ხშირად დასმულ შეკითხვას უპასუხა:
- საზოგადოებას მინდა ვუთხრათ, რომ განათლების სამინისტროში ახლა რამდენიმე ძირეული რეფორმა მიმდინარეობს. მათ შორის, ზოგადი განათლების კუთხითაც და სკოლიდან მოსწავლეების, აბიტურიენტების, პირდაპირ უმაღლეს განათლებასა თუ პროფესიულ განათლებაში მოხვედრის კუთხით. შესაბამისად, ე.წ. ეროვნული შეფასების გარკვეული ტესტების მომზადება დაწყებული გვაქვს, რომელიც სკოლაში განმავითარებელ შეფასებების დანერგვას გულისხმობს. თუმცა, საზოგადოებას ხაზგასმით მინდა ვუთხრა, რომ არა, ეს არ არის ბოლო წელი, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება. მომდევნო სასწავლო წლიდან ე.წ. ეროვნული შეფასების პილოტირებას ვიწყებთ. ეს ძალიან დიდი და კომპლექსური პროცესია. ამას სჭირდება როგორც სასკოლო საზოგადოების მომზადება, შესაბამისი საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება და მათი ტესტებთან მორგება. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსწავლეებისათვის ამის დანერგვასა და მეთოდიკის ახსნას დრო სჭირდება. ამიტომ, პილოტირება აუცილებელია, რისთვისაც 1 ან 2 წელი დაგვჭირდება. როდესაც დავრწმუნდებით, რომ პილოტირების რეჟიმით ახალი ეროვნული შეფასება სწორ ფორმებს იძენს და სწორად ვითარდება, მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ ეროვნული გამოცდების სახეცვლილებასა და მოსწავლეების სხვა ფორმით უმაღლეს განათლებაში გადასვლაზე. ამიტომ, ეს რეფორმის ნაწილია, რომელიც ეროვნულ გამოცდებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათთვის ჯერჯერობით არანაირ ცვლილებას არ გულისხმობს და სავარაუდოდ, მინიმუმ, 1-2 წლის განმავლობაში ეროვნული გამოცდები იმავე ფორმით გაგრძელდება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, პარალელურად, სკოლაში ეროვნული შეფასების რეფორმა იწყება. როდესაც რეფორმის პილოტირების შედეგებს დავინახავთ და იქნება მზაობა როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე სამინისტროს მხრიდან, ეროვნული გამოცდების სახეცვლილებაზე მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია, ვისაუბროთ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გაცილებით მოქნილი სისტემა შევქმნათ, ვიდრე დღეს არის. ეროვნულმა გამოცდებმა შეასრულა და ასრულებს კიდეც თავის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს, თუმცა აქ ჩვენ გაცილებით უფრო ხელსაყრელ და მოქნილ მოდელზე ვლაპარაკობთ, რომელიც, პირიქით, მოსწავლეებს სწორი პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება.