დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ზაფხულში, მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად გამწვავდეს ან პირიქით, გაუმჯობესდეს:
- ზაფხულის თვეები და მზის ინტენსიური სხივები, კანის გარკვეული ტიპის დაავადებებისა და კანის ინფექციების განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს. არის კანის ისეთი დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერ სხივებთან ზემოქმედების შედეგად შეიძლება, გამწვავდეს და არის დაავადებები, რომლებიც, პირიქით, შეიძლება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გაუმჯობესდეს.
კანის დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმდებით მწვავდება და რთულდება:
- ე.წ. სოლარული ურტიკარია, ანუ მზის ალერგია. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის ალერგია აწუხებთ. ასეთ დროს, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილია გამოხატული.
- ფოლიკულიტი - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კანის პრობლემაა, რომელსაც თმის ძირის ანთებასაც უწოდებენ. ფოლიკულიტს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. შეიძლება როგორც ბაქტერიული, ასევე სოკოვანი ფაქტორი იყოს. გულ-მკერდის, დეკოლტეს არეზე, ასევე ზურგზე, კისერზე, სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი შეგვხვდეს.
- აკნე - რუჯის გადასვლასთან ერთად, გამონაყარი უფრო აქტიური ხდება. შესაბამისად, აკნე იმ დაავადებების კატეგორიაა, რომელსაც მზის ულტრაიისფერი სხივები არ უხდება.
- იმპეტიგო - ზღვის სეზონზე და ზაფხულის პერიოდში ავადობა მკვეთრად იმატებს.
- ტინეა - კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ასევე ასევე შესაძლოა, ამ პერიოდში გამწვავდეს.
- წითელი მგლურა - სისტემური დაავადებაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით რთულდება.
- დერმატომიოზიტი, რომელიც კანის გარდა, კუნთებსაც აზიანებს. აუტოანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც შეიძლება ადამიანს, გარდა გამონაყრისა, ასევე ახასიათებდეს დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სისუსტე.
- პორფირია - კანის დაავადებაა, რომელიც მზის ულტრაიისფერ სხივებზე მწვავდება.
- დარიერის დაავადება - ეს არის გენეტიკური ტიპის დაავადება.
- როზაცეა - დაავადება, როდესაც სახის გარკვეული მიდამოები გვიწითლდება. ასეთ დროს გულ-მკერდის, დეკოლტეს არეშიც გვხვდება სიწითლე.
- პემფიგუსი - ესეც კანის ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა.
- ვიტილიგო - როდესაც ვიტილიგოს დიაგნოზი ისმება და პაციენტები დერმატოლოგთან გამოკითხვაზე მიდიან და ვეკითხებით, პირველად როდის შეამჩნიეს ლაქა, უმეტეს წილად, პაციენტი ჰყვება, რომ გარუჯვის ან დამწვრობის მერე. ვიტილიგოს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი გარუჯვა ან დამწვრობაა. ვიტილიგო აუტოიმუნური დაავადებაა და მაპროვოცირებელი მზის სხივებია.
ჩამოთვლილ დაავადებებს ახასიათებს გამონაყარი და კანის დაზიანება, სიწითლე, ქავილი და ასე შემდეგ.
არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება. ესენია:
- ფსორიაზი - კანის აუტოიუმუნური დაავადებაა და მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ცალსახად უმჯობესდება. პაციენტები ამბობენ, რომ ზღვა შველით. სინამდვილეში, ზღვა არა - მზე შველით. აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს ფოტოთერაპიასაც ვუნიშნავთ. ფოტოთერაპია ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებია, რომელსაც სოლარიუმის ეფექტი აქვს.
- ატოპიური დერმატიტი - როგორც ფსორიაზს შველის ულტრაიისფერი სხივები, ატოპიურ დერმატიტს ისე არ შველის, თუმცა არსებობს პაციენტთა კატეგორია, რომელთა ატოპიური დერმატიტი, მზის ულტრაიისფერ სხივებთან ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება.
- კვანძოვანი პრურიგო, ბრტყელი ლიქენი და ვარდისფერი პიტირიაზი - ეს არის დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება.
რომელი დაავადებების რისკი მატულობს ზღვის წყლით?
- იმპეტიგო - კანის ბაქტერიული ინფექცია
- ტინეა - კანის სოკოვანი ინფექცია
- ნაირფერი ტინეა - კანის სოკოვანი ინფექცია
- საშარდე გზების ინფექცია
- კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი - კანისა და ლორწოვანის სოკოვანი ინფექციები
ზღვიდან ამოსვლის შემდეგ, წყლის გადავლება აუცილებელია.