აპენდიციტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საჭიროებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სიმპტომების შესახებ ინფორმირებულნი იყოთ.
აპენდიციტი ანთებითი პროცესია აპენდიქსში (ნაწლავის ჭიაყელა დანამატში). ასეთი ანთების მიზეზი აპენდიქსის სანათურის ბლოკირება ან მისი კედლების სისხლით მომარაგების დარღვევაა. აპენდიციტის პროვოცირება უამრავი მიზეზითაა შესაძლებელი.
აპენდიქსი ორგანიზმში ითვლება ნაშთად, ანუ ორგანო, რომელმაც ძირითადი (საჭმლის მომნელებელი) ფუნქცია ევოლუციის პროცესში დაკარგა. თუმცა ის ინარჩუნებს ლიმფოიდური ორგანოს ფუნქციას - აპენდიქსის სანათურში არის ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც ინფექციებზე რეაგირებს და მოცულობაში იმატებს. ლიმფოიდური ქსოვილის მოცულობის გაზრდის ფონზე ასევე შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დარღვევა.
აპენდიციტის მთავარი სიმპტომი მუცლის ტკივილია. კლასიკურ შემთხვევებში ის მუდმივია და გარკვეული ლოკალიზაცია ახასიათებს.
მაგრამ, ექიმების თქმით, ეს ყოველთვის ასე არ არის. მნიშვნელობა აქვს ბავშვების ასაკობრივ მახასიათებლებს - მათ ყოველთვის არ შეუძლიათ ნათლად აღწერონ თავიანთი ტკივილები და შეგრძნებები.
ამიტომ ბავშვის მუცლის ნებისმიერი ტკივილი ექიმთან კონსულტაციას და ქირურგიული პათოლოგიის გამორიცხვას მოითხოვს. ქირურგთან კონსულტაციის ყველაზე ხშირი მიზეზიც სწორედ მუცლის ტკივილია.გამოკვლევის დროს ქირურგი შეამოწმებს ობიექტურ სიმპტომებს (მუცლის კუნთების პასიური რეაქცია, ტკივილის ზუსტი ლოკალიზაცია და ხასიათი, პერიტონეალური გაღიზიანების სიმპტომები), ასევე აკონტროლებს და აანალიზებს დამატებით კვლევებს (ულტრაბგერა, ლაბორატორიული ტესტები, მუცლის ღრუს CT სკანირება, თუ მითითებულია).
ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზს ართულებს ის, რომ წინა პლანზე გამოდის არა მუცლის ტკივილი, არამედ სხვა სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს ქცევის ცვლილება (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში), სისუსტე, ლეთარგია, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება ანთებითი ინტოქსიკაციის ფონზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია ის შემთხვევები, როდესაც აპენდიქსი მდებარეობს მუცლის ღრუში ატიპიურად ("დაბალი" - მენჯის ღრუში, "მაღალი" - ღვიძლის ქვეშ და ასე შემდეგ) - ტკივილის ბუნება და შეგრძნებები შეიძლება შეიცვალოს.
ამიტომ აპენდიციტის დიაგნოსტიკა ყოველთვის კვალიფიციური ექიმის ამოცანაა და თვითდიაგნოსტიკა სახიფათოა. გარდა ამისა, მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს სხვა ქირურგიული დაავადებების სიმპტომი, როგორიცაა დივერტიკულიტი, ნაწლავის გაუვალობა, უცხო სხეულები მუცლის ღრუში, მწვავე გინეკოლოგიური დაავადებები გოგონებში და სხვა.
აპენდიციტს მკურნალობენ ქირურგიულად.ლაპაროსკოპიული აპენდექტომიის შემდეგ გამოჯანმრთელება საკმაოდ სწრაფად ხდება, ბავშვი ფეხზე ოპერაციიდან პირველივე დღეს დგება და სახლში 3 დღის შემდეგ ეწერება. გაწერიდან ერთი კვირის შემდეგ შეუძლია საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნდეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ - სრულფასოვნად ჩაერთოს ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში.