როგორ იცვლება ნივთიერებათა ცვლა 40 წლის ასაკის შემდეგ, იზრდება თუ არა ქოლესტერინის მომატების რისკი და რამდენად ბუნებრივია ასეთ დროს წონის რადიკალური ცვლილება - თემაზე ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობის საქართველო" საუბრობს:
- უპირველეს ყოვლისა, 40 და 40+ ასაკი ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ახალგაზრდა ასაკია, თუმცა ენდოკრინოლოგიურად ძალიან საყურადღებო და შეიძლება ითქვას, კრიტიკული პერიოდია. 40 წლიდან როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ცვლილება იწყება. ორგანიზმი მენოპაუზისათვის ემზადება. მართალია, კაცებში ანდროპაუზა ისე არ ვლინდება, როგორც ქალებში მენოპაუზა, თუმცა ყოველწლიურად ტესტოსტერონის დონე თითო პროცენტით ეცემა და მეტაბოლიზმზე ესეც აისახება.
40 წლის ასაკის შემდეგ ქოლესტერინის დონე იზრდება. ქოლესტერინი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, სასქესო ჰორმონებისათვის ერთგვარი საშენი მასალაა. ვინაიდან 40 წლიდან ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები სინთეზი კლებულობს, ამდენი საშენი მასალა ქოლესტერინის სახით საჭირო აღარ არის. შესაბამისად, გაუხარჯავი ქოლესტერინი სისხლში გროვდება და მისი დონე იმატებს.
ასევე, იზრდება სხეულის წონაში მომატების რისკი. როდესაც კაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების დონე ნელ-ნელა კლებულობს, სისხლში მათი კონკურენტი ჰორმონების დონე იზრდება. მათი ერთ-ერთი კონკურენტი კი ინსულინია. მოგეხსენებათ, ინსულინი სამშენებლო ჰორმონია, რომელიც უპირატესად ცხიმოვან ქსოვილს აშენებს. ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიური პროცესია და მას ფიზიოლოგიური ინსულინრეზისტენტობა ეწოდება, რომლის დროსაც, თუნდაც გამხდარ ქალებს, ფორმა ეცვლებათ და სილუეტი უფრო მომრგვალებული ხდება. ამიტომაცაა, რომ ქალები ხშირად აღნიშნავენ და ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კვების სტილი არ შეუცვლიათ და ფიზიკურად აქტიურები არიან, მაინც იმატებენ წონაში.
უპირველეს ყოვლისა, ფიზიოლოგიურად ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება უფრო მეტად ტანის ქვედა ნაწილებში - თეძოს, ბარძაყის არეში ხდება. თუ აღნიშნულ არეებში ცხიმის ჩალაგებას მუცლის არეში გამოხატული ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგებაც ახლავს, აქ უკვე პათოლოგიურ ინსულინრეზისტენტობასთან გვაქვს, რაც უკვე სხეულის წონაში სწრაფად მომატებას გამოიწვევს, ზრდის შაქრიანი დიაბეტის რისკს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
ამ ასაკში, როდესაც ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება, ძალიან ხშირად ადამიანები მკაცრ დიეტებს მიმართავენ. ექსტრემალური დიეტების ფონზე, წონა არ იძვრის. ბევრი პაციენტი აღნიშნავს, ადრე 6-ის მერე ტკბილეულს, ცომეულს არ მივირთმევდი და წონაში მაშინვე ვიკლებდიო. ახლა ვდიეტობ, ფიზიკური აქტივობა მაქვს და მხოლოდ გრამობით ვიკლებო. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რომელ ცხიმს ვებრძვით. ორნაირი ცხიმი არსებობს - კანქვეშა და ვისცერული ცხიმი არსებობს. კანქვეშა ცხიმი "კეთილი ცხიმია", რომელიც ქალებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ იქ ქალის სასქესო ჰორმონები ცხოვრობს და თუ ეს ცხიმი გავლიეთ, მაშინ უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ცხიმის პროცენტული შემცველობა და კუნთის მასა რამდენია. არსებობს დენსიტომეტრიული კვლევა, რომელიც გვეხმარება, განვსაზღვროთ, წონაში მომატება ეს უპირატესად ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზეა, თუ ადამიანს კუნთოვანი ქსოვილი აქვს კარგად განვითარებული. იმ ადამიანებში, ვისთანაც უპირატესად ცხიმოვანი ქსოვილია განვითარებული , სწორად შერჩეულ დიეტურ თერაპიას ვიწყებთ და კუნთოვანი მასის გაზრდაზე ვმუშაობთ. ამ დროს, სასწორი კი არ არის ორიენტირი, უფრო რელიეფი და ფორმები. ადამიანთან, რომელსაც კუნთოვანი მასა კარგად აქვს განვითარებული, სხვა მიდგომას ვიყენებთ.
როდესაც არასწორად ვდიეტობთ, არაბალანსირებულად ვიკვებებით, ორგანიზმში სტრესის ჰორმონები იმატებს. სტრესის ჰორმონები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი მოხვედრილია ისეთ გარემოში, სადაც საკვები არ მოიპოვება. ამიტომ, საკვებს გარდაქმნის ცხიმად და მუცლის არეში დააგროვებს. იწვის კანქვეშა ცხიმი, ძვლოვანი ქსოვილი, კუნთოვანი ქსოვილი და ამის ხარჯზე მიდის კლება. გამოდის, რომ, თითქოს, ადამიანი წონაში იკლებს, მაგრამ თავს ენერგიულად, მხნედ ვერ გრძნობს. ამიტომ, როცა 40 წლის ასაკის შემდეგ წონაში დაკლებას გადავწყვეტთ, ეს მშვიდად, ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ.
40 წლის ზემოთ ინსულინის "მეფობის" ხანა დგება. ეს არის ჰორმონი, რომელიც ცხიმს აშენებს. უპირატესად კი, ტკბილეულის ხარჯზე. ამიტომ, მას სამშენებლო მასალა არ უნდა მივცეთ. 40 წლის ასაკის ზემოთ პურ-ფუნთუშეული, რაფინირებული შაქარი, ტკბილეული მაქსიმალურად შევამციროთ, სულ თუ ვერ ამოვიღებთ. აქ ბონუსიცაა - თუ ტკბილეულს მცირე რაოდენობით მივირთმევთ, ჩვენს ორგანიზმში ინსულინი მცირდება და მოთხოვნილებაც აღარ გვაქვს. ხილი, ჩირეული, თხილეული ჩანაცვლებისთვის იდეალური ვარიანტია. ამავდროულად, ისინი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან და ჩვენი ორგანიზმიდან ბევრი ისეთი ბოროტი ნივთიერება გამოჰყავთ, რომლებიც ცხიმოვანი ქსოვილის აშენებას, საკვერცხეების, სათესლეების დისფუნქციას ხელს უწყობს.