ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა. მის უახლეს ფოტოებს ნიკოლოზ წულუკიძე აქვეყნებს.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.
1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი.
ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ასევე აგრძელებენ მის გზას სცენაზე მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.
არაერთხელ ჰქონია შემოთავაზება, საქართველოს გარეთ გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა არ დათანხმდა: "თბილისის გარეშე ვერაფრით გავძლებ. ჩემი საქართველო ჩემია და ამაზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება! ცოტა ხნის წინ ზალცბურგში ვიყავი, მაგრამ იქაური სილამაზე ოდნავაც არ მაკვირვებს. უბრალოდ, იქ ყველაფერი ძალიან მოვლილია".
რაც შეეხება ახალგაზრდულ იერს და ელეგანტურობას, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხობს: "არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას" კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!"