ისინიც კი, ვინც პოლიტიკით ნაკლებად ინტერესდებიან, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. არჩევნებისათვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა, ჯო ბაიდენი კი საარჩევნო კამპანიიდან გავიდა და მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა. აქტიური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა კანდიდატებს შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში შემოდგომაზე შევა.
ახლა კი მსოფლიო მედიისა ყურადღება კენედების ოჯახისკენაა მიმართული. საქმე ისაა, რომ ჯონ კენედის ძმის შვილიშვილი, 29 წლის მარია კენედი კუომო დაქორწინდა და ამ ქორწილს ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სოციალური მოვლენა უკვე უწოდეს.
ცერემონია კენედების საგვარეულო სახლში, მასაჩუსეტში გაიმართა. ოჯახმა 3-სახლიანი კომპლექსი სანაპიროზე ჯერ კიდევ 1928 წელს შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი კი ჯონ კენედიმ 1960 წელს საარჩევნო შტაბად გამოიყენა.
ოფიციალური წვეულებისათვის პატარძალმა Vera Wang-ის ულამაზესი იტალიური კაბა აირჩია. მარია საკურთხეველთან მამამ, ენდი კუომომ მიაცილა, რომელიც ახლა ნიუ-იორკის გუბერნატორია.
გოგონას რჩეული მეწარმე ტელეფ ლუნდევალია. მათ ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. ორივემ ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა. თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ კი შეხვედრა დაიწყეს. ტელეფმა მარიას ხელი გასულ წელს, მადლიერების დღეს სთხოვა.
ცერემონიას 400 სტუმარი ესწრებოდა. სტუმართა შორის ძირითადად პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ. მარიამ კაბა ორჯერ გამოიცვალა და Oscar de la Renta-სა და Clio Peppiat-ის სამოსი აირჩია.
ცნობილია ისიც, რომ სტუმრებს არაერთი გემრიელი კერძით გაუმასპინძლდნენ. მთავარი კერძი კი ლობსტერი იყო. ყველა სტუმარი მისი დაჭრისა და მირთმევის ინსტრუქციას ინდივიდუალურად იღებდა. ამის შემდეგ, მარიამ და ტელეფმა 8-სართულიანი ტორტი დაჭრეს. ტორტი იმდენად მაღალი იყო, რომ კიბის გამოყენება დასჭირდათ.
საქორწინო ცერემონია 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 19 ივლისს ქორწინების რეგისტრაცია გაიმართა, 20 ივლისს სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიება შესთავაზეს და ნაოსნობა გაიმართა. 21 ივლისს კი ოფიციალური საქორწინო ვახშამი იყო.
მარია მწერალ მერი კერი კენედისა და პოლიტიკოს ენდრიუ კუომოს უფროსი ქალიშვილია. მარია ასევე არის გენერალური პროკურორის რობერტ კენედის შვილიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა იყო.
მარიას საქმრო, ტელეფ ლუნდევალი, Socrates Social-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ნორვეგიაში დაიბადა, მაგრამ ოჯახი მალე ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად. მისი დედა და მამა შინაური ცხოველების სათამაშოების ბიზნესს ფლობს.