ბულინგი ადამიანის ფიზიკური ან ემოციური ჩაგვრაა (ძალადობა). აგრესორების მიზანი მსხვერპლის დამცირება, ზიანის მიყენება, დათრგუნვა, დამორჩილება და მისი ინდივიდუალობის განადგურებაა.ბულინგი შესაძლებელია ნებისმიერ წრეში მოხდეს საბავშვო ბაღში, სკოლაში თუ ეზოში.
ყველაზე ხშირად მსხვერპლნი კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვები არიან - მორცხვი, ჩაკეტილი ბუნებით, რომლებსაც სხვებთან ურთიერთობის დამყარება უჭირთ.
აგრესიისადმი მიდრეკილება არ არის დამოკიდებული სოციალურ, პროფესიულ სტატუსზე ან ასაკზე. აგრესორი შეიძლება იყოს ის, ვინც გრძნობს ძალაუფლებას ან სხვა ადამიანის დამორჩილების სურვილს.
მსხვერპლის შფოთვისა და დამცირებისგან კმაყოფილების მიღების შემდეგ, აგრესორები „სიამოვნებას“ იღებენ და კვლავ აქვთ ამის გამეორების სურვილი, რათა კვლავ განიცადონ ეს ემოციები. მათთვის ბევრად უფრო ადვილია სხვების დაცემის ფონზე უპირატესობის მოპოვება, ვიდრე თავად გააკეთონ რაიმე ღირებული.
ყოველი მჩაგვრელი ყველაზე ხშირად თავადაც მანიპულირების, ჩაგვრის პირობებში აღიზარდა. მას შეიძლება არც ესმოდეს მისი ქმედებების გრძელვადიანი ეფექტი: მაგალითად, მკაცრი მასწავლებელი ან ძალიან მომთხოვნი მშობელი კეთილი განზრახვით მოქმედებს. მათი გადმოსახედიდან ბავშვისთვის ძალიან კარგს აკეთებენ.
მაგრამ ზეწოლა ანგრევს ფსიქიკას და ბავშვის დათრგუნული სულიერი ენერგია შემდეგში აუცილებლად გამოვლინდება პროტესტში ან სხეულის თვითგანადგურებაში. საბოლოოდ ეს ფსიქოსომატურ, ფსიქიკურ ან სომატურ დაავადებებს უწყობს ხელს და რაც მთავარია, არაჯანსაღ და დაუცველ ადამიანს შობს, რომელმაც, თუნდაც რაღაცას მიაღწიოს, ბედნიერების შანსი ძალიან დაბალი აქვს.
ემოციური ტრავმა ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე აყენებს ზიანს. დამცირებით, უგულებელყოფით, ზიზღით, დაშინებით მოძალადეები მსხვერპლის სამყაროსადმი ნდობას ანადგურებენ და საკუთარი თავის რწმენას უკლავენ.
ემოციურ ბულინგად განიხილება მშობლების ზეწოლაც, რომლებიც შვილებს ჰიპერმზრუნველობის პირობებში ზრდიან. ისინი ყოველთვის უკმაყოფილონი არიან შვილებით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვი „გამოსწორდეს“,"სწორ ადამიანად" გაიზარდოს.
მაგალითად, ბუნებით ბავშვი ნელი და მორცხვია. მშობელს კი უნდა აქტიური, ძლიერი და გაბედული იყოს. ამიტომკარნახობს ყოველ ნაბიჯს, არ აძლევს ინიციატივის აღების უფლებას, , ბავშვს უწოდებს „ბოთეს“, "იდიოტს" და ათას იარლიყს აწებებს. ამ მოპყრობას ბავშვი აქედანვე ეჩვევა, შეურაცხყოფა მისთვის ჩვეულებრივი და მოთმენადი მოვლენაა, იჯერებს კიდეც თავის უნიათობას და დედის ან მამის გარეშე ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. მოგვიანებით მშობლებს, როგორც ემოციურად მოძალადეებს, დიდი შანსია, რომ მეუღლე შეცვლის.
ტოქსიკურ მშობელს ბავშვის „განადგურება“ შეუძლია მზერით და „გაბუტვით“. ემოციური მანიპულირება ზოგჯერ უფრო საზიანოა ბავშვებისთვის, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.
მშობლის უკმაყოფილებით დათრგუნული ბავშვი ნებისმიერ პირობას დათანხმდება, რათა მისი კეთილგანწყობა მოიპოვოს, გახდეს „უფრო სწრაფი, მაღალი, ძლიერი“. მშობელს ხშირად არ ესმის, რომ მანიპულატორი და მჩაგვრელია, რომ ასეთი მიდგომებით ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსი, დედის წინაშე დანაშაულის გრძნობა, საზოგადოებისა და მომავლის შიში განუვითარდება. ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებენ ადამიანად.
როგორ იზრდება ბავშვი მსხვერპლად
ოჯახური მანიპულაციის პირობებში გაზრდილი ბავშვი ეჩვევა, რომ სიყვარული, კეთილგანწყობა და სითბო უნდა „დაიმსახუროს“. ამიტომ ის მუდმივად ურთიერთდამოკიდებულია სხვების განწყობაზე.
ყოველ კრიტიკას მტკივნეულად იღებს; თუმცა ესმის, რომ კრიტიკა გარდაუვალია; სძულს საკუთარი თავი წარუმატებლობის გამო. პიროვნების ასეთი დეფორმაცია სამუდამო კვალს ტოვებს ადამიანზე.
უფრო ხშირად ასეთი ბავშვები უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, სადაც მშობლების შვილების გამო „ყველაფერს აკეთებდნენ“. გადაჭარბებული ზრუნვის საფარქვეშ ბულინგი ყველაზე ფარული ბულინგია, რომელსაც ბევრნაირი ნიღაბი აქვს.