ამ ფინელ გოგონას უცნაური ჰობი აქვს - სახლის დალაგება, მისი თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა. აური კანანენი (ფსევდონიმით აურიკატარინა) პატარაობიდანვე სისუფთავეში ცხოვრებას მიეჩვია. სისუფთავისა და დალაგების სიყვარული მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება და "ქლინინგი" მისი, შეიძლება ითქვას, გატაცებაა. აურიკა მზად არის, სახლის დალაგებაში და დასუფთავებაში არა მხოლოდ ოჯახის წევრებს დაეხმაროს, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი.
აურის მეზობლები საოცარ სიბინძურეში ცხოვრობდნენ. კარგა ხანს უყურებდა მათ სახლს და უკვირდა, როგორ ცხოვრობდნენ ასე.ერთხელაც ისე მოხდა, რომ მეზობელმა ძაღლის დატოვება სთხოვა, თავად რამდენიმე დღით მივლინებაში წავიდა. აურიმ გადაწყვიტა, სახლი დაელაგებინა.
აურიმ ვიდეო ტიკ ტოკზეც გამოაქვეყნა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ალაგებს გოგო სახლს, ყრის ნაგავს და წმენდს ჭუჭყს...როდესაც ძაღლის პატრონი დაბრუნდა და სახლში შევიდა, შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ საკუთარ საცხოვრებელში იმყოფებოდა.
ასე დაიწყო სხვების სახლების დალაგება. მას სწერენ და იწვევენ ახალ-ახალ სახლებში. დღეს უამრავი გამომწერი ჰყავს. გამომწერების სახლებს ალაგებს უფასოდ და ვიდეოებსაც დებს ხოლმე, თუმცა... 2020 წლიდან დღემდე, მან მოასწრო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სტუმრობა და სახლების დალაგება, მისი გამომწერების რიცხვმა იუთუბსა და ტიკ-ტოზე მილიონს კაი ხანია გადააჭარბა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იუთუბ არხიდან შემავალი რეკლამებითაც კი სოლიდურ ფულს შოულობს. თავად თქვა ერთხელ, რომ შარშან მხოლოდ იუთუბ-არხიდან შემოსულმა რეკლამებმა ნახევარი მილიონი ევრო მოუტანა. ამიტომაცაა, რომ სწავლაც მიატოვა, ძირითადი სამსახურიც და ახლა უკვე მთლიანად ამ ბიზნესშია ჩართული, რომლითაც თან ერთობა (თავად ასე ამბობს) და თან კარგ ფულს შოულობს.