ვინც სპორტში ასე თუ ისე ერკვევა, მაიკლ ფელპსის სახელი ყველამ იცის. პლანეტის ლეგენდარულ მოცურავეს არა მხოლოდ თავის სპორტის სახეობაში აქვს უდიდესი მიღწევები, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც რეკორდსმენია - მას 23-ჯერ აქვს მოპოვებული ოლიმპიური ოქრო და 26-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების აბსოლუტური რეკორდსმენია ოქროს ჯილდოებით და ჯილდოების საერთო რაოდენობით (28) და ასევე წყლის სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯილდოების საერთო რაოდენობით (33). მეტსახელად "ბალტიმორის ტყვია" და "მფრინავი თევზი". ყველაზე წარმატებით გამოდიოდა თავისუფალი სტილით და ბატერფლაით ცურაობაში, ასევე კომპლექსურ ცურვაში.
მაიკლ ფელპსი 1985 წლის 30 ივნისს დაიბადა ბალტიმორში. სამშვილიან ოჯახში მაიკლი უმცროსი იყო. დედა სკოლის დირექტორი გახლდათ, მამა კი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა. წყვილი 1994 წელს განქორწინდა და მამამ მეორე ოჯახი შექმნა.
ფელპსმა ცურვა შვიდი წლიდან დაიწყო, ნაწილობრივ თავისი დის გავლენით. საკმაოდ მოუსვენარი და ცელქი ბავშვი იყო და მეექვსე კლასში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის დიაგნოზი დაუსვეს. 10 წლისამ უკვე პირველი რეკორდი დაამყარა თავის ასაკობრივ ჯგუფში და ცნობილმა მწვრთნელმა ბობ მოუმანმა აიყვანა. 15 წლისა მოხვდა პირველად ოლიმპიურ თამაშებზე, 2000 წელს.
2001 წელს დაამყარა რეკორდი 200-მეტრიან დისტანციაზე ცურვაში, ჯერ კიდევ 15 წლისამ და ყველაზე ახალგარზდა ადამიანი გახდა, ვისაც ცურვაში რეკორდი დაუმყარებია. ამის მერე არაერთგზის დაამახსოვრა მსოფლიოს თავი გრანდიოზული გამარჯვებებით, რეკორდებით და ისტორიაში შევიდა. კარუერა კი 2014 წელს დაასრულა, რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც ხუთი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კარიერის დასრულების შემდეგ ფელპსმა თავისი დიდი ხნის სიყვარული - ფოტომოდელი ნიკოლ ჯონსონი შეირთო ცოლად. წყვილს სამი ვაჟი ეყოლა.