ფრიდა კალო და დიეგო რივერა - ორი გენიოსი, რომელთა სიყვარულის ისტორია თან ვნებითა და ძლიერი ურთიერთკავშირით იყო სავსე და თანაც ღალატითა და ტკივილით. თუ წყვილის მეგობრების მონათხრობს დავუჯერებთ, ფრიდა მეუღლეს ისე ეპყრობოდა, როგორც საყვარელ ლეკვს, დიეგო კი ფრიდას ხშირად ნივთად აღიქვამდა... მათ შორის 21-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას გაერთიანებას ხშირად სპილოსა და მტრედის კავშირს უწოდებდნენ, რადგანაც რივერა, გარდა იმისა, რომ ასაკით ბევრად უფროსი იყო, 100 კილოგრამით მეტს იწონიდა და გაცილებით მაღალი იყო... მათი სიყვარულის ამბავი დამაბნეველია. ზოგისთვის ის სრულიად წარმოუდგენელი, ზოგიერთისთვის კი აღმაფრთოვანებელია...
ფრიდა კალო 1907 წლის 6 ივლისს დაიბადა. ცოცხალი და აქტიური ბავშვი იყო, თუმცა 6 წლის ასაკში პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა.
18 წლის ასაკში მხატვარს ახალი განსაცდელი შეხვდა. საშინელ ავარიაში მოყვა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ არა. დაზიანებული ზურგით, დამსხვრეული ნეკნებითა და მენჯის ძვლებით ფრიდა დიდი ხნის განმავლობაში საწოლს მიეჯაჭვა. ფიზიკური ტკივილი კი ძლიერ იმპულსად იქცა - მან ხატვა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო.
რამდენიმეწლიანი ბრძოლისა და 33 ოპერაციის შემდეგ, ფრიდა კალომ ფეხზე გავლა შეძლო. პირველი, რაც წამოდგომის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ ცნობილი მხატვრის, დიეგო რივერას სტუდიაში წავიდა და საკუთარი ნამუშევრები აჩვენა. თუმცა, ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა.
როგორც ფრიდა კალომ მოგვიანებით გაიხსენა, დიეგო რივერა 15 წლის ასაკში შეუყვარდა. რივერამ მისი სკოლის კედლები მოხატა და ფრიდამაც იქ შეამჩნია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილი მხატვარი მასზე 21 წლით უფროსი იყო...
"ეს გოგონა დაბადებიდან მხატვარია. უჩვეულოდ მგრძნობიარე და დეტალებზე დაკვირვების საოცარი უნარით." - თქვა დიეგო რივერამ, როდესაც ფრიდა კალოს ნამუშევრებს გაეცნო.
ფრიდა სხვა ქალებს არ ჰგავდა. საკუთარი სტილი ჰქონდა, რაც ყველასგან გამოარჩევდა. წარბებს შორის, ასევე ზედა ტუჩზე თმას არ იშორებდა. უჩვეულო ტანსაცმელი ეცვა და ყოველთვის გრძელ კაბებს ატარებდა.
დიეგო რივერა კი ჭარბ წონას ებრძოდა, მოუწესრიგებელი თმა, უზარმაზარი თვალები და დიდი ტუჩები ჰქონდა. მაგრამ, ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთში იპოვა რაღაც, რაც მათი უცნაური და ტკივილიანი სიყვარულის მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია, დიეგო რივერამ და ფრიდა კალომ გაცნობიდან რამდენიმე კვირაში მოაწერეს ხელი. ქორწილი 1929 წლის 21 აგვისტოს გაიმართა, რომელსაც ფრიდას ახლობლები და დიეგოს მეგობრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ვერაფერს გახდნენ...
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქორწილში მოულოდნელად დიეგო რივერას ყოფილი ცოლი მივიდა და საშინელი სცენა მოაწყო. ქალმა კაბა გაიხადა და ყვიროდა: "შეხედეთ, დიეგომ ჩემი ფეხები ამ მოუხერხებელ ასანთის ღერში გაცვალა!"
დიეგო რივერა გაბრაზდა, თან მთვრალი იყო და რევოლვერით დაიწყო სროლა. სტუმრებთან ერთად, სახლიდან ფრიდა კალოც გაიქცა... როცა მეორე დღეს რივერა გამოფხიზლდა, ცოლთან მივიდა, მოუბოდიშა და ფრიდამაც ყველაფერი აპატია.
ეს მათი ხმაურიანი ცხოვრების პირველი ინციდენტი იყო, როცა ეჭვიანობის გიჟურ სცენებს, უცნაური სიყვარული მოსდევდა, ღალატს კი პატიება, სკანდალები, სასოწარკვეთა, ჩხუბი... საქმე ხანდახან დაჭრამდეც კი მიდიოდა.
ამავდროულად, ფრიდა დიეგოს საყვარელი, ცოლი, მეგობარი, თანამოაზრე - ყველაფერი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, დიეგო რივერას გამუდმებით პარალელური რომანები და სასიყვარულო თავგადასავლები ჰქონდა. ფრიდამ ქმრის ყველა თავგადასავლის შესახებ იცოდა. თუმცა ამბობდა: "დიეგო, ერთი მხრივ, მონსტრი, მეორე მხრივ, წმინდანია."
ამავდროულად, ფრიდა კალოსა და ლეონ ტროცკის რომანზეც გავრცელდა ხმები. ლეონ ტროცკი მეუღლესთან ერთად რუსეთიდან მექსიკაში გაიქცა და თავშესაფარი მეგობრის, დიეგო რივერას სახლში მიიღო. თითქმის 60 წლის ტროცკი ფრიდა კალოთი პატარა ბიჭივით აღფრთოვანდა... თავდაპირველად, ცდილობდა, სინაზე გამოევლინა, ფრიდას ხელზე ეხებოდა, უნდოდა, საკუთარი გრძნობები გამოეხატა. ბოლოს კი გადაწყვიტა, მისთვის წერილი მიეწერა. თუმცა, დიეგომ ყველაფერი გაიგო. ფრიდა კალოზე განაწყენებულმა გადაწყვიტა, შური ეძია და თავის ცოლის დასთან დაწვა... ფრიდამ მეუღლეს ეს ღალატი ვეღარ აპატია. 1939 წელს განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა და ნიუ-იორკში გაემგზავრა.
ამის შემდეგ ფრიდამ კატალონიელ მხატვარ ხოსე ბარტლისთან სცადა ურთიერთობის აწყობა. ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ფრიდა მოულოდენლად ხერხემლის საშინელი ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კალოს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. პირველი, ვინც ოპერაციის შემდეგ, თვალის გახელისას დაინახა, დიეგო რივერა იყო... რივერამ ფრიდას ცოლობა თავიდან სთხოვა და ისიც დასთანხმდა. თუმცა, ამჯერად ფრიდა კალომ "დიახ" გარკვეული პირობებით თქვა: დიეგოს პარალელური რომანები აღარ უნდა ჰქონოდა და ფინანსური საქმეები ცალ-ცალკე წარემართათ. უჩვეულო საქორწინო კონტრაქტი საავადმყოფოს პალატაშივე გაფორმდა. ამრიგად, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ფრიდა კალო და დიეგო რივერა ხელახლა დაქორწინდნენ...
ფრიდას დედობას სურდა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. დროთა განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, რის გამოც ქალს ფეხი მოაჭრეს. ტკივილის გასაყუჩებლად კი სხვადასხვა პრეპარატის უზარმაზარ დოზებს იყენებდნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში ფრიდა საწოლიდან აღარ დგებოდა, მაგრამ ხატვას არ წყვეტდა...
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ფრიდამ მეუღლეს ის ბეჭედი გადასცა, რომელიც მათი ქორწინების 25 წლისთავისთვის იყიდა. ქორწინების 25 წლის იუბილემდე 17 დღე რჩებოდა, მაგრამ კალომ ვეღარ იცოცხლა. შეიძლება ითქვას, რომ ფრიდა კალომ საკუთარი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, რადგანაც მეუღლეს ბეჭდის გადაცემისას უთხრა, რომ მალე გარდაიცვლებოდა...
დიეგო რივერა ფრიდას გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ გულის გაჩერებით დაიღუპა. მან სიკვდილის წინ კრემაცია და ფრიდას ფერფლთან ერთად განთავსება მოითხოვა, თუმცა მისმა შვილებმა მამის თხოვნა არ შეასრულეს.