შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის გამოცდის პირველადი ქულები გამოაქვეყნა. გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებმაც ამ საგანში მაქსიმალური - 60 ქულის მიღება შეძლეს:
ნინი ფუტკარაძემ სოფელ დღვანის საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას კი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აპირებს. ის გვიყვება, რა დაეხმარა ისტორიაში მაქსიმალური შეფასების მიღებაში:
- როგორც კი გადავწყვიტე, რომ ისტორიით ჩავაბარებდი, მაშინვე მივეცი თავს იმის პირობა, რომ ჩემს მაქსიმუმს ჩავდებდი ამ ყველაფერში და ბოლომდე ვიშრომებდი. სექტემბრიდანვე გადავწყვიტე, მომზადება და ძალიან გამიმართლა იმაში, რომ შესანიშნავი მასწავლებელი ვიპოვე. ქალბატონი მზია ბაუჟაძის აბსოლუტური დამსახურებაცაა ეს შედეგი. თავიდანვე დიდი მონდომებით დავიწყე მუშაობა და ვცდილობდი, ტემპი არ დამეგდო, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, რათა არაფერი დარჩენილიყო ბუნდოვანი, ასევე მასალის ათვისების გარდა, მუდმივად ვაკეთებდი ტესტებს, როგორც რეპეტიტორის მიერ მოწოდებულს, ასევე დამოუკიდებლად მოძიებულს. გარკვეულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა და დავიღალე. იყო ისეთი რთული დღეებიც, როდესაც მინდოდა, უბრალოდ ყველაფერი დამთავრებულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ბოლომდე მივიყვანდი იმ საქმეს, რომელიც დავიწყე და ამაში ჩემი მასწავლებელიც ძალიან მეხმარებოდა და მამხნევებდა. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი რეპეტიტორის, რადგანაც სწორედ მისი დამსახურებით და ჩვენი ერთობლივი შრომით, შევძელი რომ ეს ქულა მიმეღო. რთულია, ის ყველაფერი, რაც ამ 9 თვის განმავლობაში გავიარე, ასე მოკლედ აღვწერო, ამიტომ ვიტყოდი, რომ საერთო ჯამში, შედეგი სწორედ მონდომებამ და შრომამ მომიტანა.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ენდეთ საკუთარ თავს. თქვენზე კარგად არავინ იცის თქვენი შესაძლებლობები. ყველაფერი შეგიძლიათ, მთავარია, მოინდომოთ და იშრომოთ. იქნება კარგი დღეებიც, იქნება რთული დღეებიც, მაგრამ, საბოლოოდ, შრომა შედეგს აუცილებლად მოიტანს.
გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტია, რომელმაც ისტორიაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო. მან თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა, ევროპათმცოდნეობაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას და მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა - ბატონი გოჩა საითიძე, რომელმაც ამ საგნის შესწავლის პროცესი გამიადვილა. სახალისოდ გვასწავლიდა და როგორც მეგობარი, ისე გვიყურებდა. ამიტომ, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას ვგრძნობდით. ისტორია ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მაინტერესებდა და წიგნის პარალელურად, დამატებით ინფორმაციასაც ვეძებდი.
You-Tube- ზე ბევრი საგანმანათლებლო ვიდეოა. ხშირად ვუყურებდი. გარდა ინფორმაციისა, ვიზუალურადაც საინტერესოდაა გაკეთებული და ესეც დამეხმარა, რომ საკითხები კარგად გამეაზრებინა.
ამიტომაც, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და დამოუკიდებლადაც სცადონ ინფორმაციის მოძიება. შეიყვარონ ეს საგანი და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ.
მაქსიმე პაპავამ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. მან როგორც ისტორიაში, ასევე ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლო და ახლა აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- ვფიქრობ, სისტემატურად შრომა რეალურად მთავარი მიზეზია იმისა, რომ მაღალი შეფასება მივიღე. ისტორია განსაკუთრებით მიყვარს. ჩემს მასწავლებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. დამოუკიდებლად, ინტერნეტშიც ვეძებდი საინტერესო საკითხებს. სტატიებს ვკითხულობდი, You-Tube-ზე ვიდეოებს, ფილმებს ვუყურებდი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ 3 საგანში გარკვეული ნიშანი ყველაფერს არ წყვეტს. გაცილებით მეტია ცხოვრება. შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, შეეცადეთ, შეფასებების შესახებ ნაკლებად ინერვიულოთ. თუმცა, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, სწავლასაც დიდი დრო დავუთმოთ. ვფიქრობ, ისტორიის ტესტი უფრო მეტად ლოგიკურ აზროვნებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, თუ აბიტურიენტებს იმის ეშინიათ, რომ თარიღებს კარგად ვერ იმახსოვრებენ ან ისტორიული პიროვნებები ავიწყდებათ, ეს გამოცდაზე განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის. ეცადეთ, საკითხები გააზრებულად ისწავლოთ.
რაც შეეხება სხვა საგნებს, ინგლისურს დიდი ხანია, ვსწავლობ. ის საერთაშორისო ენაა და ამიტომაც, ინტერნეტი და იქ არსებული კომუნიკაცია შედეგის მიღწევაში დამეხმარა. რა თქმა უნდა, უმაღლესი შეფასების მიღებაში ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებული როლი აქვს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზოგადი განათლება და სიტყვათა მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ 1 წლის მომზადებით არ მიიღწევა. ამიტომ, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ თავიანთი შედეგის გასაუმჯობესებლად რაც შეიძლება მეტი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხონ.
თამარ იაკობაშვილი