2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება უკვე დასრულდა. წელს არსებული მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეკორდული რაოდენობის მაქსიმალური შეფასება დაიწერა, თუმცა აბიტურიენტთა ჯგუფებში გამოქვეყნებული წერილებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვაც ბევრს გაუჭირდა. ქეთევან თავდიშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და წამყვანი მასწავლებელია. მას მოსწავლეებთან ურთიერთობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით გვიზიარებს, რის ხარჯზე აღწევენ აბიტურიენტები კარგ შედეგს და რა პრობლემებია სწავლების პროცესში:
-ფილოლოგის ოჯახში დავიბადე. მამა, მურმან თავდიშვილი, აკადემიკოსი, მწერალი და რუსთველოლოგია; არაერთი სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოსცა წიგნი - ,,ვეფხისტყაოსნის დაფანტული სტროფები“. ამიტომაცაა, ,,ვეფხისტყაოსნის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულსაც საფუძველი ღრმა ყრმობიდან ჩაეყარა. მამას ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მე-60 სასაშუალი სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ასპირანტურის დამთავრების შემდგომ, 2002 წელს, კი დისერტაცია არაჩვეულებრივი პოეტის, ზაურ ბოლქვაძის, შემოქმედებაზე დავიცავი. ჩემი გზამკვლევი და ხელმძღვანელი ცნობილი მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ბატონი რევაზ მიშველაძე გახლდათ. წლების წინ, როცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ფორმით არ ატარებდა და პროცესი თავად უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კომისიის წევრი ვიყავი. 2004 წლიდან დღემდე ვმუშაობ სკოლა-ლიცეუმ ,,საქართველოს სასწავლო ცენტრში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მანამდე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, მოზარდებთან ურთიერთობა უფრო იოლი იქნება- მეთქი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სალექციო კურსი აბსოლუტურად განსხვავებულია, კლასში, მოსწავლეებთან ჩასატარებელი გაკვეთილი კი - სხვა.
ბავშვებთან ურთიერთობა არაერთი გამოწვევითაა სავსე, მაგრამ, როდესაც მოსწავლე და შენი საქმე გიყვარს, აბსოლუტურად ყველაფრის დაძლევა შეიძლება. ბავშვის სიყვარული მთავარია. 2015 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელი ვარ. ბავშვებთან ურთიერთობის 22-წლიანი გამოცდილება მაქვს. ეს ურთიერთობა, როგორც აღვნიშნე, მარტივი არ არის, მაგრამ შრომით ყველაფერი მიიღწევა. ყოფილა შემთხვევები მოსწავლეს, რომლისგანაც დიდ შედეგს არ მოველოდი, სასიამოვნოდ გავუკვირვებივარ, თუმცა ყოფილა ისეთი ფაქტები, როდესაც უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ აბიტურიენტმა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო. გამოცდას თავისი სტრესი აქვს, თან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტს პირველს წერენ და, შესაძლოა, ზედმეტად ნერვიულობენ. გამოცდის დღეს პასუხისმგებლობა უკვე სრულად მოსწავლეზეა და ამიტომაც აღვნიშნე, რომ ამ პროცესს თავისი სირთულე ახლავს. გამოცდასთან დაკავშირებულ სტრესს ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, მათი გაბრწყინებული სახეები და წარმატებით გამოწვეული სიხარულის ყიჟინა ჩემთვის რას ნიშნავს. ყოველ წელს თავიდან ვიბადები. ხომ ურთულესი გზა არის გასავლელი, მაგრამ შედეგები, მათი სიხარული უსაზღვროდ მაბედნიერებს.
- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ძალიან აქტიური და საინტერესო თაობა გვყავს. რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო... თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს: ჩვენმა სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც აბსოლუტურად მართალი და გასათვალისწინებელია, თუმცა გრიგოლ ორბელიანმა ენა პირველ ადგილას დააყენა (რასაც სრულიად ვეთანხმები) და აღნიშნა: ,,ენა, საყდარი, სარწმუნოება...“ ვფიქრობ, ამ თაობაში სამივე სიწმინდის გააზრება და შეთვისება პრობლემად იქცა, მაგრამ განსაკუთრებით, მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი გამოწვევა ენის თვალსაზრისითაა. მრავალსაუკუნოვან ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი პატარა ქვეყანა სულ გასაჭირშია. რჯულიანი თუ ურჯულო მტერი თავს გვესხმის და, რა თქმა უნდა, ეს ენაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თუ წლების წინ რუსულ სტილს ვებრძოდით და ვცდილობდით, ჩვენი უნიკალური ენა მისი ზეგავლენისაგან დაგვეცვა, ახლა ქართულ ენას ინგლისურის სტილი ,,ახრჩობს“. ბავშვების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს არის - ინგლისურად აზროვნებენ და, შესაბამისად, ფრაზებს ინგლისურად აწყობენ. გარდა წინადადებების წყობისა, არაერთ სტილისტურ შეცდომას უშვებენ. ამიტომ ახლა ამ გამოწვევასთან ბრძოლა გვიწევს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ უნიკალური ენა დავიცვათ. ვფიქრობ, სამშობლოს სიყვარული ენის პატრიოტიზმით უნდა დავიწყოთ.
ახალ თაობაში ლექსიკური მარაგის პრობლემაცაა. მრავალფეროვან ლექსიკას კი მხატვრული ლიტერატურის კითხვა აყალიბებს, რაც ახალგაზრდებს ტექნოლოგიების გავლენის გამო, სამწუხაროდ, ეზარებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი თაობა ბევრად უფრო მოტივირებული და მიზანდასახულია. როცა გადაწყვეტენ, რომ კონკრეტული პრობლემა უნდა დაძლიონ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ და შესაბამის შედეგსაც მიაღწევენ. ტექნოლოგიებზე წვდომაც, რა თქმა უნდა, მათი ძლიერი მხარეა, მაგრამ ბალანსის შენარჩუნებაა აუცილებელი.
- ყველაზე მეტად რა უჭირთ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ქართულში და რას ურჩევთ იმისთვის, რომ ამ სირთულის წინაშე არ დადგნენ?
- ტექსტების კითხვა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. უზარმაზარი და უნიკალური ლიტერატურა გვაქვს. ამას ქართული გრამატიკაც ემატება და ყველაფრის ერთად სწრაფად ათვისება რთულია. ვფიქრობ, საათობრივი ბადიდან ენის გაკვეთილების გატანა ძალიან დიდი შეცდომა იყო. ქართული ენა და ლიტერატურა ცალ-ცალკე უნდა ისწავლებოდეს. თუ მოსწავლეს გრამატიკულად ელემენტარული, საბაზისო ცოდნა არ აქვს, 1-2 წელიწადში, რა თქმა უნდა, მისი სრულყოფილად შესწავლა გაუჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია, საათობრივ ბადეში ენა დაბრუნდეს და ბავშვებმაც გრამატიკას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ. ასევე, როგორც აღვნიშნე, კითხვაც ეზარებათ. ტექნოლოგიებმა ეს ურთიერთობა გაამარტივა, თუმცა, თუ, მაგალითად, ,,დიდოსტატის მარჯვენა“ მთლიანად, სრულად არ წავიკითხეთ, გამოცდაზე მოცემული მონაკვეთით ამომწურავი მსჯელობა გაგვიჭირდება. მოსწავლემ სრული ტექსტი უნდა იცოდეს. იმავეს ვიტყოდი სხვა ნაწარმოებებზეც. მხოლოდ ერთი წელი საკმარისი არ არის, რომ ამხელა ლიტერატურა წავიკითხოთ და სრულყოფილად გავაანალიზოთ.
ქართული ლიტერატურა ქრისტიანულ სარწმუნოებაზეა აგებული, რაც ამ თაობისთვის ნაკლებად საინტერესოა, არადა უმნიშვნელოვანესია, უნდა ვიცოდეთ.
- მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა, ხშირი საუბარი, უკუკავშირი აუცილებელია. 22-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა მქონდა, რომ მშობელი ბავშვის ჩემთან ურთიერთობით უკმაყოფილო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, არიან ისეთნიც, რომელნიც ვერ/არ ხედავენ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ მასწავლებლები მოსწავლის ჯერ ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბების, შემდეგ საგნის შესწავლის საქმეში. მშობელი აუცილებლად უნდა ინტერესდებოდეს, მისი შვილი რას აკეთებს, როგორ მეცადინეობს, რა მიღწევები თუ ხარვეზები აქვს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს ძალიან დიდი როლი ეკისრება, მაგრამ მოსწავლეს ვერ დასჯის, ვერ აიძულებს, რაიმე ძალით გააკეთოს ან შეასწავლოს. მშობლებს ვესაუბრებით, შესაბამისი უკუკავშირიც გვაქვს, მაგრამ ბავშვებს სახლში ხომ ვერ წავყვებით?! ამიტომ, მშობელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაინტერესდეს, ასრულებს თუ არა მისი შვილი დავალებებს, რა პროგრესი აქვს. მასწავლებელთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია. ამავდროულად, ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება, რომ მშობლებს რეალურ შედეგებზე ვესაუბროთ და გადაჭარბებული მოლოდინები არ შევუქმნათ. მათ უნდა იცოდნენ, საკუთარ პირმშოთა შესაძლებლობები. მოსწავლის ოჯახის გვერდში დგომა მასწავლებლებს ძალიან გვეხმარება, რომ სასურველ შედეგს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ.
იძულებით სწავლებას არ ვემხრობი. რა თქმა უნდა, სიმკაცრე და დისციპლინა მნიშვნელოვანია, თუმცა ზღვარი არ უნდა წავშალოთ. მოსწავლეს მასწავლებელთან ურთიერთობა და საგანი არ უნდა შესძულდეს. საკუთარ შვილებთანაც ამგვარად ვურთიერთობ. მათ პირად სივრცეს პატივს ვცემ, ვაძლევ უფლებას, რომ შეცდომა დაუშვან და ამ შეცდომაზე თავადვე ისწავლონ.
- სკოლებში კომპლექსური დავალებები შემოიტანეს. რა თქმა უნდა, სიახლეს ავყევი, რამდენიმე შევასრულეთ და საკმაოდ საინტერესოც აღმოჩნდა, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა: კომპლექსურად პრეზენტაციებისა და პროექტების კეთება ცუდი არ არის, მაგრამ ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. მნიშვნელოვანი ტექსტები, მაგალითად, ჰაგიოგრაფიიდან, გასავლელი დაგვრჩა. ეს დავალებები ადგილზე, გაკვეთილზე, არაერთი აქტივობის განხორციელებას გულისხმობს, რასაც, როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი დრო სჭირდება. პროგრამის ნაწილი კი გასავლელი გვრჩება. შეიძლება, კომპლექსური დავალებები წლის ბოლოს გაკეთდეს, მაგრამ სემესტრში ერთხელ ან ორჯერ, ვფიქრობ, ზედმეტია.
- ფაქტობრივად წინასწარ ვიცი, ამა თუ იმ მოსწავლისგან დაახლოებით რა შედეგს უნდა ველოდოთ. როდესაც პროგრამას სრულად გავივლით, ბოლო თვეს გამოცდის იმიტაციებს ვაწყობ. მოსწავლეს ტელეფონისა და წიგნის დაუხმარებლად უწევს, სხვადასხვა ტესტი შეასრულოს. დაახლოებით 10 იმიტაციას ვასწრებთ და მიღებული შედეგებით საშუალო არითმეტიკული გამომყავს, რაც, როგორც წესი, მართლდება.
- საგანთან კავშირი არ გაწყვიტოთ. გაცდენა, გადადება არ შეიძლება. მუდმივად წერეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საბოლოოდ ტექსტი გამართულად ააწყოთ და საინტერესო მსჯელობაც გამოგივიდეთ. კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ლექსიკური მარაგის შევსებასა და გამრავალფეროვნებაში ამას გადამწყვეტი როლი ეკისრება, საზეპიროებიც აუცილებელია. აფორიზმებიც, ბრძნული გამონათქვამებიც ძალიან დაგეხმარებათ, რომ ტექსტი შესაბამისი არგუმენტებით ააგოთ და საკუთარი აზრი ბევრად უკეთ დაასაბუთოთ. სირთულეებს არ შეუშინდეთ. იშრომეთ და დამერწმუნეთ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ. ეს ის შრომაა, რომელიც უკვალოდ არ იკარგება, „კენწეროში“ აუცილებლად „გატკბილდება“.
- მშრომელი ბავშვები უფრო მეტ შედეგს აღწევენ, ვიდრე შემოქმედებითი, ზედმეტად თავდაჯერებული მოსწავლეები. მშრომელი ბავშვი, რომელმაც, შესაძლებელია, ბევრი რამ ვერ თქვა, მაგრამ კულტურულად, მოწესრიგებულად ჩამოაყალიბა სათქმელი, უფრო კარგ შედეგს იღებს, ვიდრე შემოქმედებითი, მაგრამ შედარებით ზარმაცი მოსწავლე. შრომა დასახული მიზნის მისარწევად უპირველესი პირობაა.
-ყოველ წელს, ვიდრე მოსწავლეები ჩემთან ურთიერთობას დაიწყებენ, წინასწარ მიკავშირდებიან, მათ ვაძლევ მხატვრული ლიტერატურისა და ფილმების ჩამონათვალს, ყველას ვეუბნები, თუ მათ არ გაეცნობიან, ვერ მივიღებ.
უპირველეს ყოვლისა, ჩამონათვალთა შორისაა გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები, რომლებიც ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე კარგია, თუ შექსპირის ტრაგედიებს, ანტიკური ხანის ტრაგედიებს წაიკითხავენ. ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურების გაცნობაც წაადგებათ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ორი დიდი რომანი, რომლებიც მისაღები გამოცდების პროგრამაშია, წინასწარ წაიკითხონ, ესენია: ,,ჯაყოს ხიზნები“ და ,,დიდოსტატის მარჯვენა“. თუ აღნიშნულ ნაწარმოებებს ზაფხულში წაიკითხავენ, პერსონაჟებს ამოიწერენ, მთავარი გმირების თავგადასავლებს დაიმახსოვრებენ, კარგი იქნება. დიდი რომანებია და სჯობს, წინასწარვე გავეცნოთ, რადგანაც ერთი წლის განმავლობაში, როცა სხვა არაერთ საკითხზე გვიწევს მუშაობა, მათი სრულყოფილად შესწავლა რთულია.
გარდა წიგნებისა, კარგია, თუ ყურადღებას ფილმებსაც მივაქცევთ. ეს არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად გამოგვადგება, მაგალითად, ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც ხშირად ვურჩევ მოსწავლეებს, ,,ფესვებია“, ასევე, საინტერესოა ,,გაიცანით ჯო ბლექი“, რომელშიც ბრედ პიტი სიკვდილს განასახიერებს. საგამოცდო პროგრამაში ანა კალანდაძის ლექსი ,,მკვდართა მზე“ გვაქვს. დასახელებული ფილმი მასთან დასაკავშირებლად საინტერესო იქნება. ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“ - ასევე გამორჩეული ფილმია. კარგი იქნება, თუ ნახავენ ,,უდაბნოს ყვავილს“. მისი დახმარებით შეძლებენ, საქართველოს მთის რეგიონებში არსებულ წესებსა და სხვა ქვეყნის მკაცრ ადათებთან პარალელი გაავლონ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია... ამიტომ, ჩვენი მსჯელობა რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს, უპრიანი იქნება, წიგნებსა და ფილმებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
თამარ იაკობაშვილი