ზაფხულის არდადეგებზე დილით ადრე გაღვიძების რუტინა იცვლება. არადა სწავლის დაწყების დრო ახლოვდება, საზაფხულო რეჟიმიდან სასკოლო რეჟიმზე ერთბაშად გადასვლა კი საკმაოდ რთულია. ამისთვის ორგანიზმი 2 კვირით ადრე მაინც უნდა მოემზადოს.
სამთვიანი არდადეგების განმავლობაში ბავშვების უმეტესობას დაავიწყდა, რა არის ყოველდღიური რუტინა და ადრე ადგომა. როცა სწავლა დაიწყება და ადრე ადგომა მოუწევთ, ძილის ნაკლებობა და რამდენიმე საათით ადრე ადგომა შეიძლება ორგანიზმის დასტრესვის და იმუნური სისტემის დასუსტების მიზეზიც კი გახდეს. რუტინის შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ვისაც უფრო დიდხანს ძილი უყვარს. ამიტომ მშობლებმა ბავშვი ახალი განრიგისთვის უნდა მოამზადონ.
უმჯობესია ადაპტაცია ერთი თვით ან მინიმუმ ორი კვირით ადრე დაიწყოთ.
ეცადეთ, ყოველდღიურად ბავშვი 5-10 წუთით ადრე მაინც გააღვიძოთ. თუ ბავშვი ძილ-ღვიძილის რეჟიმიდან ვერ გამოდის და ეს მიდგომა არ ამართლებს, მაშინვე იმ დროს გააღვიძეთ, როცა სკოლაში ან ბაღში წასვლის დროა.
გაღვიძების შემდეგ დაიბანოს პირი, გაიხეხოს კბილები და ისაუზმოს. თუ ბავშვს საწოლში დაყოვნების და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში მულტფილმების ყურების უფლებას მისცემთ, ამისგან სარგებელი არ იქნება. ის უნდა მიეჩვიოს იმ ფაქტს, რომ დილით დაუყოვნებლივ უნდა ჩადგეს სამუშაო რიტმში. საუზმის შემდეგ მომავალ პირველკლასელს შეიძლება სახალისო ატივობები გავაკეთებინოთ თუნდაც საბავშვო ჟურნალებიდან, წიგნებიდან. ეს კარგი დროა სწავლისთვის და სკოლისთვის მოსამზადებლად. შემდეგ სასეირნოდ და სათამაშოდ გაუშვით.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დღის განმავლობაში ჰქონდეს სასიამოვნო ემოციები, რათა გააცნობიეროს, რომ სწავლა დღეს არ უფუჭებს. სანამ ზაფხულია, მიეცით შესაძლებლობა, კარგად გაატაროს დრო.
სპეციალისტების თქმით, ბავშვები დილით უფრო ადვილად დგებიან, როცა იციან, რომ წინ საინტერესო მოვლენა ელით. ამიტომ, გონივრული იქნება, მშობლები საღამოს შვილთან ერთად განიხილონ მომდევნო დღის გეგმები, თუ სად წავლენ, რას ნახავენ და რას გააკეთებენ.