კორინა ჰოფმანის ამბავმა ერთ დროს მსოფლიო შეძრა. 1986 წელს შვეიცარიელი ქალბატონი საქმროსთან ერთად სამოგზაუროდ გაეშურა კენიაში, სადაც მასაის ტომის მეომარ ლკეტინგ ლეპარმორიას შეხვდა და შეუყვარდა.
საქმროს დაშორდა, გაყიდა საკუთარი მაღაზია შვეიცარიაში და მასაის ტომელებთან გადავიდა საცხოვრებლად. მალე წყვილმა იქორწინა. 1989 წელს კორინამ ქალიშვილიც გააჩინა, თუმცა კენიაში ცხოვრება მაინც გაუჭირდა...
27 წლამდე, სანამ კენიაში გაეშურებოდა, კორინას ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. უმაღლესი განათლება მიიღო, გახსნა საქორწინო სალონი, პირად ცხოვრებასაც იწყობდა - საქმრო ჰყავდა, მარკო, რომელზე გათხოვებასაც გეგმავდა...
თუმცა კენიაში მოგზაურობამ ყველაფერი შეცვალა. კორინა გააოცა იქაურმა უჩვეულო ცხოვრებამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ადგილობრივმა მეომარმა ლკეტინგუმ, გადაწყვიტა, ყველაფერი მიეტოვებინა, რაც აქამდე იყო მის ცხოვრებაში, მისი ცოლი გამხდარიყო და კენიაში დასახლებულიყო. თუმცა კენიელი მეომარი სულაც არ იყო ასეთი გაგიჟებული უცნობ თეთრ ქალზე. კი მოიყვანა ცოლად, თუმცა დიდი ვნებები და ემოციები არ ჰქონია...
კორინა თანდათან აცნობიერებდა, რამხელა უფსკრული იყო მათ შორის. ლკეტინგუ ფაქტობრივად ყველაფრით განსხვავდებოდა მისგან - კვებითი ჩვევებით, ქალისადმი დამოკიდებულებით, ინტიმური საკითხებისადმი დამოკიდებულებით, ტრადიციებით.
მაგალითად, მასაის ხალხი არ ჭამს იმას, რასაც ქალი შეეხება, ან თუნდაც შეხედავს. ყოფითი ცხოვრებაც სულაც არ აღმოჩნდა ასეთი წარმტაცი - ქოხი, სადაც ცხოვრობდა ქმართან ერთად, ნაკელით იყო გალესილი და ნაკელის სუნი იგრძნობოდა ყველგან. შვეიცარიული ყოფის მერე ეს მართლაც უფსკრული აღმოჩნდა. ტუალეტი - ბუჩქებში, ბანაობა - მდინარეში, ჭამა - ქმრის გარეშე, ოცნებაც კი არ შეიძლებოდა რომანტიკულ ვახშამზე, რადგან მასაის ტომის ქალები და კაცები ერთად არ მიირთმევენ. თუმცა კორინამ უკან არ დაიხია და მაინც მიაღწია იმას, რომ ოფიციალურად გაჰყვა ცოლად მეომარს. მასთან ერთად დაიწყო ცხოვრება ამ უჩვეულო პირობებში და ცდილობდა, ყველაფერს შეგუებოდა.
ბევრი განსაცდელი გამოიარა. მალარია გადაიტანა, ნახევრად შიმშილობდა, გაუგებარი იყო, რით იკვებებოდა, როგორ ბანაობდა ან როგორ დადიოდა საპირგარეშოში, თუმცა მაინც აგრძელებდა ცხოვრებას აფრიკულ უდაბნოში. ადაპტირებაც მოახერხა, პატარა მაღაზია გახსნა, სადაც პროდუქტებს ყიდდა, იყიდა პატარა მანქანა, გააჩინა შვილი... ქმარი კი ამ დროს არ მუშაობდა და თანაც, ადგილობრივ მამაკაცებს რთავდა ნებას, ცოლის მაღაზიიდან უფასოდ წამოეღოთ პროდუქტები.
3 წელიწადზე მეტი გაუძლო ასეთ ცხოვრებას კორინამ. ბოლო წვეთი იყო ქმრის ქცევა ქალიშვილის დაბადების შემდეგ - კაცი ცოლზე ეჭვიანობდა, ბრალს სდებდა, რომ სხვისგან გააჩინა ბავშვი და საბოლოოდ კორინამ ხელი მოკიდა პატარა ნაპირაის და მშობლიურ შვეიცარიაში დაბრუნდა.
შინ დაბრუნებულმა თავისი ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერა წიგნში, რომლის მიხედვითაც შემდეგ გადაიღეს ფილმი "თეთრი მასაი".
კორინა და მისი ქალიშვილი კვლავ შვეიცარიაში ცხოვრობენ. კორინას ქალიშვილი ახლა 35 წლისაა.
ნაპირაიმ 2011 წელს ინახულა მამა, რომელმაც კენიაში ახალი ოჯახი შექმნა. კორინამაც აიწყო წლების წინ პირადი ცხოვრება.
წყვილის ქალიშვილი კი ახლა საქორწილო სტილისტად მუშაობს, თავისი სალონი აქვს ციურიხში და მშვენივრად გამოიყურება.