სექტემბრის თვის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:
"სექტემბრის თვეში დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო რაიონებშიც, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. სანაპიროზე ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია, ტემპერატურამ +35 გრადუსამდე მოიმატოს. კოლხეთის დაბლობზე კი +38 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +19, +21 გრადუსის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მთიან რაიონებში ტემპერატურამ +34, +35 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +30 გრადუსამდე.
სანაპირო რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +21, +22 გრადუსამდე იქნება. ცალკეულ დღეებში +34, +35 გრადუსია მოსალოდნელი. სექტემბერი სანაპირო რაიონებისთვისაც უფრო მეტად თბილი და ნაკლებნალექიანი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში - შიდა ქართლშიც, ქვემო ქართლსა და კახეთში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +17, +19 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი +14, +16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია. თვის ცალკეულ დღეებში, ქვემო ქართლში შესაძლოა, ტემპერატურამ +36, +37 გრადუსამდე მოიმატოს. შიდა ქართლში +34, +35 გრადუსამდე, კახეთში კი +36, +37 გრადუსამდე. მთიან რაიონებში +34, +35 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +28, +29 გრადუსამდე.
ნალექები სექტემბერში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ნაკლები იქნება. შედარებით ნაკლებნალექიანი და მაღალი ტემპერატურით თვის პირველი დეკადა ხასიათდება. 10 სექტემბრის შემდეგ მთელ საქართველოში ამინდი შედარებით წვიმიანი, მესამე დეკადა კი უფრო მშრალი იქნება. პირველ დეკადასა და თვის ბოლოს ცალკეულ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. მაგალითად, 4-5 აგვისტოს მთელ საქართველოში უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ტემპერატურაც ცოტა დაიკლებს. შედეგ ისევ გამოიდარებს.
სექტემბერი, პროგნოზის მიხედვით, საკმაოდ თბილი გამოვიდა და ნალექებიც ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ნაკლები იქნება." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.
თამარ იაკობაშვილი