მარიანა ფრიდმან-ფუტის ყოველი დღე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში იწყება და მთავრდება, საძილე ტომარაში. სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული პარკ-ავენიუზე მდებარე 10 მილიონი დოლარის ღირებულების სახლიდან, რომელშიც გაიზარდა. 63 წლის მარიანა ერთ დროს მაღალი წრის წარმომადგენელი იყო, მანჰეტენზე გავლენიანი ბიზნესმენის მემკვიდრე და შვილიშვილი. მოსამსახურეები ჰყავდა, ბალეტზე და პრესტიჟულ კერძო სკოლაში დადიოდა. მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება დაღმა დაეშვა, ქონება და სიმდიდრე თვალსა და ხელს შუა გაუქრა, გადაიტანა დეპრესია, ნარკომანია, აგვისტოში კი უკანასკნელი საცხოვრებლიდანაც გამოაგდეს. ახლა ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში აღამებს და წარსულ დღეებს იხსენებს...
“გავიზარდე სახლში უშველებელი დარბაზით. მართლაც ხდება ცხოვრებაში ბევრი ნაგავი, არა?” – ამბობს მარიანა, რომელიც მეორე ქმართან ერთად პარკის ჩრდილოეთ ნაწილში დაბანაკდა – ნივთებს ნაგვის პაკეტებში ინახავენ და ძველისძველ მატრასებზე წვანან, საძილე ტომრებში გახვეულები.
მარიანა პარკ-ავენიუზე გაიზარდა, 370 კვადრატული მეტრის ფართის ულამაზეს სახლში. ახლა მისი ბინა 10 მილიონი დოლარი ღირს, თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ 3 მილიონ დოლარად მოუწია გაყიდვა. ფული დასთან ერთად დახარჯა.
გოგონები ცნობილი მეწარმის ისიდორა კაპლანის შვილიშვილები და მემკვიდრეები იყვნენ, თუმცა მარიანას ცხოვრება მეტისმეტად ცუდად წავიდა. იხსენებს, რომ დედასაც ხშირად ჰქონდა დეპრესია. ხანდახან გარდერობის ოთახში შეიკეტებოდა, ფეხებს მოიკეცავდა და იჯდა ასე გაშეშებული დიდხანს.
1971 წელს გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოზე ის გრძელთმიანი მოღიმარი გოგონაა. იმ დროს ცეკვაზე დადიოდა პრესტიჟულ სკოლაში და დიდ მომავალზე ფიქრობდა. თუმცა მომდევნო წელს ბაბუა გარდაეცვალა, რის შემდეგაც დედამ ოჯახური ბიზნესი გაყიდა. ამ პერიოდში მარიანაც წავიდა მშობლიური სახლიდან, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. ბოსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და მედდად დაიწყო მუშაობა. გათხოვდა კიდეც და წყვილს ქალიშვილი - ჟიზელი შეეძინა. მალევე მისი ქმარი, რომელიც დაზვერვის ფედერალური ბიუროს თანამშრომელი იყო, ნიუ-იორკში გადაიყვანეს სამუშაოდ და ოჯახი მარიანას მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა.
შინ დაბრუნებიდან მალევე, მარიანა ქმარს გაშორდა. მისი მეუღლე ფლორიდაში გადასახლდა და ერთადერთი ქალიშვილიც თან წაიყვანა. მაშინ ჟიზელი 3 წლის იყო და მას მერე დედას ის აღარ უნახავს...
"მახსოვს, რა ეცვა მაშინ, როცა წავიდა. ლურჯი ზედა და თეთრი კუბოკრული ქვედაბოლო. დღემდე ვხედავ მას, სულ... სკვერშიც ყველა ბავშვში მას ვხედავ..." - ამბობს მარიანა.
მისივე მონთხრობის თანახმად, ამ ამბების შემდეგ გაწყვიტა კავშირი დედასთან და დასთან, რომლებმაც მისი ქმრის მხარე დაიჭირეს და ამბობდნენ, რომ ჟიზელი მამას უნდა გაყოლოდა. მარიანას დეპრესია დაეწყო, 40 წლისა უკვე ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და თითქმის 6 წელი მეტადონს იღებდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან და მისმა დამ 3 მლნ დოლარის ღირებულების ქონება გაიყვეს და ფრიდმანი ამ პერიოდში შეხვდა ახლანდელ ქმარს - 59 წლის ფრენკს, მშენებელს. 2000 წელს მათ იქორწინეს და სახლი იყიდეს ლონგ-აილენდზე. თუმცა სახლიც დაკარგეს მალე და მთელი ქონებაც. "დედაჩემის ფულს გიჟებივით ვფლანგავდით', - იხსენებს მარიანა.
როცა ყველაფერი დაკარგეს, მეგობართან ცხოვრობდნენ, რომლებმაც ისინი ერთმანეთს გააცნო - დონა ელტინგერთან. ქალს ციროზი და ფილტვის კიბო ჰქონდა და წყვილი მას უვლიდა. როცა ელტინგერი გარდაიცვალა, მარიანა და მისი ქმარი გამოასახლეს და მას მერე ქუჩაში ცხოვრობენ. უფასო ადვოკატი ცდილობს მათ დახმარებას, რომ სადმე უპოვოს თავშესაფარი.