ანატოლი მოსკვინი ისტორიკოსი, პოლიგლოტი, ჟურნალისტი და ნეკროპოლისტი (სამარხებს სწავლობდა) იყო, საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა და მის შესახებ ცუდად არავინ საუბრობდა...ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც მას მსოფლიო გაიცნობდა, როგორც საფლავების მძარცველს და ცხედრების წამბილწველს...
კაცი 2011 წელს დააკავეს. ის საფლავების შეურაცხყოფაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა გამოძიებამ კიდევ არაერთი საშინელი დეტალი გაარკვია. ბინაში, სადაც მოსკვინი ცხოვრობდა, გამომძიებლებმა თოჯინებად ქცეული 26 მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს...
გამოძიებით დადგინდა, რომ მოსკვინმა ბავშვების ცხედრები საფლავებიდან ამოთხარა, სოდისა და მარილისგან შემდგარი სპეციალური ხსნარით გააშრო, სხეულში დოლბანდებს ათავსებდა, და თოჯინებად აქცია. მეტიც, თოჯინად ქცეულ ცხედრებს მამაკაცი ელაპარაკებოდა და მათთან ერთად ჩაისაც "სვამდა". 10 წლის განმავლობაში ის ფაქტობრივად, მუმიებთან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთს თავის ნაცვლად ფუმფულა სათამაშოს თავი ჰქონდა მიკერებული, თვალების ნაცვლად - ღილები. როცა საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს, მოგვიანებით თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ პოლიციელებიც კი ცუდად ხდებოდნენ და ზოგს გული მისდიოდა იმ სურათისგან, რაც დახვდათ. ოთახში ასევე საზარელი სუნი იდგა, გახრწნის, თუმცა მოსკვინის მშობლებმა, რომლებიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ და არასოდეს უეჭვიათ მათი შვილის უჩვეულო საქმიანობის შესახებ, სუნზეც თქვეს მოგვიანებით, რომ ვერაფერს საეჭვოს ვერ ამჩნევდნენ...
ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსკვინი პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული. თუმცა კვლევა არც იყო საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა...
ანატოლი მოსკვინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ძალიან თბილ და სანდო, მაგრამ საკმაოდ უცნაურ ადამიანად ახასიათებდნენ. ამიტომ, როდესაც ეს დაუჯერებელი ამბავი გაცხადდა, უმეტესობა გაოცებული იყო. მისი ზოგიერთი ახლობელი იმასაც ამბობდა, რომ კაცი ზედმეტი ინფორმაციისა და ცოდნისაგან გაგიჟდა.
როდესაც ამბის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო, მოსკვინზე მისმა ლექტორებმაც ისაუბრეს. ერთ-ერთი ლექტორის, ტატიანა მიხაილოვას თქმით, კაცი თავიდანვე უცნაური ქცევით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ანატოლი მოსკვინი სატანიზმით იყო დაინტერესებული და ამას არც ლექტორებთან მალავდა.
"მოსკვინს გოთურ ენაზე ციტირება უყვარდა და უარყოფითად ლაპარაკობდა იესოზე, მის მოწაფეებსა და ღვთისმშობელზე. ყოველთვის ეწეოდა სატანიზმის პროპაგანდას და კელტებით იყო დაინტერესებული. თვლიდა, რომ კელტური დრუიდების გარკვეული რიტუალები ლუციფერის გაცნობაში დაეხმარებოდა." - გაიხსენა მისმა ლექტორმა. მეტიც, როგორც მიხაილოვა ამბობს, მოსკვინმა სრულიად გიჟური და შეუსაბამო დისერტაცია დაწერა, რომელიც ლექტორებმა გადააკეთეს, რადგანაც იმ ფორმით ადმინისტრაციაში დისერტაციას ვერ მიიტანდნენ...
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანატოლი მოსკვინი, დედაქალაქში ყოფნისას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, სხვა "საგანმანათლებლო დაწესებულებაში" სწავლობდა, რომელიც თაყვანს ლუციფერს სცემდა. როგორც ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში, "გამოცდების" ჩაბარება აუცილებელი იყო, რისთვისაც მოსკვინი საგულდაგულოდ ემზადებოდა...
მიხაილოვა იხსენებს იმასაც, რომ მოსკვინი საფლავების გათხრის იდეით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო, რადგანაც მათი ისტორიის გაგება და ერთგვარი კვლევის ჩატარება უნდოდა. თუმცა, ეკლესიის ეზოებითა და ისტორიით დაინტერესება სხვაა, ცხედრების ამოთხრა და მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კი სხვა.
"მოსკვინს საათობით სწავლა შეეძლო და ლექსიკონების კითხვა უყვარდა. ყველაფრის მიმართ უცნაური, დაჟინებული დამოკიდებულება ჰქონდა. ირლანდიაში, სადაც სასწავლებლად იყო, ნაგვის ურნებიდან გაზეთების ნაგლეჯები ამოიღო და განაცხადა, რომ სჭირდებოდა. მას საკუთარი ინტერესები და ხედვები ჰქონდა. ჩემი აზრით, საფლავების ძარცვა და გვამების შეურაცხყოფა სატანიზმთანაა დაკავშირებული." - ამბობს ყოფილი ლექტორი.
თუმცა მეორე ვერსიით, მოსკვინს ძალიან უნდოდა, ჰყოლოდა შვილი და ყველა სოციალურმა სამსახურმა უარით გამოისტუმრა. მისი მონათხრობის თანახმად, ერთ დღესაც საფლავზე დასეირნობდა და ბავშვის საფლავი დაინახა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ რაკი შვილს არ აძლევდნენ, თავად მოეპოვებინა ის. ასე დაიწყო საფლავების თხრა და ასე დაგროვდა მის საიდუმლო ოთახში 26 მუმია. მისაღები ოთახი კი, სადაც მისი მშობლებიც შედიოდნენ, ჩვეულებრივი, ფაიფურის თოჯინებით ჰქონდა სავსე.
მოგვიანებით ეს ვერსია მშობლებმაც დაადასტურეს. ისინი ინტელიგენტები იყვნენ, ყოფილი პედაგოგები და მათთვის საზარელი დარტყმა იყო ეს ამბავი. ფაქტის გახმაურების შემდეგ დასახლებაში მათთან აღარავინ კონტაქტობდა, რამდენჯერმე ფანჯრის მინებიც ჩაუმსხვრიეს და ყველასთვის მიუღებელ ადამიანებად იქცნენ.
თავად ანატოლი მოსკვინი დღემდე ციხეშია და პარალელურად, სავალდებულო ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის.