ბავშვობაში ჭარბი წონა და ცუდი ფიზიკური მომზადება ათწლეულების შემდეგ დემენციის რისკს ზრდის. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მკვლევარები, რომელთა სტატია ჟურნალში Science and Medicine in Sport გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 1985 წელს 7-დან 15 წლამდე ასაკის 1244 ბავშვი შეარჩიეს და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ. კონკრეტულად კი 2017-2019 წლამდე, როდესაც ეს ადამიანები 39-50 წლისანი გახდნენ. კვლევის დასაწყისში ბავშვებსა და მოზარდებს ფიზიკური მომზადების შესამოწმებლად ტესტირება ჩაუტარდათ (კარდიორესპირატორული გამძლეობა, კუნთების ძალა და გამძლეობა).
გარდა ამისა, მკვლევარებმა მათი ანთროპომეტრიული მონაცემები შეაგროვეს (შეფარდება წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობას შორის; რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ბავშვის ან მოზარდის სიმსუქნის ალბათობა).
სამი ათწლეულის შემდეგ მონაწილეებს კოგნიტურ ფუნქციებზე ჩაუტარეს ტესტირება: მეხსიერება, ყურადღება, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე, აზროვნება.
აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებმა, რომლებსაც ბავშვობაში ფიზიკური მომზადების საუკეთესო დონე ჰქონდათ და ყველაზე დაბალი თანაფარდობა წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობას შორის, ყველაზე მაღალი ქულა მიიღეს ინტელექტის ტესტებში.
და იმის გამო, რომ კოგნიტური დაქვეითება შუახნის ასაკიდან იწყება, რაც უფრო დაბალია ტესტის ქულები, მით უფრო მაღალია მოგვიანებით ასაკში დემენციის განვითარების რისკი - აღნიშნავენ მკვლევარები.
"მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ დემენციის პრევენცია ბავშვობიდან უნდა დაიწყოს" - ამბობენ მეცნიერები.