2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და წლევანდელი აბიტურიენტები 2025 წლის გამოცდებისათვის მომზადებას აქტიურად იწყებენ. ამ სტატიაში შედეგებს შევაჯამებთ და იმ ძირითად განსხვავებებსაც განვიხილავთ, რაც გასული წლის გამოცდებთან შედარებით გამოიკვეთა:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრაცია 47 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე45 000-ზე მეტიაბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.2022 წელს კი 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკა მზარდია.
თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ წელს გამოცდებში მონაწილეობა, თავიანთი შესაძლებლობების შესამოწმებლად, სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. ზუსტი სტატისტიკა, გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენ პროცენტს შეადგენდნენ, პირობითად, მე-11 კლასელები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ის ადამიანები, რომლებსაც ატესტატი არ აქვთ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფლებას ვერ მოიპოვებენ.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არჩევით საგნად ყველაზე მეტმა - 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორია აირჩია. მეორე ადგილზე კი მათემატიკაა. მათემატიკას უპირატესობა 17 000-მდე აბიტურიენტმა მიანიჭა. თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, წელს ისტორია უფრო ნაკლებმა ბავშვმა აირჩია, მათემატიკა კი უფრო მეტმა. კერძოდ, ისტორია 2023 წელს 22 200-მდე აბიტურიენტმა, მათემატიკა კი 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა,რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით80%-ს შეადგენს.2023 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94.05% გავიდა. მათგან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 82.32%-მა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა აბიტურიენტთა რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. კერძოდ, 60 ქულის მიღება 84-მა აბიტურიენტმა შეძლო. 2023 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 74-მააბიტურიენტმა მიიღო. 2022 წელს კი - 64-მა.
2024 წელს მაქსიმალური ქულის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ინგლისურ ენაშიც. მაქსიმალური - 70 ქულის მიღება 1105-მა აბიტურიენტმა შეძლო. 2023 წელს მაქსიმალური შეფასება 648 აბიტურიენტმა მიიღო. 2022 წელს კი 196-მა აბიტურიენტმა.
შარშანდელთან შედარებით, მათემატიკაში მაქსიმალური შეფასების მქონე აბიტურიენტების რაოდენობამ მოიკლო. წელს 51 ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო. 2023 წელს კი 43-მა.
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიაშიc მაქსიმალური ქულა აბიტურიენტთა რეკორდულმა რაოდენობამ დააფიქსირა. წელს ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულა 32-მა აბიტურიენტმა მიიღო. გასულ წელს მაქსიმალური ქულის მიღება 8 აბიტურიენტმა შეძლო, 2022 წელს 7-მა, 2021 წელს კი 5-მა.
შედარებისთვის, 2023წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე წლების მიხედვით, შედეგების არქივია გამოყოფილი და მონაცემებს უფრო ვრცლად შეგიძლიათ, მათ საიტზე გაეცნოთ. ასევე, აღნიშნული მონაცემების შესახებ, უფრო ვრცლად შეგიძლიათ, ჩვენს სტატიებშიც ნახოთ ინფორმაცია, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთიანი ეროვნული გამოცდების თემაზე მუშაობისას დავწერეთ.