ბრიუს უილისის ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რომ მსახიობი უცხო პირებმა არ შეაწუხონ. იმ მომენტიდან, რაც ავად გახდა, ახლობლებს ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ იგი მარტო და ცდილობენ ყოველთვის მის გვერდით იყვნენ. დაავადება სწრაფად პროგრესირებს და განკურნების იმედი არ არსებობს. მართალია, მსახიობის გარე სამყაროსთან კონტაქტი სუსტდება, სამაგიეროდ მისი ოჯახის ერთულება დღითიდღე ძლიერდება.
ახლა ბრიუს უილისი ყოველ დღეს სახლში შვილების, შვილიშვილის, საყვარელი ცოლის, ემა ჰემინგის და ყოფილი ცოლის, დემი მურის გვერდით ატარებს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დემი ცდილობს ყოფილი მეუღლის სახლში ხშირი სტუმარი იყოს და საყვარელ ადამიანზე ზრუნვაში ძალისხმევას არ იშურებს.
ხანდახან, ცნობილი ოჯახი სასეირნოდ გადის, რაც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩებათ პაპარაცებს.
ამიტომ ბოლო დროს გავრცელებული კადრებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ინტერნეტში ახლები გამოჩნდა. ლოს-ანჯელესში დემენციით დაავადებული ბრიუს უილისი გადაიღეს. ბრიუსი მძღოლთან ერთად მანქანის წინა სამგზავრო სავარძელზე იჯდა. ბოლო დროს მის გვერდით ყოველთვის ცოლი იყო, მაგრამ ემა, როგორც ჩანს, შვილებითაა დაკავებული და ერთ-ერთ თანაშემწეს დაავალა ბრიუსი ქალაქში წაეყვანა. ოჯახის თქმით, ყოველთვის არ აქვს საშუალება, ყოველ წუთს პირადად ახლდნენ მსახიობს.
უილისს თეთრი მაისური ეცვა და ღია ფანჯარასთან იჯდა მშვიდად - თვალები დახუჭული ჰქონდა და სახეზე ოდნავ ღიმილი ეფინებოდა, აშკარად ტკბებოდა მომენტით.
თუმცა, ექიმების პროგნოზები გულდასაწყვეტად ჟღერს. მსახიობს პრაქტიკულად არ ახსოვს ბევრი მეგობარ-ნაცნობი და დემი მურსაც ძირითადად ვერ ცნობს. ოჯახი არ მალავს, რომ ეს სიტუაცია მათ გულს ტკენს, მაგრამ ცდილობენ არ დანებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერენ როგორც ახლო ადამიანები, ასევე თაყვანისმცემლები, ზოგჯერ მაინც გრძნობენ უმწეობას. თუმცა ემა ჰემინგი ამბობს, რომ "კერკეტი კაკლის" ცხოვრებაში ადგილი არა მხოლოდ მწუხარებისთვის, არამედ "სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სიხარულისთვისაც" რჩება.