16 სექტემბერს 13 წლის ვალერია და მისი თანაკლასელი მარია, ჩვეულებისამებრ მიუსხდნენ მერხებს. ჩელიაბინსკის 68-ე სკოლაში სწავლა ზუსტ დროს დაიწყო და პირველი გაკვეთილის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა...
საკლასო ოთახში დაგვიანებით შემოვიდა 13 წლის რომანი. მას როგორც კი შეხედა ბიოლოგიის მასწავლებელმა, მიხვდა, რომ ბავშვს უბრალოდ არ დაუგვიანია. ხელში ჩაქუჩი და დანა ეჭირა, ზურგჩანთიდან პისტოლეტი მოჩანდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, სათამაშო იყო. პედაგოგი ადგილს მაშინვე მოწყდა და ბავშვს მივარდა, მაგრამ ის უფრო სწრაფი აღმოჩნდა. პირველივე მერხისკენ გაიქცა, სადაც ვალერია და მარია ისხდნენ, და ბავშვების ჩაქუჩით ცემა დაიწყო... მასწავლებელმაც მრავლობითი დაზიანება მიიღო, ასევე თითების მოტეხილობა, ბავშვის განეიტრალების მცდელობისას, და ასევე კიდევ ერთი მოსწავლეა დაზარალებული, რომელიც ჩარევას ეცადა. თუმცა ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, გოგონები დაზარალდნენ...
როგორც კი გავეშებული ბავშვი გოგონებს მოცილდა და ოთახიდან გავარდა, მასწავლებელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და სკოლის მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს, უმძიმესი ტრავმებით. მედიკოსები ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ, იმდენად სერიოზულად იყო საქმე. ყველაზე მეტი დაზიანება ვალერიას აღმოაჩნდა, რომელსაც თანაკლასელმა თავზე მიაყენა ჩაქუჩით მრავლობითი დარტყმა.
გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ქალა-ტვინის სერიოზული ტრავმის გამო მას ოპერაცია გაუკეთეს და მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს. ახლა ორივე გოგონა აპარატზეა შეერთებული და მათი მოსკოვში გადაყვანა იგეგმება.
კლინიკაში რჩებიან ასევე გოგონების თანაკლასელი ანდრეი და პედაგოგი, რომლის ჩარევის წყალობითაც გადარჩნენ ბავშვები ცოცხლები.
რომანი დააპატიმრეს. ბიჭს ექსპერტიზას ჩაუტარებენ და გაარკვევენ მის ფსიქიკურ მდგომარეობას. როგორც დადგინდა, მას წინასწარ ჰქონდა თავდასხმის გეგმა შემუშავებული. სცენარის მიხედვით, რომელიც სუიციდალური თამაშის - სასიკვდილო ქვესტის ნაწილი იყო, ის უნდა გასწორებოდა თანაკლასელებს, რამდენსაც მოასწრებდა, მერე კი სკოლის საპირფარეშოში თავად უნდა გამოსალმებოდა სიცოცხლეს. თუმცა გეგმის სრულად განხორციელება, საბედნიეროდ, ვერ შეძლო.
თამაში იყო თავდასხმის საბაბი თუ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობდა, გამოძიება არკვევს. როგორც ძიებისას დადგინდა, გაცნობის საიტებზე რომანი მეგობრებს ეძებდა. წერდა: "ვეძებ მეგობარს. ძალიან კეთილი ვარ!" მეგობრებს ეძებდა თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს, დაახლოებით თავის ტოლებს და სასურველი იყო, ველოსიპედის ტარება ყვარებოდათ.
სავარაუდო მიზეზებს შორის სახელდება შურისძიება. ამბობენ, თითქოს ერთ-ერთი დაზარალებული გოგონა რამდენიმე დღით ადრე გაეხუმრა რომანს. პარასკევს რომანი ვალერიას წაეჩხუბა, რომელსაც სკოლაში სქვიში და ჟელეთი სავსე შპრიცი მიუტანია (ესეც ინტერნეტის გავრცელებული ტრენდის თანახმად: ბავშვებს კრემი ან ჟელე შეჰყავთ ანტისტრეს სათამაშოში და მას აჭერენ ხელს). როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხელის მოჭერისას ვალერიამ შემთხვევით რომანს შეასხა ეს ჟელე, თუმცა იქვე მოუხადა ბოდიში. საპასუხოდ რომანს შეუგინებია და კლასში ყველას გასცინებია. თუმცა როგორც ჩანს, ეს უბალო ხუმრობა ბიჭისთვის დამატებითი ბიძგი აღმოჩნდა გეგმის განსახორციელებლად...