17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ კონკრეტულად რას ცვლის და რა ზოგადად, რა წერია კანონში.
კანონის მიზნებში ვკითხულობთ:
"ამ კანონის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება." მკაცრადაა განსაზღვრა, ვინ არის "მამაკაცი" და ვინ - "ქალი" და რომ ბიოლოგიური სქესი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესია.
კანონის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.
ასევე, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
კანონი იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებენ ან ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ და ჰეტეროსექსუალები არ არიან, არასრულწლოვნის შვილად აყვანას უკრძალავს. ისინი ვერც მინდობითი აღზრდის პროცესში ჩაერთვებიან.
ამავე კანონის მიხედვით, ადამიანებს საქართველოში სქესის შეცვლა და ამ მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ეკრძალებათ.
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია
საქართველოს მოქალაქეებს პირადობისა და ბინადრობის მოწმობაში კი თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება ეკრძალებათ.
კანონის მიხედვით, დაუშვებელია როგორც სკოლებსა და ბაღებში, ისე კოლეჯებში, პროფესიულ სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში ისეთი ინფორმაციის ან საგანმანათლებლო პროგრამის შეტანა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
კანონი ინფორმაციის გავრცელების კუთხით იმავე აკრძალვას უწესებს მაუწყებლებსაც. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება არ მოხდეს.
იკრძალება ისეთი რეკლამის განთავსებაც, რომელიც ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენაა მიმართული.
ამავე კანონის მიხედვით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება.
კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ანუ 2 თვის შემდეგ ამოქმედდება.