2024-2025 სასწავლო წელს ბევრი საჯარო სკოლა კვლავ არაერთი პრობლემით შეხვდა. დანგრეული შენობები, რეაბილიტაციის დაუსრულებელი პროცესი, სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გეგმის არარსებობა, მასწავლებელთა ხელფასების მატების არასამართლიანი სქემა და დემოტივაცია მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევების, რომლებზეც ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი გვესაუბრება. ორგანიზაციის აქტიური მუშაობისა და მშობლებთან კომუნიკაციის შედეგად, მეგი აღნიშნავს იმ მთავარ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს აღელვებთ:
- სკოლებში ახალი სასწავლო წელი ძველი პრობლემებით დაიწყო. რამდენიმე მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოვიაზრებ. ძალიან ბევრი სკოლა დაანგრიეს და ხშირად, მათი მშენებლობა წლობით ჭიანურდება. პროექტები გაჩერებულია და, სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის მოტანა არ შემიძლია იმიტომ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონაცემებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ვითარება ძალიან მძიმეა. არა მხოლოდ იმ სკოლებისათვის, სადაც მშენებლობა-რემონტი გაჭიანურდა ან საერთოდაც არ დაწყებულა, არამედ იმ სკოლებშიც, სადაც აღნიშნული სკოლებია "შესახლებული“. სწავლება 2-3 ცვლაში მიმდინარეობს. იქ ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება ძალიან რთულია.
განათლების სისტემას ეს პროცესი იმდენად დაქსაქსული აქვს, რომ კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. ზოგ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ მონაცემები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს გამოვართვათ, ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ არ გვაძლევენ იმ ინფორმაციას, რაც სამინისტროშია დაცული. საერთო ჯამში, მასშტაბი ძალიან დიდია. ეს მხოლოდ თბილისის სკოლების პრობლემა არ არის. მაგალითად, პანკისში , ქუთაისში, ტყიბულსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი გამოწვევებია და მშობლები ძალიან ღელავენ. უმეტეს შემთხვევაში, მშენებლობის ან რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულიც კი არ არის. მშობლები ხომ სკოლების სიახლოვეს ცხოვრობენ. ისინი ხედავენ, რომ არაფერი კეთდება... 5 წლის განმავლობაში რომ საძირკველიც არაა გათხრილი, ამას სკოლის მშენებლობა არ ჰქვია.
არც მასწავლებლებისთვისაა შესაბამისი სამუშაო პირობები. გაკვეთილების ხანგრძლივობაც შემცირდა და 35-40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ჰიგიენის დაცვის პრობლემაც დგას. ერთ საკლასო ოთახში ზოგჯერ დღის განმავლობაში 60 ბავშვი მოძრაობს და ოთახის სველი წესით დალაგება სრულიად შეუძლებელია. ამისთვის არც დროა საკმარისი, არც საჭირო რაოდენობის დამლაგებელი გვყავს. სველი წესით სკოლები, ხშირ შემთხვევაში, კვირაში ერთხელ სუფთავდება. არადა იქ, სადაც 2-3 ცვლაში სწავლობენ, ერთ საკლასო ოთახში, როგორც გითხარით, დღის განმავლობაში 60 ბავშვი იყრის თავს. საკლასო ოთახების საფუძვლიანად დასუფთავება კი მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სასკოლო კვებაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, კონკრეტული ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია სამინისტროს პრობლემის მოგვარება, არ გვაქვს.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც, ის პრობლემები, რომლებიც აქამდე არსებობდა, ისევ აქტუალურია. მაგალითად, მშობლებთან თანამშრომლობის დემოკრატიული სისტემა ჯერ კიდევ ფიქტიურად გვაქვს და ამის გადააზრება არ მომხდარა. რას ნიშნავს მშობლებთან თანამშრომლობა და ზოგადად, როგორ უნდა ითანამშრომლონ სკოლებმა თავიანთი მოსწავლეების წარმომადგენლებთან, ჯერ კიდევ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი წესებია.
ასევე, დამრიგებლის ფუნქციებიც უნდა გაიზარდოს და მასწავლებლებმა შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. ამ მიმართულებითაც არაფერი შეცვლილა. კლასის დამრიგებლებს კვლავ მიზერული ხელფასი აქვთ...
წელს მასწავლებლები კიდევ უფრო დემოტივირებულები არიან. ისინი თვეების განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ სახელმწიფო ხელფასებს მოუმატებდა. თუმცა, პედაგოგების ყველაზე აქტიურ ნაწილს ხელფასები არ მოუმატეს. პირიქით, დააკლეს.ბევრი მასწავლებელი პროტესტს ღიად გამოხატავს. ისინი ადამიანები არიან და ცხადია, მათი დემოტივაცია საგაკვეთილო პროცესზეც აისახება. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის და მათი ხარისხიანი განათლებისთვის საზიანოა.
შარშან, ოქტომბერში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შევხვდით. მაშინ რამდენიმე ძირითადი პრობლემა წარვადგინეთ, გამოწვევების ნუსხა გადავეცით და ვთხოვეთ, მოგვარების გზებზე გვესაუბრა. მინისტრი ძალიან კეთილგანწყობილად შეგვხვდა და გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნებოდა. თუმცა, მას შემდეგ კომუნიკაცია აღარ გვქონია. იმ პრობლემების 99.9%, რაც დავასახელეთ, დღემდე მოუგვარებელია. ერთადერთი, რაც საკანონმდებლო დონეზე გამოსწორდა, სკოლებში მავნე საკვებით ვაჭრობა აიკრძალა. თუმცა, შედეგად, ბევრ სკოლაში ბუფეტი საერთოდ დაიხურა და ახლა ამ მიმართულებითაა გამოწვევა.
სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, სამინისტროსაგან კონკრეტული გეგმა არ მიგვიღია და, რეალურად, აღარც ველოდებით. უკვე გასაგებია, რომ ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ იგეგმება. ასევე, მინისტრმა შარშან, ოქტომბერში, გვითხრა, რომ 2 თვეში გეგმას გადმოგვცემდა, სადაც აღინიშნებოდა, რომელი სკოლა რა ვადებში გაივლიდა რეაბილიტაციას, რომ მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის პროცესი ცხადი ყოფილიყო. არც ეს გეგმა გამოუგზავნიათ. მაშინაც ვისაუბრეთ და დღემდე აქტიურად განვიხილავთ, რომ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესების რეგულარული მონიტორინგის სისტემა ამოქმედდეს. როგორი გაკვეთილი ტარდება დახურულ კარს მიღმა, ამას, რეალურად, არავინ ამოწმებს.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განსახილველად, მშობელთა ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი მშობლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. ღონისძიებას ერქვა: ,,პოლიტიკოსები უსმენენ მშობლებს.“ იმედი გვქონდა, რომ სახელისუფლებო პარტია მშობლების მოსასმენად, იმ პრობლემების განსახილველად, რაც ბავშვებს სკოლაში აწუხებთ, აქ მაინც მოვიდოდა. მაგრამ, მხოლოდ ოპოზიციური პარტიები შეგვხვდნენ და სახელისუფლებო პარტია არ მოვიდა. მათ განაცხადეს, რომ დისკუსიაზე უარს ამბობდნენ. თუმცა, დისკუსია არც გვქონია. ხომ არ შეიძლება, იმაზე ვიკამათოთ, სკოლაში საპირფარეშო სუფთა უნდა იყოს თუ ჭუჭყიანი?! უბრალოდ, ჩვენ არსებული პრობლემების შესახებ კიდევ ერთხელ გავახმოვანეთ იმ ადამიანებთან, ვისაც ამის მოგვარების ამბიცია უნდა ჰქონდეს. პოლიტიკოსებს ჩვენი მოლოდინები გავაცანით და იმედი გამოვხატეთ, რომ ისინი ამ თემებზე მუშაობით დაკავდებიან. რა თქმა უნდა, საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ, რადგან შეუძლებელია, ბავშვები ამ გამოწვევების პირისპირ მივატოვოთ.
თამარ იაკობაშვილი