შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცნობილი ადამიანების შვილებს ყველაფერი აქვთ, არაფერი აკლიათ და შეუძლიათ, რაც მოესურვებათ, ის მიიღონ. იქნება ეს ბრენდული სამოსი, ძვირად ღირებული გაჯეტები, მდიდრული ნივთები თუ სხვა. თუმცა, ყველა ვარსკვლავი საკუთარ შვილს არ აძლევს უფლებას, ფუფუნებით ისარგებლოს და საკმაოდ მკაცრ წესებსაც აწესებს:
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წყვილმა - დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ შვილების ყველა სურვილს დააკმაყოფილებენ და აბსოლუტურად ყველაფერს შეუსრულებენ, ეს კარგს არაფერს მოიტანს. წყვილმა აღნიშნა, რომ ყველა შვილს სიმკაცრით ზრდიდნენ. მათი წესების მიხედვით, ყველა ბავშვს არა უგვიანეს საღამოს 10 საათისა უნდა დაეძინა და დილის 7 საათზე გაეღვიძა. თითოეულ მათგანს საკუთარი საწოლი აუცილებლად უნდა გაესწორებინა, ოთახი დაესუფთავებინა და ჭურჭელი დაერეცხა. როგორც დევიდი და ვიქტორია ამბობენ, ამ წესებს ძალიან მკაცრად იცავდნენ და არანაირ დათმობას არ ითვალისწინებდნენ.
ასევე, როგორც ცნობილია, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები თავიანთ შვილებს "ჯიბის ფულს" ისე, დაუმსახურებლად არ აძლევდნენ. ბრუკლინს, რომეოს, კრუზსა და ოჯახის ფავორიტ ჰარპერსაც კი უწევთ, ფულის მისაღებად გარკვეული სამუშაოები გასწიონ. ეს შეიძლება კარგი სწავლა, სპორტული მიღწევები, რაიმეში თავის გამოჩენა იყოს.
დევიდ ბექჰემმა ისიც თქვა, რომ როდესაც ბრუკლინი 16 წლის იყო, ფრანგულ კაფეში სამუშაოდ მიიყვანა და შაბათ-კვირას იქ ატარებდა, ფულს კი დამოუკიდებლად გამოიმუშავებდა.
მაგრამ, ეს ყველფერი არ არის, ბექჰემების ოჯახს სპეციალური "დასჯის სკამი" ჰქონდა. კერძოდ, თუ ბავშვი ცუდად მოიქცეოდა, ის სკამზე უნდა დამჯდარიყო და საკუთარ დანაშაულზე ეფიქრა. ვიქტორია ბექჰემი ამბობს, რომ ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს და ამ გზით ბავშვები თავიანთი დანაშაულის გააზრებასა და ქცევაზე ფიქრს ახერხებდნენ.
როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი სიღარიბეში იზრდებოდა და მის ოჯახს ცუდი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. ამიტომ, ვარსკვლავმა შრომის ფასი შესანიშნავად იცის. მომღერალს ტყუპი გოგონა და ვაჟი - ემელინი და მაქსიმილიანე ჰყავს. 16 წლის მოზარდებს ის ფიზიკურად არ ამუშავებს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ბავშვებს ყოველთვის ახსენებს, რომ შრომის გარეშე არაფერი მიიღწევა.
როდესაც ჯენიფერის შვილები შედარებით პატარები იყვნენ, ის ბავშვებს გაჯეტების გამოყენებას უკრძალავდა. მათ თავიანთი განრიგი ჰქონდათ და ცოტათი სიზარმაცის უფლება მხოლოდ შაბათ-კვირას ჰქონდათ. მაგალითად, შაბათს შედარებით გვიან დაძინება, კვირას კი შედარებით გვიან ადგომა შეეძლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერი ძალიან დაკავებულია, სხვადასხვა ინტერვიუში ყოველთვის აღნიშნავს, რომ ცდილობს, კარგი დედა იყოს და ბავშვებს სათანადო ყურადღება დაუთმოს.
"არც ერთ მშობელს შეუძლია, ყველაფერი სწორად გააკეთოს. მე უბრალოდ ძალიან მოსიყვარულე დედა ვარ, რომელსაც უნდა, მისმა შვილებმა, კარგისა და ცუდის გარჩევა ისწავლონ. მინდა მათ კარგი მაგალითი მივცე. ძალიან ბევრს ვმუშაობ და მსურს, ისინი ამას ხედავდნენ." - თქვა ერთხელ ლოპესმა.
ჯულია რობერტსსა და მის მეუღლეს - დენიელ მოდერს 3 შვილ ჰყავთ. ისინი შვილების პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდებიან, ამიტომ საჯაროდ მათზე ბევრს არაფერს საუბრობენ. მაგრამ, როგორც ცნობილია, ოსკაროსანი მსახიობი ბავშვებს მკაცრად ზრდიდა და არ სურდა, მათ სხვადასხვა პრივილეგიით ესარგებლათ.
მაგალითად, ჯულია შვილების კვებას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და ტკბილეულისა და არაჯანსაღი საკვების მიღების უფლებას არ აძლევდა. რობერტსი დათმობაზე მხოლოდ დღესასწაულებზე მიდიოდა.
გარდა ამისა, ვარსკვლავი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა, რას უყურებდნენ მისი შვილები. ასევე, სოციალური ქსელების გამოყენებასაც უკრძალავდა და სურდა, რაც შეიძლება, მეტი ცოცხალი ურთიერთობა ჰქონოდათ.
"შეზღუდვები, რა თქმა უნდა, დროებითია. ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან და შესაძლოა, მათზე სოცილურმა მედიამ ცუდი ზეგავლენა მოახდინოს." - თქვა რამდენიმე წლის წინ ჯულია რობერტსმა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი არასოდეს მალავს, რომ ქალიშვილების მიმართ ზოგჯერ ძალიან მკაცრია. მსახიობი აღნიშნავს, რომ შვილებს სოციალური ქსელების გამოყენებას მაქსიმალურად უზღუდავდა და არც თავიანთი პროფილის გაკეთების უფლებას აძლევდა. ასევე, გაჯეტების გამოყენების დროც მკაცრად იყო შეზღუდული.
გარდა ამისა, მსახიობი შვილებს მოუწოდებს, რომ რელიგიური ადამიანები იყვნენ:
"კიტს ამის შესახებ თავისი შეხედულება აქვს. მაგრამ, მე კათოლიკე ბებია მყავდა და ისე გავიზარდე, რომ რელიგიამ ჩემს შეხედულებებსა და ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. მშობლებს უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება, ბავშვებს რაიმე ვაიძულოთ, მაგრამ ვისურვებდი, რომ მათთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყოს." - ამბობს ნიკოლ კიდმანი.
ქეით უინსლეტი 3 შვილის დედაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი უფროსი შვილები უკვე ზრდასრულები არიან და დამოუკიდებლად ცხოვრებაც შეუძლიათ, დედის სიტყვებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ქეითმა, ისევე, როგორც სხვა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, შესანიშნავად იცის, რამდენად დიდი გავლენა აქვს სოციალური მედიიდან წამოსულ სიძულვილსა და ნეგატიურ კომენტარებს. ამიტომაც, თავის შვილებს პირადი გვერდის გაკეთების უფლებას არ აძლევდა. უინსლეტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შვილებს დასვენებისა და განტვირთვის ბევრად საინტერესო გზებს სთავაზობდა და გაჯეტების გამოყენებას მაქსიმალურად უზღუდავდა.
ქეითი ტელევიზორის ყურებაზეც მკაცრ წესებს აწესებდა და თუ რომელიმე შვილი დროს დაარღვევდა, სასჯელის ფორმით - დესერტზე უარის თქმა მოუწევდა ან მეგობართან გასეირნებას ვეღარ შეძლებდა.
მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ორი შვილი მშობლები არიან. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვები დღესასწაულებზეც კი საჩუქრებს არ იღებენ. მილა კუნისი ამბობს, რომ ისინი საჩუქრების ღირებულებას ჯერ ვერ ხვდებიან, ამიტომაც შეუძლიათ, სითბო, თავგადასავლები, დროის ერთად გატარება აჩუქონ. ამავდროულად, მილა და ეშტონი შვილებს სიკეთის გაკეთებას ასწავლიან და სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში რთავენ.
ვარსკვლავები თვლიან, რომ ბავშვებმა თავიანთი ჯიბის ფული თავად უნდა გამოიმუშაონ და ბევრი იშრომონ. გარდა ამისა, მათ შვილები წითელ ხალიჩასა და სოციალურ ღონისძიებებზე არ მიჰყავთ და პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდებიან.
ცნობილია ისიც, რომ მილა და ეშტონი საკუთარი შვილებისათვის მემკვიდრეობის დატოვებას არ გეგმავენ და უნდათ, თავიანთი ცხოვრება და მომავალი თავად შექმნან.
ჯესიკა ალბამ ერთ-ერთ ინტერვიუში საკმაოდ თამამად და ხმამაღლა თქვა, რომ როდესაც მისი შვილები ცუდად იქცეოდნენ, კუთხეში აყენებდა... მსახიობი თვლის, რომ ბავშვებს ყველაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეთ და საკმაოდ მკაცრს წესებსაც აწესებს. თუნდაც ეს პროტესტს იწვევდეს...
ასევე გამორჩეულია აღზრდის მკაცრი წესებით ცნობილი მოდელი ირინა შეიკი. მოდელი ირინა შეიკი (ნამდვილი გვარი შეიხლისლამოვა), რომელიც რუსეთის პროვინციაშია დაბადებული და საკმაოდ რთული ბავშვობა აქვს გავლილი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია თავის სფეროში და წლებია არ კარგავს ადგილს მსოფლიოს ულამაზეს ქალთა რეიტინგებში. ხუთი წელია, დედის სტატუსსაც ატარებს - პატარა ლეა მსახიობ ბრედლი კუპერთან ქორწინებაში გაჩნდა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მეგობრულად ზრდიან შვილს და კარგი ურთიერთობა აქვთ.
ძიძის მომსახურებაზე ირინამ თავიდანვე უარი თქვა. მთელ თავისუფალ დროს ბავშვთან ატარებს და როცა არც მას სცალია და არც ბავშვის მამას, მაშინ ირინას დედა ეხმარება, რომელიც ხშირად სტუმრობს ქალიშვილს. ირინას დას კი წლებია მეუღლე და შვილები ჰყავს და მშობლიურ ჩელიაბინსკში ცხოვრობს.
ირინა ამბობს, რომ ასეთ წარმატებაზე ვერასოდეს იოცნებებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია და მისი ჰონორარები ასობით ათას დოლარს აღწევს, ზემდეტად ხარჯვა და ფუფუნება არ უყვარს.იმავე პრინციპს იზიარებს შვილთან მიმართებაში. მის გოგონას აქვს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არავითარი ფუფუნება და ზედმეტი ნივთები.
თუმცა ეს ერთადერთი შეზღუდვა არ არის, რასაც ის გოგონას უწესებს. ამბობს, რომ მკაცრი დედაა და გარდა ამისა, სურს მისი შვილი მოწესრიგებული და კარგი ადამიანი გაიზარდოს, ამიტომაც თავისი მეთოდებით ზრდის, რომლებიც დიდწილად იგივეა, როგორც მას თვითონ ზრდიდნენ. რა თქმა უნდა, აღზრდის მეთოდები ბავშვის მამასთანაც "შეათანხმა", რომელიც აქტიურად არის ჩართული ლეას გაზრდაში და ბრედლიმაც მოიწონა ეს სისტემა.
ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა, რომ მისმა შვილმა გააცნობიეროს, ის არის, რომ დიდი შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ირინასგან განსხვავებით, ლეა კომფორტულ და მდიდრულ გარემოში ცხოვრობს, შეზღუდვები მისთვისაც საჭიროა. ირინა ხშირად უყვება ლეას ამბებს თავის გაჭირვებულ ბავშვობაზე და ლეამ იცის, რომ დედამისს წელიწადში ორჯერ ჰქონდა მხოლოდ კანფეტები: ახალ წელს და დაბადების დღეზე. სათამაშოებიც არ ჰქონდა ბევრი და ერთი ცისფერთვალა თოჯინა იყო მისი მეგობარი, რომლისთვისაც ირინას ბებია ახალ-ახალ კაბებს თავად კერავდა.