ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი ბაღს მარტივად შეეგუოს და არ დაისტრესოს:
- შესაძლებელია, ბაღთან ადაპტაციამ ისე ჩაიაროს, რომ ბავშვმა საერთოდ არ იტიროს. ამიტომ, თუ ამის საშუალება გვაქვს, ბაღიც და მშობელიც მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ბავშვი ყოველგვარი ტირილისა და ისტერიკის, დასტრესვისა და ზარალის მიყენების გარეშე, გარემოს შეეგუოს. ბავშვისთვის ბაღიც და სკოლაც უცხო პლანეტასავითაა. ეს იგივეა, მარსზე ჩაგვაგდონ და იქ დაგვტოვონ. მისთვის ეს გარემო აბსოლუტურად უცხოა. აქამდე ის სახლში, ნაცნობი ადამიანების გვერდით იყო. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ახალ "პლანეტას" შევაჩვიოთ.
თუ შესაძლებელია, მშობელი პირველ ეტაპზე ბავშვთან ერთად იყოს იმ სივრცეში, იდეალური ვარიანტია. ამაზე ბევრი საჯარო ბაღი თანხმდება და წესით, კერძო ბაღებშიც მიღებული უნდა იყოს. ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ - ზოგ ბავშვს საერთოდ არ სჭირდება, რომ გვერდით მშობელი ჰყავდეს, ზოგისთვის მნიშვნელოვანია, 1 კვირა მასთან ერთად იაროს. მშობელი ჯერ ოთახშია, შემდეგ გამოდის და ზის კორიდორში, შემდეგ ქვედა სართულზე ჩადის, შემდეგ უთანხმდება: "მე ახლა მაღაზიაში გავალ და 1 საათში დავბრუნდები." ეს მაქსიმუმ 1 თვის ამბავია. მესმის, რომ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ აქამდეც ხომ ბავშვთან ვინმე იყო? იქნებ, ერთი თვეც დავუთმოთ ყურადღება. გვქონია შემთხვევები, როდესაც მშობელს უთქვამს, რომ არ სცალია და ბავშვს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ტირის. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებს ვერ ვთანხმდებით იმიტომ, რომ ბავშვისთვის ძალიან რთულია. ბევრად მარტივია, ეს სირთულე 1 კვირაში გადაილახოს, რაც შეიძლება, მთელი ცხოვრების სტრესად დარჩეს. როდესაც ბავშვი ჯგუფს, პედაგოგს მიეჩვევა, გამარტივდება. პედაგოგი დღის განმავლობაში მშობლის "ჩამნაცვლებელი" ხდება. რა თქმა უნდა, მასწავლებელს უდიდესი როლი აქვს. ის დედასავით უნდა გახდეს, რომელიც ბავშვს ისე ვერ ეყვარება, როგორც დედა, მაგრამ ისეთივე ნდობა, სიყვარული ექნება და მასთან სიხარულით მივა.
მაგრამ, როდესაც ჯგუფში 40 ბავშვი და 3 მასწავლებელია, ეს ძალიან რთული პრობლემაა. სკოლებში ასე თუ ისე დარეგულირდა და კლასებში რაოდენობა შეიზღუდა. იმედია, რომ ბაღებშიც ამის შესაძლებლობა გვექნება. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, 1 პედაგოგი 40-50-ბავშვიან ჯგუფში იყოს. სასურველია, 15 ბავშვზე 1 ძირითადი პედაგოგი, 1 ასისტენტი მაინც იყოს. ზოგადად, პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა. არიან პედაგოგები, ვისაც ეს შეუძლია და გამოსდის. ძალიან ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით, თუ როგორ შეარჩიონ ბაღი, როგორ შეარჩიონ სკოლა. პასუხი ერთი გვაქვს - შეეცადეთ, აარჩიოთ პედაგოგი და არა კონკრეტული შენობა ან კიბე.
ჩვენს ბაღში ვიდრე ბავშვი მოვა, ყველა პედაგოგი ვიდეოზარით ურეკავს და ეცნობა. შემდეგ, სანამ სწავლა დაიწყება, წინა ორი დღის განმავლობაში ბავშვები ინდივიდუალურად მოდიან. უკვე პედაგოგს პირისპირ იცნობენ. ძალიან ბევრი დეტალია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, როგორ გამოიყურება პედაგოგი, რომ ფერადია, კარგ ხასიათზეა, გაღიმებული დახვდება, ჩაეხუტება, ოთახს დაათვალიერებინებს, სიყვარულს აჩვენებს... აუცილებლად წინასწარ ბავშვების ოჯახის ფოტოებსაც ვაგროვებთ. ყველა ჯგუფში, ოთახებში ბავშვების საოჯახო ფოტოებია გაკრული, რომ ბავშვმა ყოველთვის იცოდეს, რომ მისი სახლის რაღაცა ნაწილი აქ არის. ჩვენთან ბავშვებს ნივთები, სათამაშოები არ დააქვთ ხოლმე იმიტომ, რომ ერთმანეთში კონფლიქტს იწვევს, მაგრამ ერთი ნივთი ყველა ბავშვს შეუძლია, მოიტანოს და ბაღში ჰქონდეს დატოვებული. ესეც გარკვეულ უსაფრთხოებას უქმნის. კარგია, თუ მშობლები სახლში წინასწარ "ბაღობანას" ათამაშებენ.