"შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაც დასრულდა, წარსულში დარჩა,
პირიქით, რაღაც ახალი და კარგი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე და ვენეციის კინოფესტივალზე გატარებულ დღეებს იხსენებს. შეცვლიდა თუ არა რამეს საკუთარ ცხოვრებაში, რა არის მისთვის ბედნიერება, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და ვინ არის ადამიანი, ვინც მას თავდაჯერება შესძინა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...12.07.1991.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ჟურნალისტი. ყველას კარგად გვახსოვს, იმ წლებში ქვეყანაში როგორი მძიმე მდგომარეობა იყო და როდესაც ვუყურებდი, ტყვიების ზუზუნში როგორ აშუქებდნენ ამბებს ქალი ჟურნალისტები, მინდოდა, მეც ეს პროფესია ამერჩია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გულუბრყვილოა.
- ეთანხმები?
- ადამიანებს მარტივად ვენდობი, მართლა გულუბრყვილო ვარ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, - თამო, უკვე 33 წლის ხარ, ხომ უნდა გაიზარდო და მიხვდე, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება?!
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, ყველა ეტაპს თანამიმდევრულად გავივლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...საკუთარ თავს. ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილები. ამაყი დედა ვარ.
- შვილები ამ წარმატებულ დღეებზე რას გეუბნებიან?
- მითხრეს: დე, წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი იყავიო. სოფია ჩემი ფეხსაცმელებით დადის და ამბობს, წითელ ხალიჩაზე ვარო. სულ ვარიგებ, ვუხსნი, რომ კარგად უნდა ისწავლოს, რომ ყველა დღე მნიშვნელოვანია და საკუთარი ცოდნით ბევრი რამის მიღწევას შეძლებს. ვეუბნები, მე რომ თავის დროზე ძალიან კარგად მესწავლა, ენები შემესწავლა, უფრო მეტს მივაღწევდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...მიზანდასახულობა, სიმტკიცე, ძლიერი ხასიათი, თუმცა ხანდახან დაღლილობისგან ვტირი. 1 წელია არ დამისვენია. ჩემი კომპანიის ყველა დეტალში ჩართული ვარ. ვიღაცას ჰგონია, გამიმართლა. მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი თუ არ იშრომე, ხარისხზე თუ არ გააკეთე სწორება, ისე წარმოუდგენელია, შედეგს მიაღწიო. ამ ბრძოლაში გული ბევრჯერ მტკენია. ისიც ვიცი, როგორი ტკივილია, ადამიანებს რჩევას რომ ეკითხები და ხმასაც არავინ გცემს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უფრო მეტი გავაკეთო. ახლახან ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, ასეთი გრანდიოზული ფესტივალიდან ჩამოხვედი და იმ წამიდანვე შრომა გააგრძელეო. მე ეს წარმატება ჩვეულებრივად მივიღე. რასაც უნდა მივაღწიო, ზემოდან არავის არასდროს დავხედავ. სარკეში რომ ვიხედები, ჩემს თავსაც ვერ ვუბედავ თქმას: "თამო, რა მაგარი ხარ!" ვიცი, ტკბობას კი არ უნდა მივეცე, უფრო მნიშვნელოვან ამბებზე უნდა დავიხარჯო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ფოტომოდელი რომ ვარ, საერთოდ ამ სფეროში ბედი რომ ვცადე, ამაში ერთ ადამიანს გარკვეული წვლილი მიუძღვის. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი, სახლის პატრონის შვილთან ვმეგობრობდი. ქურთები იყვნენ, უთბილესი ადამიანები. მაშინ ჩემი საზრუნავი და პრიორიტეტი იყო, როგორმე თავი გამეტანა, გადასახადები გადამეხადა და ბებო კარგად მყოლოდა. ის ქალბატონი ყოველთვის მიმეორებდა: თამო, ლამაზი, განსხვავებული ხარო... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით ვინ გყავს. ამ სიტყვებს ყოველდღე რომ ისმენ, მერე გინდა თუ არა, იჯერებ. ამ ქალბატონს ხანა ჰქვია, მისი მადლობელი ვარ. სულ ვკონტაქტობდით, მაგრამ უცხოეთში წავიდა და დამეკარგა. იხილეთ ინტერვიუ სრულად