სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ გამართულად მეტყველებისთვის გარკვეული ზომების მიღება ადრეულ ასაკშივე საჭიროა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ბავშვი საუბარს. გთავაზობთ ლოგოპედის რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს.
დაიწყეთ საკუთარი თავით- ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს ჩვილობიდანვე. თუნდაც სიტყვაძუნწი იყოთ, მაინც უნდა ელაპარაკოთ პატარას. ბავშვი უკეთ აღიქვამს საუბარს, რასაც თან მოქმედება ერთვის. ამიტომ რასაც აკეთებთ, ეს სიტყვიერადაც გამოხატეთ.
ილაპარაკეთ მკაფიოდ- გამოკვეთეთ ყოველი სიტყვა და ფრაზა. ბავშვები ინტონაციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ამიტომ ყველა სიტყვა, რომელზეც ლოგიკური აქცენტი კეთდება, კიდევ უფრო აშკარად გამოკვეთეთ. არაფრით არ ელაპარაკოთ ენის ჩლიქინით!
გამეორება -სხვადასხვანაირი ინტონაციით რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იგივე სიტყვა, რომელიც ბავშვისთვის ახალია.
არ ესაუბროთ გრძელი ფრაზებით
მხიარულად ელაპარაკეთ - დადებითი განწყობით გადმოცემულ სიტყვებს ბავშვი უკეთ ითვისებს.
ასწავლეთ ყველა ნივთის სახელი, რასაც კი ხელში აიღებს
არასოდეს დატოვოთ უსიტყვოდ ბავშვის ინიციატივა, როცა თქვენთან დალაპარაკებას ცდილობს.
ასწავლეთ თამაშით,ისეთი სათამაშო სიტუაცია შექმენით, სადაც ხმოვანი ინტონაციები იქნება საჭირო.
არ სცადოთ, უსიტყვოდ გამოიცნოთ მისი სურვილი.შეიძლება წინდაწინ ხვდებით, მაგრამ მაინც აცადეთ, თავად გამოთქვას, რა უნდა.
დაეხმარეთ, რომ განავითაროს ბგერები. გაამეორებინეთ სიტყვათა წყვილები, სადაც ერთი ასოა განსხვავებული (ქარი-კარი-დარი).
უკითხეთ პატარ-პატარა ზღაპრები, უმეორეთ ლექსები- ბავშვები გამეორების გზით ბევრს სწავლობენ.
თითების ზუსტი მოძრაობა გამართულ საუბარში დაეხმარება, ამიტომ ნატიფი მოტორიკა განუვითარეთ. (ძერწვით, გაფერადებით, ხაზზე თითის გაყოლებით)
მოთმინება გამოიჩინეთ- თუ ბავშვი ბგერებს არასწორად წარმოთქვამს, ნუ გაიცინებთ და ნუ გაიმეორებთ არასწორ ჟღერადობას. წარმოთქვით სწორად და წაახალისეთ, რომ მანაც გაიმეოროს.