საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2023 წელს სკოლა 47 291-მა მოსწავლემ დაასრულა. 2022 წელს 45 423-მა მოსწავლემ, 2021 წელს კი - 38 734 მოსწავლემ. თუ 2018 წლიდან სტატისტიკას გადავხედავთ, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბავშვი ამთავრებს სკოლას.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს 6 კლასი 56 621-მა მოსწავლემ დაამთავრა, მე-9 კლასი კი 46 775-მა მოსწავლემ. სხვაობა კი 9 846-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს დაწყებითი განათლების მიღების, ანუ მე-6 კლასის დასრულების შემდეგ, შემდეგ 9 846-მა მოსწავლემ საბაზო საფეხურზე სწავლა აღარ გააგრძელა.
შედარებისთვის, 2022 წელს 6 კლასი 60 235-მა მოსწავლემ დაამთავრა, მე-9 კლასი 45 008-მა მოსწავლემ. სხვაობა 15 227-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ 15 227 მოსწავლემ სწავლა ან 6 კლასის დამთავრებისთანავე შეწყვიტა ან კიდევ მე-9 კლასამდე რომელიმე მონაკვეთში. 2021 წელს მე-6 კლასი 47 617-მა მოსწავლემ დაამთავრა, მე-9 კლასი 44 832 მოსწავლემ. სხვაობა 2 787-ია.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ, რომლებმაც კონკრეტული სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტეს. 2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა. 2021-2022 სასწავლო წელს კი 8 846-მა მოსწავლემ. 2020-2021 სასწავლო წელს 7 050-მა მოსწავლემ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 სასწავლო წლის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.