ლეგენდარული ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარი პრესლი,, რომელიც პოპ ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის მეუღლეც იყო, გასული წლის იანვარში მოულოდნელად გარდაიცვალა. მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა ლიზა მარიმ ზოგიერთ მათგანზე პასუხის გაცემა გარდაცვალების შემდეგ შეძლო. დღეს ყველა განიხილავს მის მემუარებს, რომელთა წერა თავად დაიწყო და მისმა ქალიშვილმა, რაილი კეოგმა დაასრულა. წიგნის ერთ-ერთი თავი ლიზას შვილის, ბენჯამინ კეოგის ტრაგიკულ სიკვდილს ეძღვნება. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება, რომელიც მხოლოდ 27 წლის იყო, დიდი უბედურება გახლდათ დედისთვის.
მემუარებში აღწერილია ლიზა მარის ღრმა ემოციები ვაჟის თვითმკვლელობის შემდეგ. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტი ის არის, რომ დედა შვილის ცხედარს ორი თვის განმავლობაში საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში ინახავდა.
ლიზა მარი აცნობიერებდა ამ სიტუაციის აბსურდულობას, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა მაინც ვერ შეძლო. თავის ჩანაწერებში ის აღიარებს: „ვფიქრობ, ეს ვინმეს შეაშინებს, მაგრამ არა მე“.
კალიფორნიაში არ არსებობს კანონი, რომელიც დაკრძალვის დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს და პრესლიმ ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რათა შვილს დამშვიდობებოდა. დედა მზად არ იყო, რომ სამუდამოდ გაეშვა შვილი. ოთახის ტემპერატურა 12 გრადუსზე იყო შენარჩუნებული, სხეული კი მშრალ ყინულზე მოათავსეს, რათა ცხედარს რაც შეიძლება დიდხანს გაეძლო.
ასევე მემუარების ნაწილი იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტეს ლიზა მარიმ და მისმა ქალიშვილმა რაილიმ ბენჯამინის ხსოვნა ტატუების მეშვეობით შეენარჩუნებინათ. ახალგაზრდა კაცს დის სახელები ჰქონდა ტატუირებული კისრის ძვალზე და დედის სახელი მკლავზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ლიზა მარიმ და რაილიმ გადაწყვიტეს ტატუები თავიანთ სხეულზე გადმოეკოპირებინათ. ტატუ მხატვარი სახლში მიიწვიეს, სადაც ბენჯამინის ცხედარი ინახებოდა. როდესაც ტატუისტმა ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მისი შვილის ტატუების ფოტოები, ლიზა მარიმ მშვიდად შესთავაზა ისინი პირდაპირ გარდაცვლილის სხეულიდან გადმოეხატა.
"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე აბსურდული მომენტი", - ამბობს რაილი.
ბენჯამინთან დამშვიდობება გაჭიანურდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედას შვილთან განშორება არ სურდა. სხვა მიზეზიც არსებობდა - დიდი ხნის განმავლობაში ლიზა მარიმ ვერ გადაწყვიტა, სად დაეკრძალა იგი: ჰავაიზე თუ გრეისლენდში, საოჯახო მამულში, სადაც მისი მამა ელვისი განისვენებს.
სამწუხაროდ, ლიზა მარი პრესლის არ ჰქონდა დრო, რომ თავად დაესრულებინა წიგნი. 2023 წლის იანვარში ის მოულოდნელად გარდაიცვალა, გული გაუჩერდა. წიგნი რაილიმ დაასრულა, რომელმაც სცადა დედის ხმა ყველა სტრიქონში შეენარჩუნებინა და მის მოგონებებს საკუთარიც დაუმატა.
ბენჯამინ კეოგი საბოლოო გრეისლენდში, მისი ცნობილი პაპის გვერდით დაკრძალეს. დედამისიც იქ განისვენებს. პრესლის ოჯახი გაერთიანდა მიწაზე, რომელიც ელვისის მემკვიდრეობის სიმბოლო გახდა.