ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. შემთხვევის შესახებ გამოცემა "ბათუმელებმა" დაწერა. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
როგორც "ბათუმელები" წერს, ვიდეოში დაფიქსირებული ქალი, რომელიც ცეკვის მასწავლებლის დამშვიდებას ცდილობს და ბავშვს ეფარება, მისი მეუღლეა. მასწავლებელს, მერაბ დოლიძეს, 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ძალადობის ამ კონკრეტულ ფაქტს კი სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ინციდენტი შენობაში არსებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
როგორც ცნობილია, 12 წლის მოზარდს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა. ახლა მის უფლებებს ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს და ოჯახს მასწავლებლისთვის ბრალის დამტკიცება და შესაბამისი სასჯელის დაკისრება სურს.
ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ცეკვის მასწავლებელი მოზარდს, "ბათუმელებმა" მოიპოვა.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცეკვის მასწავლებელი ფიზიკურად უსწორდება მოსწავლეს. ცეკვის თუ სპორტის სხვადასხვა სახეობის პედაგოგებისგან წლების განმავლობაში აღზრდის და წვრთნის მეთოდად მიიჩნევა ფიზიკური ძალის გამოყენება. იმედია, მსგავსი შემთხვევების გამოაშკარავება და სათანადო რეაგირება ნელ-ნელა ბოლოს მოუღებს ამ მავნე პრაქტიკას.