ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომაც ადამიანები ნელ-ნელა სამზადისსაც იწყებენ და განწყობასაც იქმნიან. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია. ასტროლოგიაში გველი სიბრძნის, ძალის, მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა, ამიტომ მომდევნო წელი საინტერესო ცვლილებებს გვიმზადებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონიასა და ბალანსს შეიტანს. მწვანე ფერი კი განახლებისა და აღორძინების სიმბოლოა.
იმისათვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სახლში კეთილდღეობა მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დეტალი გავითვალისწინოთ.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველი ძალიან ჰარმონიული სიმბოლოა. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ 2025 წელს კლასიკური, სადა სამოსით შევხვდეთ. თუმცა, არც ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსის არჩევა იქნება ურიგო. ასევე, თამამად შეგიძლიათ, აირჩიოთ ისეთი კაბა, რომელიც შუქზე ბუნებრივად ბზინავს - მაგალითად, აბრეშუმის ქსოვილისაგან შეკერილი კაბა, შარვალი თუ სხვა. მთავარია, კოსტიუმი ზედმეტად არაჰარმონიული და გადატვირთული არ იყოს.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველს სამკაულებიც მოსწონს, ამიტომაც ახალი წლის საღამოსთვის ეს დეტალიც გაითვალისწინეთ. შეგიძლიათ, სადა, ბუნებრივ ვარცხნილობას მიანიჭოთ უპირატესობა ან თმა ბრჭყვიალა დეტალებისაგან შექმნილი აქსესუარებით გაიფორმოთ. ასტროლოგები მამაკაცებისაც ურჩევენ, კლასიკურ სამოსს მიანიჭონ უპირატესობა.
რაც შეეხება ფერებს, როგორც აღვნიშნეთ, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. ამიტომაc, ყველაზე მოთხოვნადი ფერი სწორედ მწვანეა. სახლის მორთვისა თუ სამოსის არჩევისას, შეეცადეთ, მწვანე გამოიყენოთ და სიმბოლოს კეთილგანწყობა მოიპოვოთ. მეტიც, შეგიძლიათ, მწვანე ფერის სხვადასხვა ვარიაცია სცადოთ - ღია მწვანიდან დაწყებული, ზურმუხტისფრით დამთავრებული. ასევე, გველს ქვიშისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი ფერები უყვარს. რაკი აღნიშნულ სიმბოლოს მშვიდი ფუფუნება მოსწონს, შეგიძლიათ, წითელსა და ოქროსფერსაც მიაქციოთ ყურადღება. მოჟამული ფერები გველს არ მოსწონს, ამიტომაც ეს დეტალიც გაითვალისწინეთ.
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ სადღესასწაულო სუფრასაც დიდი ყურადღება მიაქციოთ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გველი ყოველთვის უპირატესობას ნატურალურ საკვებს ანიჭებს. ამიტომაც, სადღესასწაულო სუფრაზე რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი განათავსეთ. გველს ხორციც უყვარს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრინველის - ქათმის, ინდაურის, იხვის ხორცს. კარგი ვარიანტია ღუმელში გამომცხვარი კურდღელი.
რაც შეეხება დესერტებს, ჯობს, დესერტების მომზადებისას ან არჩევისას უპირატესობა კენკრის გამოყენებას მივაქციოთ და სადღესასწაულო მენიუში სხვადასხვა ფორმით ჩავრთოთ. კიდევ ერთი დეტალი - მნიშვნელოვანია, სუფრაზე ბევრი სხვადასხვა კერძი და მრავალფეროვანი საკვები განვათავსოთ, მაგრამ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კერძები ნაწილ-ნაწილ, სტუმრებს ინდივიდუალურადაც მივართვათ. გველი ასტროლოგიაში ძალიან მზრუნველი და ბრძენი ნიშანია, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კარგად გრძნობდეს თავს. გარდა ამისა, აირჩიეთ მსუბუქი სასმელები, მოამზადეთ კოქტეილები და ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან ერთად მიირთვით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველი უპირატესობას მწვანეს, წითელსა და ოქროსფერს ანიჭებს. ამიტომ, სუფრის სერვირებისას ეს დეტალებიც გაითვალისწინეთ. გადასაფარებელი, ხელსახოცები, ჭურჭელი სწორედ აღნიშნული ფერებით გააფორმეთ. ასევე, შეგიძლიათ, ვერცხლისფერიც აირჩიოთ. განათავსეთ სუფრაზე დეკორატიული სანთლები, წლის მთავარი სიმბოლოს ფიგურა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სუფრა ესთეტიური და ჰარმონიული იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა საკითხში ზომიერების დაცვა აუცილებელია.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გველი პრაქტიკულ და სასარგებლო საჩუქრებს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომაც, ახლობელ ადამიანებს შეგიძლიათ აჩუქოთ ყველაფერი, რაზეც ჩათვლით, რომ პრაქტიკულად შესანიშნავად გამოიყენებენ. გველს ოჯახური გარემო, კომფორტი და სიმყუდროვე მოსწონს, ამიტომაც შეგიძლიათ, აირჩიოთ ისეთი საჩუქრები, დეკორაციები, ჭურჭელი თუ სხვა, რასაც ადამიანები სახლში გამოიყენებენ. როგორც აღვნიშნეთ, გველს სამკაულებიც უყვარს და შეგიძლიათ, ეს დეტალიც გაითვალისწინოთ. ასევე, შეგვიძლია, ტექნიკა, ციფრული მოწყობილობები, სხვა პრაქტიკული ნივთები ავირჩიოთ.
გველს მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო მოსწონს. ასევე, მხიარული, თავდაჯერებული ადამიანები უყვარს. ამიტომ, სადაც არ უნდა მოაწყოთ წვეულება, სახლში თუ სხვა სივრცეში, შეეცადეთ, მხიარული, მეგობრული და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ. გაეცით დადებით ემოციები და მიიღეთ კიდევაც. ასე შეძლებთ, რომ სახლში ნათელი, მხიარული ენერგია შეუშვათ და წელი ჰარმონიულად გაატაროთ.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გასული წლების მთავარი სიმბოლოები დეკორაციად არ გამოვიყენოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, გველმა კონკურენცია იგრძნოს და იეჭვიანოს. სახლი ყვავილებით გააფორმეთ. რაც შეიძლება, მეტი მწვანე და ნათელი ფერი შეიტანეთ. ასევე, თუ შესაძლებლობა გექნებათ, ჩინური მონეტები ან უბრალოდ ლითონის მონეტები იზოლირებულ ადგილზე განათავსეთ. ამ გზით, ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ.
გარდა ამისა, გველი საკუთარ გამოსახულებას მრავალფეროვანი ფორმით სიამოვნებით იხილავს. ამიტომაც, კალენდარი გველის გამოსახულებით, თავად სიმბოლოს ფიგურები თუ სხვა, სახლის სხვადასხვა კუთხეში განათავსეთ, რომ მისი კეთილგანწყობა და დადებითი ემოცია მთელ სივრცეში გავრცელდეს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, გველს ცვლილებები განსაკუთრებით უყვარს. ამიტომაც, ამ კუთხით წლის დასაწყისი - პირველი სამი თვე შესაძლოა, არასტაბილური იყოს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, რაც დაგეგმილი არ გქონდათ. თუმცა, შემდეგი თვეები სტაბილური გარემოთი გაგახარებთ.
ეს წელი დაოჯახებისა და შვილების გაჩენისთვის იდეალურია. ასევე, თუ ახალ ბინაში გადასვლაზე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობდით, სწორედ ამ წელს შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოერიდეთ. გახსოვდეთ, რომ ხანდახან მოთმენას გაცილებით კარგი შედეგი მოაქვს.
გველს ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოს უწოდებენ. აღმოსავლურ კულტურაში გველი სიმდიდრესა და სიუხვეს წარმოადგენს. საკმაოდ ბრძენი ნიშანია და გვასწავლის, რომ ხშირად ჭეშმარიტი ფასეულობები ზედაპირულად არ ჩანს და კარგად დაკვირვებაა აუცილებელი. ის ადამიანებს შინაგანი წონასწორობის მიღწევაში ეხმარება. გველი შეგვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია, ცვლილებებისათვის ღია და გახსნილები ვიყოთ და ბევრი ახალი რამ ვცადოთ. ამიტომაც, წინ საინტერესო და საკმაოდ აქტიური წელი გველოდება.