რამდენიმე დასავლური ქვეყნის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინაშიც შემოჰკრეს განგაშის ზარები მშობლებმა, რადგან სულ უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება ახალი საშიში სუბკულტურით, რომელსაც კვადრობიკა ეწოდება, მის მიმდევრებს კი - კვადრობერები. მოზარდები ცხოველებივით (ძირითადად, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებივით) იმოსებიან, ოთხზე დადიან, ხტუნავენ, ხვეწავენ ილეთებს, იკვებებიან კატის საჭმლით, კნავიან და ა.შ. ზოგიერთ მათგანს მშობელიც ხელს უწყობს ამგვარ გატაცებაში და მშობლებს საბელზე გამობმული, ცხოველივით დაჰყავთ ქუჩაში.
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ეს გატაცება პატარა გართობა იყო, რომელიც მალე გაივლიდა, თუმცა ბავშვების რაოდენობაც მომრავლდა, სულ უფრო და უფრო იხვეწება სიარულის მანერა, სირბილი, ხტომა, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ შეიმოსება, ვინ უკეთ იმოძრავებს ოთხზე, ვინ უკეთ იკნავლებს და ა.შ. ყიდულობენ ნიღბებს კუდებს, პატარა სახლებსაც კი, რომლებშიც ცხოველებივით ძვრებიან, კატის საჭმელებს, საბელებს და ა.შ. ბაზარზე უკვე უამრავი ნივთია ამ გატაცების მქონე მოზარდებისთვის, ინტერნეტსივრცეში კი უამრავი ვიდეო, ტუტორიალებისა და შეჯიბრებების ჩათვლით.
ის, რაც თავიდან უწყინარ ჰობის ჰგავდა, უკვე სერიოზულად აშფოთებს ფსიქოლოგებს და უამრავ მშობელს. დეგრადაციისა და სერიოზული გადახრებისკენ მიმავალი ეს ნაბიჯები არაფერ კარგს არ უქადის მოზარდებს. ცოტა ხნის წინ კრასნოდარში მოზარდმა ძაღლის ნიღბით და კუდით, პატარა ბავშვს უკბინა, ხოლო ერთ-ერთ ქალაქში დედამ თავისი "ფისო" შვილი ვეტკლინიკაში მიიყვანა, რომ მისთვის აცრა გაეკეთებინათ და როცა უარი უთხრეს, სკანდალი მოაწყო..