ექიმებმა გიორგი ლორიამ და ლევან ქარაზანიშვილმა გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ისაუბრეს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა:
ლევან ქარაზანაშვილი - პატარები ცნობისმოყვარეები არიან. ყველაფერს ხელის შეხებითა და პირში ჩადებით აღიქვამენ. სამყარო ასე უნდა შეიცნონ. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, ყველაფერი ავუკრძალოთ. მაგრამ, თავად უნდა ვიცოდეთ, რას მოვარიდოთ და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.
გიორგი ლორია - გადაყლაპული ნივთებიდან ზოგიერთი საშიშია. თუ პატარა საგანი დაგაკლდათ და გაქვთ ეჭვი, რომ ბავშვმა გადაყლაპა, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
ლევან ქარაზანაშვილი - ხშირ შემთხვევაში, ბავშვებში უცხო სხეულის მოხვედრა, შეიძლება არაფრით გამოვლინდეს. თუმცა, შესაძლებელია, შემდეგი სიმპტომები ახლდეს: ხველა, გულისრევის შეგრძნება, საჭმელზე უარის თქმა, ჭარბი ნერწყვიანობა, ტემპერატურის მატება, ყელში და გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება, ასევე ხრჩობის შეგრძნება. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას.
გიორგი ლორია - ბავშვები ძირითადად ისეთ რაღაცას ყლაპავენ, რაც მარტივად გამოიდევნება. თუმცა, მაგალითად, პატარა ელემენტი ნამდვილად საშიშია. მასში ქიმიური ნივთიერებებია. განსაკუთრებით ძალიან საშიშია, თუ კუჭში არ გადავიდა და საყლაპავში გაიჭედა. შეიძლება, დამწვრობა გამოიწვიოს. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა, ვიდრე სასწრაფო დახმარება მოვა, თაფლი უნდა ჩააწუწნინოთ, ყოველ 10 წუთში ერთხელ. ეს მეთოდი 1 წლიდან ზემოთ გამოგვადგება. წლამდე ბავშვებისათვის თაფლის მიცემა არ შეიძლება. თუ ბავშვი რაიმე ბასრ ნივთს გადაყლაპავს, ამან შეიძლება, სისხლდენაც გამოიწვიოს. ნებისმიერი მეტალი, წვეტიანი ნივთი საკმაოდ საშიშია. პატარა მაგნიტებიც ძალიან საშიშია. თუ ბავშვმა რამდენიმე ცალი გადაყლაპა, ერთმანეთს მიეწებება და შესაძლოა, გაუვალობა გამოიწვიოს.
ლევან ქარაზანაშვილი - არ შეიძლება, ბავშვს თითი პირის ღრუში ძალიან ღრმად ჩავუყოთ. შეიძლება, პირიქით, თითით ჩავტენოთ და სასულეში გადავაცდენინოთ. რა თქმა უნდა, პინცეტით და მსგავსი საშუალებებითაც არ შეიძლება. შესაძლოა, ბავშვს პირის ღრუ დავუზიანოთ. თუ პატარას თავს რომ ზემოთ ავაწევინებთ, უფრო კარგად ჩაისუნთქავს და დახველებისთვის იდეალური პოზაა.
გიორგი ლორია - თუ იეჭვეთ, რომ არასაშიში ნივთი გადაყლაპა, საპანიკო არაფერია. მიეცით წყალი, რომ დალიოს. დაველოდოთ და გამოიტანს.
ლევან ქარაზანაშვილი - თუ პატარამ რეზინის სათამაშოს პატარა დეტალი მოაკბიჩა, ის ორგანიზმს ბუნებრივად დატოვებს და გამოვა. ჩვენი კუჭის წვენი რეზინს ვერ დაშლის, ორგანიზმში ვერ შეიწოვება და გამოდის მთლიანად, როგორიცაა.
გიორგი ლორია - თუ ბავშვმა რეზინის ნივთი გადაყლაპა, საშიში არ არის. მთავარია. მას მეტალის ნაწილი არ ჰქონდეს. თუ პლასტმასის, პოლიეთილენის ნივთი გადაყლაპა და წვეტიანი ზედაპირი არ აქვს, არც ესაა საშიში.
ლევან ქარაზანაშვილი - ყველაზე ხშირად ბავშვები მონეტებს ყლაპავენ. ის ორგანიზმიდან დაუბრკოლებლივ გამოდის ხოლმე. თუმცა, შესაძლოა, მონეტა საყლაპავში გაიჭედოს და ასეთ შემთხვევაში, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. ზოგადად, უცხო სხეული ორგანიზმიდან 4-5 საათში გამოდის.