"ჩემი მშობლები 12 წელია ჩემს და-ძმებს საწოლზე აბამენ, რომ არ გაიქცნენ", - თქვა ჯორდან ტურპინმა 911-ის ოპერატორთან საუბრისას... ზარი პოლიციაში 2018 წლის იანვრის დილას შევიდა. ხმის ტემბრიდან ისე აღიქმებოდა, თითქოს, ტელეფონთან 8-10 წლის გოგონა იყო. თუმცა, სინამდვილეში 17 წლის მოზარდი რეკავდა... როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, საშინელი სურათი დახვდა...
ლუიზა 16 წლის იყო, როცა დევიდმა ცოლობა სთხოვა. გოგონა მალევე დაორსულდა და პირველი შვილი გააჩინა. ქორწინების განმავლობაში წყვილს 13 შვილი შეეძინა. ლუიზა და დევიდი შვილებს "ღვთის საჩუქარს" უწოდებდნენ. ყველა ფიქრობდა, რომ ტურპინები სამაგალითო მშობლები იყვნენ. წყვილის ახლობლებსაც სჯეროდათ, რომ მათ ოჯახში ყველაფერი კარგად იყო და მზრუნველი მშობლები შვილებს არაფერს აკლებდნენ. დევიდი და ლუიზა ახლობლებს დიდად არც ეკონტაქტებოდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ 13 შვილის მშობლები იყვნენ და დრო არ ჰქონდათ. მათი არგუმენტი უცნაურად არავის აღუქვამს.
ერთადერთი, რაც ოჯახის ახლობლებს აღელვებდათ, იყო ის, რომ როდესაც ლუიზა და დევიდი სოციალურ ქსელებში საკუთარი შვილების ფოტოებს აქვეყნებდნენ, ბავშვები არაბუნებრივად გამხდრები იყვნენ. თუმცა, ლუიზა ამაზე ამბობდა, რომ ბავშვები მამის გენეტიკის მატარებლები იყვნენ. დევიდი მაღალი და გამხდარი კაცი იყო.
როდესაც პოლიციაში უცნაური ზარი შევიდა და სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ, საშინელი სურათი დახვდათ. რამდენიმე ბავშვი მართლაც საწოლზე იყო მიბმული და საკუთარ ექსკრემენტებში ისხდნენ. დანარჩენები იმდენად გამხდრები იყვნენ, რომ ფეხზე ვეღარ იდგნენ.
ტურპინების შვილების ასაკი 2-დან 29 წლამდე მერყეობდა. თუმცა, არც ერთი მათგანი არ ჰგავდა იმავე ასაკის ადამიანს. მაგალითად, უფროსი ქალიშვილი მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლუიზა და დევიდი შვილებს საწოლზე 10 წლის განმავლობაში აბამდნენ. თავდაპირველად თოკს იყენებდნენ. თუმცა, როდესაც ერთ-ერთმა ქალიშვილმა გაქცევა სცადა, ლითონის ჯაჭვების გამოყენება დაიწყეს...
მშობლების წესების მიხედვით, ბავშვები მხოლოდ ერთხელ, ისიც ძალიან მცირედად იკვებებოდნენ. თუმცა, თავად ლუიზა და დევიდი ძალიან კარგად ჭამდნენ. მეტიც, როგორც მოგვიანებით ბავშვებმა გაიხსენეს, მათი მშობლები მათივე თვალწინ გემრიელ საკვებს, მათ შორის, ხორცეულს, ტკბილეულს ისე მიირთმევდნენ, რომ თავად მშივრები იყვნენ...
ტურპინების შვილებს აბაზანის მიღება წელიწადში ერთხელ შეეძლოთ... ამიტომაც, ბავშვები საშინლად მოუწესრიგებლები იყვნენ. ერთადერთი, რის უფლებასაც აძლევდნენ, ხელების დაბანა იყო, თუმცა აქაც წარმოუდგენლად უცნაური წესი არსებობდა. წყალი ხელის მტევნის ზემოთ არ უნდა მოხვედროდათ. სხეულის სხვა ნაწილებზე საუბარი ზედმეტია... არც ერთ ბავშვს ცხოვრებაში სტომატოლოგიური გამოკვლევა არასდროს გაუვლია. არ ჰქონდათ სათამაშოებით თამაშის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ სახლში სულ ახალი, ყუთებში ჩალაგებული სათამაშოები იპოვა. სახლის ეზოში ასევე სრულიად ახალი ველოსიპედი ეყენა, რომელსაც ბავშვები ვერ ეკარებოდნენ.
მშობლები ბავშვებს სუფთა ტანსაცმელს წელიწადში რამდენჯერმე აძლევდნენ, რომ საოჯახო ფოტოებზე კარგად გამოსულიყვნენ. თუ სურათებს სახლის გარეთ იღებდნენ, ბავშვებს უცნობებთან საუბარი ეკრძალებოდათ.
საოცარია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ბავშვი გაკვეთილებს რამდენჯერმე დაესწრო. მაგრამ, სკოლაში მათი საგანგაშო სიგამხდრისა და მოუწესრიგებლობის გამო არავის არაფერი უთქვამს...
როდესაც პოლიცია ტურპინების სახლში მივიდა და რეალობა აღმოაჩინა, ცოლ-ქმარი მაშინვე დააკავეს. დაკითხვისას ლუიზამ და დევიდმა ვერ ახსნეს, რატომ ეპყრობოდნენ თავიანთ შვილებს ასე სასტიკად. შედეგად, სასამართლომ თითოეულ მათგანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბოლო სიტყვაში მათ მაინც აღნიშნეს, რომ შვილები სიგიჟემდე უყვართ. თუმცა, სასამართლომ შვილებთან კონტაქტი ოფიციალურად აუკრძალა.
როდესაც ბავშვების წამების ამბავი გასაჯაროვდა, ამ ფაქტმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. წყვილის დაკავების შემდეგ, და-ძმები სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს და ბევრი მათგანი მკურნალობას დღემდე გადის. იმის გამო, რომ მუდმივად სახლში, სრულიად არაადამიანურ პირობებში იყვნენ გამოკეტილნი, მათ ბევრი რამ საერთოდ არ იცოდნენ...
მსოფლიო სტატისტიკაც საგანგაშოა. UNICEF-ის მონაცემებით, ოჯახში აღზრდის შეურაცხმყოფელი პრაქტიკით 2-დან 4 წლამდე ასაკის 300 მილიონი ბავშვი იტანჯება. გლობალურად, 5 წლამდე ასაკის 4 ბავშვიდან 1 - ჯამში კი 177 მილიონი ბავშვი - ცხოვრობს დედასთან, რომელიც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია...