სოციალურ ქსელში ბევრი დაზარალებული ოქროდ შეძენილ ნაკეთობებზე წერს, რომლებიც შემდგომში ოქრო არ აღმოჩნდა. მომხმარებლებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ოქრო ჰქონდათ ნაყიდი, როდესაც მისი ლომბარდში მიტანა ან გაყიდვა დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ოქრო, ზოგ შემთხვევაში, სინჯი მასზე მითითებულს არ შეესაბამებოდა. თემას ვრცელი სიუჟეტი "იმედის დღეში" მარიამ მდინარაძემ მიუძღვნა:
თუ ოქროს საყიდლად მიდიხართ, იტალიურ ოქროს ყიდულობთ და რეალიზატორი გეუბნებათ, რომ 24-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მისი სინჯი 999-ია.
უფრო ნაკლებია 22-კარატიანი. ძალიან ხარისხიანია 750-სინჯიანიც. თუ ბეჭედი 18-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მასში 75% ოქროა, დანარჩენი კი მინარევი. მინარევი შეიძლება იყოს, ვერცხლი, სპილენძი, სხვადასხვა უფრო იაფფასიანი ლითონები.ყველაზე გავრცელებული 585, 583-იანი სინჯის 14-კარატიანი ოქროა. ასეთი ოქრო ხარისხიანად ითვლება, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასი აქვს.
ოქროს ფერი იმ მინარევზეა დამოკიდებული, რაც მას აქვს. შეიძლება ერთი და იგივე სინჯის მქონე ოქრო სხვადასხვა ფერი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უკეთესია ან პირიქით. ერთს სხვა მინარევი ექნება, მეორეს კი - სხვა. იმ ნაკეთობას, სადაც სპილენძის მინარევი ჭარბობს, სპილენძისფერი დაკრავს. თეთრ ოქროში ნიკელია და მის ხარჯზეა თეთრი. ოქრო ყველგან, ყველა ნაკეთობაში ერთნაირია.
583-ზე ქვემოთ სინჯი უკვე ითვლება, რომ ნაკეთობა დაბალი ხარისხისაა.
ბევრი ადამიანი ოქროს წარმომავლობას აქცევს ყურადღებას. მაგალითად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსული ოქრო კარგია. თუმცა, ეს მითია. რუსული ოქროც შეიძლება იყოს უხარისხოც და ხარისხიანიც.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ ადამიანები, რომ მათ მიერ შეძენილი ოქროს ნაკეთობა ყალბი ან შეუსაბამო სინჯის იყო. ოქროს ხარისხის დასადგენად მომხმარებელთა ნაწილი გარკვეულ გარემოებებს ითვალისწინებს. მაგალითად, მისი წარმოების ადგილს. ხშირად არჩევანს რუსული, თურქული, იტალიური და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის აკეთებენ.
ხათუნა გაჩეჩილაძე, ექსპერტი, პროფესორი ამავე სიუჟეტში ამბობს: "ოქრო და ნაკეთობა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს დამზადებული, თუ ხარისხი კარგია, კარგია. მაგრამ, სიყალბე ძალიან დიდია. შემოტანილ ნივთებშიც კი, უამრავი არაძვირფასი ლითონია."
დამღა სინჯით ნაკეთობაში ოქროს პროცენტულ შემცველობაზე მიგვანიშნებს. თუმცა, დამღა ყოველთვის რეალურ სინჯს არ შეესაბამება.
"დამღას არ შეიძლება, ენდოთ. დღეს ბაზარი სავსეა ისეთი არაძვირფასი ლითონებით, რომლებზეც დამღებია წარმოდგენილი." - ამბობს ექსპერტი.
დაბალი სინჯის ოქროს ნაკეთობა დროთა განმავლობაში კანზე სიშავეს დატოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ოქროზე მეტი სხვა მინარევებია. მაგალითად, სპილენძი ან ვერცხლი, რომელიც ჰაერში არსებულ გოგირდწყალბადთან რეაქციაში შედის. შესაძლოა, ასეთმა ნაკეთობამ ქავილი, კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, რაც მაღალი სინჯის ოქროს შემთხვევაში გამორიცხულია. თუ ოქროს სამკაულს მუდმივად ატარებთ, დროთა განმავლობაში კანზე მუქი ფერის კვალის მიხედვით მიხვდებით, როგორი სინჯისაა ის. ასევე, ყველაზე ძვირფასი, ბაჯაღლო ოქრო ყველაზე მარტივად ამოსაცნობია.
"რაც უფრო ყვითელია და უფრო მძიმეა, ეს იმის ნიშანია, რომ მაღალი სინჯის ოქრო გვაქვს." - აღნიშნავს ექსპერტი.
თუ დანამდვილებით გვინდა, ოქროს ხარისხი ვიცოდეთ, მის შესამოწმებლად სპეციალისტს უნდა მივაკითხოთ. ოქროს სინჯის დადგენა შესაბამისი დანადგარით ან კონკრეტული ხსნარებითაა შესაძლებელი.
სპეციალისტი კიდონტის ქვაზე ძალიან ფაქიზად ოქროს კვალს ტოვებს. მას შესაბამისი ხსნარი ეწვეთება. ხარისხიანი ოქროს შემთხვევაში, კვალი ხელსახოცით არ უნდა წაიშალოს.
ამავე სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ხალხური მეთოდები არაზუსტია.
იოდის, ძმრის ან მაგნიტის საშუალებით ოქროს სინჯის დადგენა შეუძლებელია და აღნიშნული მეთოდები, სინამდვილეში, არ ამართლებს. თუ მაგნიტი ნივთს იზიდავს, ეს 100%-ით ნიშნავს, რომ ოქრო არ არის. მაგრამ, თუ არ იზიდავს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილი ოქროა. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, თქვენთვის სანდო ადამიანს შეამოწმებინოთ. რეალიზატორს შესაძლოა, იქვე ჰყავდეს შემმოწმებელი, რომელთანაც გარიგებულია. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ოქროდ სხვა ნივთი მოგყიდეს, შეგიძლიათ, კონკურენციის სააგენტოს მიმართოთ და ისინი შეამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ დარღვევით გაქვთ ნაყიდი, ისინი კანონით გათვალისწინებულ მოქმედებაზე გადავლენ.