ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რას იწვევს ქრონიკული სტრესი, ნერვიულობა და რა პრობლემები შეიძლება შექმნას სხეულში კორტიზოლის მომატებამ:
- კორტიზოლი ჩვენს სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰორმონია. როდესაც ადამიანი სტრესშია, სხეულში კორტიზოლის შემცველობა იმატებს. ის ძალიან ბევრ სისტემაზე აისახება. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს, შესაძლოა, მადა მოემატოს. კორტიზოლი მადას ძალიან ზრდის ან პირიქით, ამცირებს. თუმცა, უფრო ხშირად მადიანობა იზრდება. ამიტომაცაა, რომ ადამიანი წონაში იმატებს. გარდა ამისა, ჭარბი კორტიზოლი ინსულინზე რეზისტენტობას ხელს უწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი მოქმედებით დიაბეტოგენური ჰორმონია. ადამიანს ნელ-ნელა შაქრიანი დიაბეტი უვითარდება. თავიდანვე სისხლში გლუკოზა არ იმატებს, მაგრამ, განწყობა, მიდრეკილება იქმნება. გარდა ამისა, დიდი რაოდენობის კორტიზოლი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც მოქმედებს. სისხლძარღვები ადრენალინზე უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომ, უფრო მარტივად ვიწროვდება და წნევა იზრდება. ნებისმიერი სტრესი კორტიზოლის რაოდენობის მატებას ხელს უწყობს. მერე და მერე ჭარბი კორტიზოლი არა მარტო სისხლძარღვების შევიწროებას შეუწყობს ხელს, ასევე სხეულში სითხის მოცულობასაც გაზრდის, რაც წნევის გაზრდასაც გამოიწვევს. ეს წნევა უკვე წნევის დამწევ ან დამარეგულირებელ საშუალებებს ნაკლებად დაემორჩილება.
იცვლება კანიც. კორტიზოლის მოქმედებით რიგ ადგილებში ცხიმის შემცველობა იკლებს. მაგალითად, ფეხები, ხელები გახდება. მაგრამ, იმის გამო, რომ ინსულინზე რეზისტენტობა ვითარდება, ადამიანი მუცლის არეში იმატებს. ასევე, ცხიმის შემცველობა სახის არეშიც მოიმატებს. თუ ადამიანს იქამდე აკნე ჰქონდა, გაუმწვავდება. ხოლო თუ არ ჰქონდა, მიდრეკილება გაუჩნდება. ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი სტრიების გაჩენასაც იწვევს. გარდა ამისა, ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი ნერვულ სისტემაზეც აისახება. იცვლება ხასიათი, განწყობა ქვეითდება. როდესაც ადამიანი სტრესშია, ძალა არ აქვს ხოლმე. ქრონიკული ნერვიულობის შემთხვევაში, ჭარბად გამოწვეული კორტიზოლი საბოლოო ჯამში კუნთებში ცილების შემცველობას ამცირებს. ამიტომ, კუნთების ძალისუნარიანობა იკლებს, სისუსტე ვითარდება. თუ ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება, ძვლების სიმკვრივე დაქვეითდება, რაც ადამიანს ოსტეოპოროზისკენ მიდრეკილს ხდის.
ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი ქალებში ციკლის დარღვევას იწვევს. მამაკაცების შემთხვევაში, შესაძლოა, ლიბიდო შეიცვალოს. სქესობრივი ლტოლვა შემცირდეს. ასევე, შესაძლოა, თმიანობა შემცირდეს. მაგალითად, თავის არეში. ქალების შემთხვევაში, პირიქით, თმიანობა სახის არეში იზრდება.
ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი იმუნურ სისტემას აქვეითებს. თუ აქამდე ადამიანს ქრონიკული ინფექცია ჰქონდა, შეიძლება, გააქტიურდეს. თეორიულად შეიძლება, ონკოლოგიური დაავადებების რისკიც იზრდებოდეს. თუ კორტიზოლი მუდმივად მაღალი იქნება და იმუნური სისტემა დაქვეითდება, ადამიანს შეიძლება, სიმსივნისკენ მიდრეკილება ჰქონდეს. მაგალითად, ფილტვის, მკერდის... მაგრამ, სიმსივნესთან მიმართებით, ეს უფრო თეორიული მსჯელობაა.
ჭარბი რაოდენობის კორტიზოლით ძილ-ღვიძილის რეჟიმი ირღვევა. გარდა ამისა, ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი შესაძლოა, სხვა სისტემებზეც აისახოს. შესაძლოა, გულის მკვებავი სისხლძარღვებიც დაზიანდეს და ნელ-ნელა სისხლძარღვების ათეროსკლეროზი განვითარდეს. ადამიანი შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტისკენ იყოს მიდრეკილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, რაც ვისაუბრე, ერთჯერადად კორტიზოლის მატებას კი არ უკავშირდება, არამედ თვეების, წლების განმავლობაში შეიძლება, განვითარდეს. თუ გუშინ გამოცდა გვქონდა და ამაზე ვინერვიულეთ, ეს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს არ გამოიწვევს. მაგრამ, თუ ქრონიკულად სტრესში ვართ, ქრონიკულად ფინანსური, სოციალური პრობლემა, ოჯახში დაძაბულობა გვაქვს და ამის გამო, ქრონიკულად გვიწევს ნერვიულობა, ამაზეა საუბარი.