თამუნა მუსერიძის მრავალწლიანი ძიების დასასრული და ბიოლოგიური მშობლების პოვნა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა დღეს. მას მერე, რაც ბიოლოგიურ მამას შეხვდა და მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც დაამყარა, სრული მოულოდნელობა იყო მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც მისი შეხვედრა ბიოლოგიურ დედასთან. თამუნა ამბობს, რომ დღემდე უჭირს ამ თემაზე ფიქრი და მისთვისაც და უამრავი მისი გულშემატკივრისთვისაც წარმოუდგენელია ის იმედგაცრუება, რაც მან მიიღო.
თამუნა დღესაც პასუხობს გულშემატკივრების შეკითხვებს. მისი თქმით, გარკვეული მოლოდინი ჰქონდა, რომ დედასთან შეხვედრა არ იქნებოდა თბილი და ემოციური, რადგან თავად დედას არ ჰქონდა ამ შეხვედრის სურვილი. მათი შეხვედრა, რომელიც ვენაში შედგა, იყო სრულიად უემოციო და თამუნას თქმით, გადასაღებიც არაფერი იყო, ამიტომ არც გადაუღია. ის უბრალოდ შევიდა დედასთან ოთახში, იჯდა მცირე ხანს, ესაუბრა და წამოვიდა.
დედის მონათხრობის თანახმად, მას და თამუნას ბიოლოგიურ მამას ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი ჰყავდათ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა თავყრილობაზე და მათი ურთიერთობაც სრულიად შემთხვევით მოხდა. თამუნას მამამ არ იცოდა, რომ ქალი დაორსულდა და შვილი გააჩინა. ბიოლოგიური დედის თქმით, მან საკმაოდ გვიან გაიგო ორსულობის შესახებ და ეს მისთვის დიდი შოკი იყო. თამუნა ამბობს, რომ დედამისისთვის პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სახელს, საზოგადოებრივ აზრს, ამიტომ მას არც კი უფიქრია ბავშვის დატოვებაზე. არათუ დატოვებაზე, სახელიც კი არ დაურქმევია მისთვის იმ ათი დღის განმავლობაში, რაც თამუნა მის გვერდით იყო. ის არც დღეს ნანობს ამ ფაქტს და დღესაც არ აქვს სურვილი ბიოლოგიურ შვილთან ურთიერთობის. თამუნას თქმით, დედამ ისიც კი სთხოვა, ეთქვა, რომ მოპარულია, რათა მისი სახელი არ შებღალულიყო...
მას არც მერე გაუჩენია შვილი. ამჟამად მძიმე დაავადება აქვს და მკურნალობის კურსს გადის ვენაში...
თამუნას თქმით, მაინც არ ნანობს ამ ყველაფერს, რადგან შესანიშნავი დეიდაშვილები აღმოაჩინა, რომლებთანაც ურთიერთობას გააგრძელებს, მამასთან კი თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს და ძალიან ბედნიერია, რომ ამდენწლიანი ძიების შემდეგ იცის, ვინ არის სინამდვილეში, როდის გაჩნდა და ვინ არიან მისი გენეტიკური ნათესავები.