2013 წელს პოლონეთში უნიკალური სამედიცინო შემთხვევა მოხდა და ეს ამბავი მეანობის ისტორიაში შევიდა. ვროცლავის მცხოვრებმა, 31 წლის ჯოანა კრშიშტონეკმა გაიგო, რომ ორსულად იყო და 3 ტყუპს ელოდებოდა. ქალი ძალიან გახარებული იყო. თუმცა, მოულოდნელი გართულებები როგორც ორსულისათვის, ასევე ექიმებისათვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა.
ყველაფერი ორსულობის 22-ე კვირას მოხდა, როდესაც ჯოანას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი ერთ-ერთი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ქალისთვის მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ექიმებმა გადაწყვიტეს, დარჩენილი ორი ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს კი უნიკალურ სამედიცინო სტრატეგიას მოითხოვდა.
მშობიარობის შესაჩერებლად ექიმებმა განსხვავებული ტაქტიკა შეიმუშავეს. ჯოანა სპეციალურ საწოლზე 30-გრადუსიანი კუთხით მოათავსეს. ქალს ფეხები თავს ზემოთ ჰქონდა აწეული და ასეთ მდგომარეობაში 75 დღე გაატარა. ეს მისთვის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გამოცდა იყო. თუმცა, იმისათვის, რომ ექიმებს მისი შვილების სიცოცხლე გადაერჩინათ, ამ დათმობაზე წავიდა.
ფაქტობრივად, ქალის მშობიარობა 75 დღით შეაჩერეს. პარალელურად, ჯოანა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა მედიკამენტს იღებდა. 75 დღის შემდეგ, როდესაც ბავშვებმა განვითარების შედარებით უსაფრთხო დონეს მიაღწიეს, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მშობიარობა დაეგეგმათ.
ასე დაიბადა ტყუპი, გოგონა და ბიჭი. ორივე სრულიად ჯანმრთელი იყო და ამავდროულად, ეს ამბავი მედიცინის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა - ქალმა, იმისათვის, რომ შვილები გაეჩინა, 75 დღე სრულიად არაბუნებრივ პოზაში, მწოლიარე მდგომარეობაში გაატარა და მაინც გააჩინა.
ბავშვების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ისინი ახლა, დაახლოებით, 10 წლის ასაკის იქნებიან. ჯოანა კი მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს და დღემდე ვროცლავში ცხოვრობს.