1988 წლის 1-ელ დეკემბერს ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ამინდი უარესდებოდა, თუმცა ბავშვები არდადეგებს განსაკუთრებით ელოდებოდნენ და მოახლოებული დღესასწაულებიც განწყობას უქმნიდა. ქალაქ ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი) სიმშვიდე იყო. ადამიანები ჩვეული რუტინის მიხედვით ცხოვრობდნენ. მოსწავლეებმაც დილით ჩანთები ჩაალაგეს და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. იმ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საღამოს მთელ ქალაქში პანიკა ატყდებოდა და საშინელი ინფორმაცია გავრცელდებოდა...
35 წლის წინ შეიარაღებულმა ჯგუფმა მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეები მძევლად აიყვანა. ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ კრიმინალები დიდ თანხას, იარაღსა და საზღვარგარეთ შეუფერხებლად გაფრენის შესაძლებლობას ითხოვდნენ. ბანდიტების ჩანაფიქრი ვერ შესრულდა, თუმცა ოპერაციის მთავარი წარმატება ის იყო, რომ ყველა მოსწავლე 24 საათში უვნებლად გაათავისუფლეს. ბავშვების მშობლები სრულ პანიკაში იყვნენ, შსს-ს თანამშრომლები და ანტიტერორისტული დანაყოფის „ალფა ჯგუფის" მებრძოლები კონკრეტულ გეგმას ადგენდნენ, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს ოპერაცია წარმატებით...
"ალფას" გენერალ-მაიორი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ ამბის შესახებ მოგვიანებით ფილმი გადაიღეს...
1988 წლის 1-ელ დეკემბერს 42-ე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები 24 წლის მასწავლებელმა ექსკურსიაზე ადგილობრივ სტამბაში წაიყვანა. ის ბავშვებს უხსნიდა, როგორ იბეჭდებოდა წიგნები, რა პროცესები იყო საჭირო, რა ტექნიკას იყენებდნენ... მასწავლებელი ნატალია ეფიმოვა ბედნიერი იყო და ბავშვებიც საინტერესო პროცესს აღფრთოვანებულები უყურებდნენ.
მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს სტამბის გასასვლელთან ავტობუსი ელოდებოდათ. მძღოლი ავტობუსიდან გადმოვიდა, მასწავლებელს სპეციალური საბუთი აჩვენა და უთხრა, რომ მათ გადაადგილებაზე ის იზრუნებდა. ბავშვები სკამებზე მოკალათდნენ. თავდაპირველად, მხიარულობდნენ, ზოგი ცელქობდა, თუმცა, მოულოდნელად ეს ყიჟინა შეწყდა... 5 კრიმინალი ავტობუსში გამოჩნდა და ყვიროდნენ, რომ ბავშვები უკვე მძევლები იყვნენ და მათ უნდა დამორჩილებოდნენ. დამნაშავეებმა ბენზინით სავსე კასრები ავტობუსში მოათავსეს, ასანთიც მოამზადეს და იმუქრებოდნენ, რომ თუ ვინმე დაუმორჩილებლობას გამოავლენდა, ავტობუსს ააფეთქებდნენ. ავტობუსი სკოლის ნაცვლად, ქალაქის ცენტრში დააყენეს შემდგომი მოქმედებისთვის...
როგორც მოგვიანებით გაირკვა, 1-ელ დეკემბერს მათ მძღოლ ვახტანგ ღვინიაშვილის ავტობუსი მოიპარეს - ის მათი პირველი მძევალი გახდა. ამის შემდეგ კრიმინალები რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში მოძრაობდნენ, სკოლების წინ ჩერდებოდნენ და ბავშვებს ავტობუსში ასვლასა და სახლში წაყვანას სთავაზობდნენ. თუმცა, ვერავინ დაითანხმეს. საღამოს პაველმა სტამბასთან ბავშვები შენიშნა და სწორედ იქ მივიდა. ამინდი საშინლად უარესდებოდა და მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად სახლში დაბრუნება შესთავაზა. მაშინ სამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ახალგაზრდა მასწავლებელსაც არ სურდა, საკუთარი მოსწავლეებისათვის საფრთხე შეექმნა და ამიტომაც, ბავშვები ავტობუსში აიყვანა... ასე აღმოჩნდა მძევლად, თავის მოსწავლეებთან ერთად.
ბავშვები შეშინდნენ, მასწავლებელს კი კონკრეტული დავალება მისცეს - მას გამტაცებლების მოთხოვნები ფურცელზე უნდა დაეწერა და როცა უბრძანებდნენ, პოლიციისათვის შეეტყობინებინა.
სულ მალე ავტობუსის სიახლოვეს პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და მათთან ერთად სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იყვნენ. მოლაპარაკებებს "ალფა ჯგუფის" სამმართველოს უფროსი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. გამტაცებლები დიდი რაოდენობის თანხას, თვითმფრინავს, საზღვარგარეთ გაფრენის შესაძლებლობასა და მათი ერთ-ერთი მეგობრის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. დამნაშავეებმა პოლიციელებს დასაფიქრებლად 40 წუთი მისცეს და იმუქრებოდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ბავშვებს დახოცავდნენ.
სანამ გენადი ზაიცევი მძევლების გადარჩენის გეგმას ამუშავებდა, ჯგუფის სხვა წევრები კრიმინალების შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ. ბანდის წევრებიდან ხუთივე ნასამართლევი იყო და კრიმინალური წარსული ჰქონდათ. ბანდის მეთაური პაველ იაკშიანცი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მძევლების აყვანის იდეა პაველ იაკშიანცს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე საბრძოლო ფილმს უყურა. თუმცა, არც მას და არც მის თანამზრახველებს კონკრეტული გეგმა არ ჰქონდათ...
დამნაშავეები იმუქრებოდნენ, რომ როგორც კი შტურმის საფრთხეს იგრძნობნდნენ, ავტობუსს ააფეთქებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გარისკეს და ტერორისტებს ორი ჩანთა გადასცეს, რომელშიც 2 მილიონი დოლარი, რამდენიმე ტყვიამფრქვევი, პისტოლეტები და ჯავშანი იყო. დასთანხმდნენ იმაზეც, რომ მათ მეგობარს ციხიდან გაათავისუფლებდნენ. თვითმფრინავის მოძიება ყველაზე რთული აღმოჩნდა. ამასობაში დრო გადიოდა. დატყვევებული სკოლის მოსწავლეების მშობლები კი საშინელ პანიკაში იყვნენ.
დღის ბოლოს, ავტობუსი ასაფრენ ბილიკზე გამოჩნდა. თვითმფრინავი "ალფას" მებრძოლებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ გენადი ზაიცევის ბრძანებით, არც ერთი მათგანი ზედმეტად არ განძრეულა. კრიმინალები ბავშვების უკან იმალებოდნენ, ბორტზე ასვლის შემდეგ, მოსწავლეები გაათავისუფლეს და ეკიპაჟის წევრები ახალ მძევლებად აიყვანეს.
"ავტობუსში ღამის გატარება ნამდვილი კოშმარი იყო. ისინი გამუდმებით ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდნენ, გვაგინებდნენ და განძრევის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ბავშვების მოთმინებით გაოცებული ვიყავი. არც ერთი მათგანი პანიკაში არ ჩავარდნილა, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ჩემს გამხიარულებასაც კი ცდილობდნენ." - იხსენებს ნატალია ეფიმოვა.
ტერორისტებმა დანიშნულების ადგილად ისრაელი აირჩიეს და თელ-ავივის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ. იქ კი ისინი შეთანხმებული სპეცოპერაციის წყალობით დააკავეს... 3 დეკემბერს ჯგუფის ხუთივე წევრი სსრკ-ში დააბრუნეს. ბანდის ლიდერს 15 წელი მიუსაჯეს. სხვებს კი - 14. 1995 წელს ბანდის ლიდერმა ციხიდან გაქცევა სცადა, რის გამოც მას კიდევ 15 წელი დაუმატეს. თუმცა, 2005 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს...
1989 წლის 3 თებერვალს ბავშვების მასწავლებელი მიხეილ გორბაჩოვმა პირველი ხარისხის ორდენით "პირადი გამბედაობისთვის" დააჯილდოვა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ჟურნალისტზე დაქორწინდა, რომელიც ავტობუსის გატაცების ამბავს აშუქებდა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მოგვიანებით კი ემიგრაციაში წავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რა ბედი ეწია ბანდის მეთაურს მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გაათავისუფლეს, უცნობია. ამ ოპერაციის წარმატების უკან ბევრი ადამიანი იდგა და ერთ-ერთი მათგანი გენადი ზაიცევი იყო. "ალფას ჯგუფის" ლეგენდარულმა მეთაურმა გენადი ზაიცევმა, რომელიც ახლა 89 წლისაა, აღიარა, რომ 1988 წლის 1-ელ დეკემბრამდე მისი მთავარი პრინციპი იყო ის, რომ კრიმინალებთან დათმობაზე არასდროს წავიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმე ბავშვებს შეეხო, პრინციპი შეცვალა.