ბელორუსი ოფიციანტის ამბავი თავის დროზე მთელმა მსოფლიომ გაიგო. ფიზიკური აკადემიის სტუდენტი, ბელარუსი ნატალია არაბი პრინცის ცოლი გაცნობიდან სულ რაღაც ექვს დღეში გახდა. დუბაის მმართველის ძმისშვილი, პოლიტიკოსი და სპორტსმენი, მილიარდერი პრინცი საიდ ალ მაკტუმი მინსკში სპორტულ შეჯიბრებებზე ჩავიდა, თუმცა ამ ქალაქიდან არა მარტო საპატიო საპრიზო ადგილით, არამედ მეორე ცოლთან ერთად გაემგზავრა. ნატალიამ მიიღო ისლამიც და გახდა პრინცესა. თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები და როგორ ცხოვრობს ახლა შეიხის ცოლი...
2007 წლის შემოდგომაზე ბელორუსის დედაქალაქში მსროლელთა შეჯიბრება ჩატარდა. ტიტულოვანი სპორტსმენები სასტუმრო "მინსკში" დააბინავეს, სადაც ოფიციანტად მუშაობდა 18 წლის ნატალია ალიევა, ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი. მას დაავალეს, ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი მიერთმია ნომერში. მაშინ აზრზეც არ იყო, როგორ შეცვლიდა ეს დავალება მის ცხოვრებას.
ნატალიას მაღალმა შავგვრემანმა მამაკაცმა გაუღო კარი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის მაშინვე გაჩნდა რაღაც ნაპერწკალი. შეიხი უცებ მოიხიბლა მისი გარეგნობით და მოკრძალებული ბუნებით. საიდი მაშინ 31 წლის იყო. ცნობილი ოჯახის მემკვიდრე, ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზრდილი. ბავშვობიდანვე უყვარდა სროლა და ძალიან ბევრ პრესტიჟულ ჩემპიონატზე გამოდიოდა. მართალია, ოლიმპიადებზე ვერ მოახერხა მედლის მოპოვება, თუმცა ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია და საყვარელ სპორტს თავს არ ანებებდა. ასე აღმოჩნდა მორიგ ასპარეზობაზე მინსკში...
როცა გოგონამ გაიგო, რომ ეს სიმპათიური მამაკაცი პრინცი იყო, სულ მთლად დაეხვა თავბრუ. მით უმეტეს, რომ საიდს ამოსუნთქვის საშუალება არ მიუცია, თავს ევლებოდა და ლამაზი სიტყვებითა და ჟესტებით ხიბლავდა. სულ რამდენიმე დღეში საიდი შინ უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ ბევრი არ უფიქრია, ახალგაცნობილ გოგონას ცოლობა სთხოვა. პრინცმა გულწრფელად უთხრა ისიც, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უკვე ელოდა ერთი ცოლი და ხუთი შვილი. თუმცა მისი ქვეყნის კანონები აძლევდა საშუალებას, რამდენიმე ცოლი ჰყოლოდა, ამიტომ ნატალიას ცოლად შერთვით არანაირ კანონს არ დაარღვევდა.
გოგონას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, თუმცა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და "აღმოსავლური ზღაპრის" მისეული ვერსია დაიჯერა. მისი მოკრძალებული ცხოვრებიდან, საკმაოდ საშუალო შეძლების ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის, მართლაც ზღაპრულად მოჩანდა მდიდრული და უზრუნველი ცხოვრება. ამიტომ ყველაფერზე დახუჭა თვალი, მათ შორის, მეორე ცოლის სტატუსზეც და პრინცს დათანხმდა...
ხომ ბევრი გოგონა ოცნებობს პრინცის ცოლობაზე, მდიდრულ სასახლეზე, მოახლეებზე და ასრულებულ სურვილებზე? თუმცა ხშირად ასე მეოცნებე გოგონები ოქროს გალიაში ამოყოფენ ხოლმე თავს, საიდანაც ვეღარ თავისუფლდებიან...
დამსხვრეული ოცნებები
წყვილი თითქმის მაშინვე გაემგზავრა დუბაიში, როცა ბელორუსში დაქორწინდნენ. შეიხის სურვილის თანახმად, ნატალიამ ისლამი მიიღო და ახალი სახელიც ერგო ისლამთან ერთად - აიშა ალ-მაკტუმი. მხოლოდ ამის შემდეგ იქორწინა საიდმა მასზე თავის სამშობლოში და დიდი ქორწილიც გადაიხადა. სწორედ ამის მერე დაიწყო გოგონას ახალი ცხოვრება...
ქმართან ერთად მან საოცარი თაფლობისთვე გაატარა კვიპროსზე, ახალ სახლში დაბრუნებული კი უშველებელი სასახლის დიასახლისი გახდა, უამრავი მოახლით. გაუჩნდა ძვირად ღირებული მანქანა პირადი მძღოლით, უშველებელი გარდერობი ლამაზი სამოსით, ძვირფასეულობა. როცა საიდს მოგზაურობისას თან მიჰყავდა, პირადი თვითმფრინავებით დაფრინავდნენ და საუკეთესო სასტუმროებში ბინავდებოდნენ. თავისუფალ დროს გოგონა ცდილობდა, რაიმე საქმით დაკავებულიყო. მალე შეისწავლა ინგლისური და არაბული.
საიდი არ უკრძალავდა ახლობლებთან ურთიერთობას, ამიტომ ნატალიას დედ-მამა ხშირად ჩადიოდა დუბაიში შვილის სანახავად. მშობლები ხედავდნენ, როგორ შეიცვალა მათი შვილის ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნოება შეიცვალა, სჯეროდათ, რომ ის ბედნიერი იყო ფუფუნებაში ცხოვრებით. "ნატაშას ორი მოახლე ჰყავს, მზარეული, მებაღეები. ეზოში ფარშავანგები დასეირნობენ, ვოლიერებში - შვლები, გეპარდი. ახლა ქმარს ავაზას სთხოვს. თავიდან განვიცდიდი, თუმცა ახლა ისე გამოდის, რომ ზღაპარშია ჩემი შვილი. შეიხმა მთელ ოჯახს შემოგვთავაზა იქ ცხოვრება, თუმცა მე არ ვაპირებ მშობლიური ქალაქიდან გამგზავრებას. მე ჩემი კუთხე მაქვს..." - უამბო ნატალიას მამამ ჟურნალისტებს.
2008 წელს აიშამ ქალიშვილი გააჩინა, მერე - კიდევ ერთი. ნელ-ნელა შეამჩნია, რომ ქმარი სულ უფრო და უფრო შორდებოდა. აღარ აქცევდა ყურადღებას და მის აზრს არაფერში არ ითვალისწინებდა, არც შვილებთან მიმართებაში და არ საკუთარ თავთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ მიზეზი საიდის ახალი გატაცება იყო. 2015 წელს ის კიდევ ერთხელ დაქორწინდა...
ამჯერად მისი რჩეული აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე ზეინაბ ჯავალდი აღმოჩნდა. ამბავი თითქმის ისევე განვითარდა - მორიგი შეჯიბრებიდან, რომელიც ამჯერად აზერბაიჯანში ჩატარდა, ჩამოიყვანა გოგონა, რომელიც ალიევაზე სამი წლით უმცროსი იყო და მაშინვე მიიღო სასახლე ქმრისგან. ხუთწლიანი ქორწინების განმავლობაში მან საიდს სამი შვილი გაუჩინა, 2019 წელს კი მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ეყრებოდა.
ზეინაბი სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვდა, ამბობდა, რომ ქმარი შეურაცხყოფდა და ძალადობდა მასზე. თავის გადასარჩენად ბავშვებთან ერთად გამოიქცა და ერთ-ერთ ვილაზე აფარებდა თავს. მან დახმარება აზერბაიჯანის საელჩოს სთხოვა, თუმცა უარი უთხრეს, რადგან საიდის კავშირები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მოგვიანებით მან გააუქმა სოციალურ ქსელში თავისი გვერდები და სრულიად გაქრა თვალთახედვის არიდან. 2022 წელს პრესა წერდა, რომ ზეინაბი სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო, მშობლის უფლება უნდა ჩამოერთმიათ მისთვის. რით დასრულდა მისი ამბავი, უცნობია. როგორც ჩანს, საიდმა იზრუნა, რომ ქალი საიმედოდ ჰყავდეს გადამალული და ამბავიც არ გამოდის მისი "გალიიდან".
რაც შეეხება აიშას, მას არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ზეინაბის ამბებზე. არც თავისი ცხოვრების ამბებზე საუბრობს. კვლავ შეიხის ცოლია და ზრდის შვილებს. ცხოვრობს სასახლეში ფუფუნებით და იშვიათად ხედავს შეიხს, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფს, თუმცა ქალთან შეხვედრის სურვილი დიდად არ აქვს.