იცოდით, რომ შიმშილი კუჭს არანაკლებად აზიანებს, ვიდრე არასწორი კვება?
კუჭის ეროზიის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რეგულარული შიმშილია.
ეროზია კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტია, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტი, ზოგადი ქირურგიგიორგიგოგინაშვილიგანმარტავს, რომ კუჭის ეროზიის შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია, რაც ცხოვრების თანამედროვე რეჟიმითაა განპირობებული. კუჭის ეროზიისა და მისი კვლევის შესახებ გიორგი გოგინაშვილი გვესაუბრება.
- რა ტიპის დაავადებაა კუჭის ეროზია და რა იწვევს მას?
- ეროზია არის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.
ცხოვრების თანამედროვე რეჟიმიდან გამომდინარე დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს. მისი გამომწვევი მიზეზები პირდაპირ კავშირშია ცხოვრების სტილთან. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების რეჟიმი ისეა მოწყობილი, რომ მას მთელი დღე შიმშილი და საღამოს ერთხელ კვება უწევს. ეს კი კუჭისთვის ძალიან ცუდია. ის მუდმივად გამოიმუშავებს ძალიან აგრესიულ მარილმჟავას, ე.წ. კუჭის წვენს, რომლის მთავარი ფუნქციაც საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა. თუმცა როდესაც კუჭი ცარიელია, კუჭის წვენი საკვების ნაცვლად თავად კუჭის გარსზე მოქმედებს და აზიანებს მას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კუჭი ხანგრძლივად ცარიელი არ იყოს და საკვების მიღებას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი. მთავარი პრინციპია, არ დაირღვეს ბალანსი კუჭის დამცავ ფაქტორებსა და მასზე აგრესიულად მოქმედ ფაქტორებს შორის
- როგორია კუჭის ეროზიის სიმპტომები?
- არის შემთხვევები, როდესაც კუჭის ეროზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, როგორც წესი, დაავადებას ახასიათებს: გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა, ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ზედა არეში. დასახელებული სიმპტომები კუჭის ეროზიასთან ერთად სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახასიათებდეს, ამიტომ მათი გაჩენისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და გამოკვლევა.
- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
- კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება გასტროსკოპიის საშუალებით, რომელიც ენდოსკოპიური კვლევის სახეობაა. ამ დროს სპეციალისტი საყლაპავ მილს, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შიგნიდან ათვალიერებს. ლორწოვან გარსზე ხდება ეროზიების აღმოჩენა, რომელიც შეიძლება იყოს მრგვალი ან ხაზოვანი.
- მოგვიყევით გასტროსკოპიის შესახებ…უამრავი პაციენტი ამ კვლევის სირთულეზე საუბრობს. რეალურად რამდენად რთული პროცედურაა?
- თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიმღებლობა აქვს. ზოგი მათგანი ძალიან მშვიდად იტარებს კვლევას ანესთეზიის გარეშე, ზოგისთვის კი საკმაოდ რთულია და ამბობს, რომ ანესთეზიის გარეშე მას აღარ ჩაიტარებს.
რეალურად გასტროსკოპიას არ ახლავს ტკივილი. დათვალიერების დროს ხდება ნაწლავებისა და კუჭის გაბერვა, რომ ნაოჭი გასწორდეს და ეროზია გამოჩნდეს. გაბერვა კი დისკომფორტს იწვევს. სწორედ ეს არის კვლევის უარყოფითი მხარე.
აღნიშნული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გასტროსკოპიას ხშირად ანესთეზიით იკეთებენ.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე აპარატი, რომლითაც „ნიუ ჰოსპიტალსია“ აღჭურვილი, კიდევ უფრო ამარტივებს კვლევას, რადგან ის მაქსიმალურად მოქნილი და დრეკადია. მასში ინტეგრირებული სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით კი ექიმს უკეთესი ვიზუალიზაციის და შესაბამისად, უფრო ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას აძლევს.
- კვლევის სრულყოფილად ჩატარებისთვის ანესთეზია ხელისშემშლელ ფაქტორს ხომ არ წარმოადგენს?
- პირიქით, ანესთეზიით ჩატარების დროს, როდესაც პაციენტს სძინავს, ექიმი უფრო მშვიდად ათვალიერებს ორგანოებს. ამ დროს პაციენტი არ აჩქარებს და არ სთხოვს, პროცედურის დროულად დასრულებას. არაერთ ქვეყანაში, ოფიციალური გაიდლაინებით გასტროსკოპია ანესთეზიის გარეშე აღარც კეთდება. თუმცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს.
- რამდენი ხანი გრძელდებაnკვლევა?
- გასტროსკოპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პროცედურა მინიმუმ 6-7 წუთი გრძელდება. თუმცა ის 20 წუთამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ზუსტი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი უბანი აქვს დასათვალიერებელი სპეციალისტს.
- როგორ ხდება გასტროსკოპიისთვის მომზადება?
- პაციენტმა კვლევის ჩატარებამდემინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოს საკვები და სითხე. მიღებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს, ერთი მხრივ, მექანიკური ასფიქსია და მეორე მხრივ, ექიმმა შეიძლება სრულყოფილად ვერ დაათვალიეროს ორგანოები, რადგან საკვები ნაწილაკები ეროზიას ფარავდნენ.
- მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროა თუ არა გასტროსკოპიის კვლავ ჩატარება?
- კვლევის შემდეგ პაციენტს ვუშვებთ შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც მას მკურნალობას უნიშნავს. რადგან თითოეულ ორგანიზმს მედიკამენტების მიმართ ინდივიდუალური რეაქცია აქვს, საჭიროა, მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლავ ჩატარდეს კვლევა და დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
R