მშობლები ხშირად წერენ, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვერ უმკლავდებიან პროგრამას, სამეცადინოს, უჭირთ დავალებების შესრულება, ამის გამო კი რეპეტიტორების აყვანა და დამატებითი რესურსების გაღება უწევთ. ნათია უჩავა, უკვე 11 წელია, მასწავლებელია. ის თბილისის N126 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის და ცოტახნის წინ 2024 წლის "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებული გახდა. მას ვთხოვეთ, გაეზიარებინა საკუთარი დამოკიდებულება, თუ რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს ამ ასაკში რეპეტიტორის დახმარება:
- გასულ წელს I-II კლასში გრიფირების შედეგად სულ ახალი სახელმძღვანელოები შემოვიდა. ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები, წინა წლებთან შედარებით, ბავშვების შესაძლებლობებზე უფრო მორგებულია. სამწუხაროდ, მე-3-მე-4 კლასში ისევ წინა წლების წიგნებით გვიწევს სწავლება. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ რომელი სახელმძღვანელოთიც გავდიოდით მათემატიკას, ბუნებას, საინტერესო და მოსწავლეების შესაძლებლობებთან მეტად შესაბამისი იყო.
სახელმძღვანელოს გარდა, პროგრამის უკეთ ასათვისებლად მასწავლებლებს კლასში დამატებითი რესურსებიც შეგვაქვს. ვფიქრობ, მარტო სახელმძღვანელო საკმარისი არ არის. ამიტომ, დამატებითი მასალები, რესურსები ყოველთვის გამზადებული გვაქვს. ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები მეტ-ნაკლებად პროგრამის შესაბამისია. მაგრამ, მესამე კლასის სახელმძღვანელოები არ მომწონს და ვფიქრობ, რომ ბავშვის შესაძლებლობებთან შესაბამისი არ არის. ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად, მაინც გადასახედია.
- რა დროს უნდა ხარჯავდეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლე მეცადინეობისათვის, ეს ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა, იმაზე მეტ დროს არ უნდა ხარჯავდეს, ვიდრე შეუძლია. იმიტომ, რომ მერე სწავლის პროცესი შესაძლოა, შესძულდეს და მისთვის არასასიამოვნო გახდეს. ჩემი დაკვირვებით და ზოგადადაც, თუ ბავშვი გაკვეთილის განმავლობაში ყურადღებითაა, პროცესში აქტიურადაა ჩართული, მასწავლებელს უსმენს, საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას შეძლებს. პირველ-მეორე კლასელებს მითითება და მშობლის ჩართულობა მაინც სჭირდებათ. მაგრამ, მესამე-მეოთხე კლასში უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ, დავალება შეასრულონ. თუ, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, მოსწავლე კლასში, საგაკვეთილო პროცესში აქტიურადაა ჩართული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მრავალრიცხოვანი კლასები გვაქვს, ყველა მოსწავლე შეიძლება, პროცესში ჩართული სრულყოფილად არ იყოს. მასწავლებლებსაც დიდი ძალისხმევის გაღება გვიწევს, რომ ყველა ჩავრთოთ, მოგვისმინონ, ვინც არ აქტიურობს, შეკითხვები დავუსვათ, მათი ნაკლები ინტერესის მიუხედავად, დავალებების შესრულებაში ჩავრთოთ. ამიტომ, ზოგიერთ მოსწავლეს სახლში მეტი დახმარება სჭირდება, ზოგიერთს - ნაკლები.
თავად ბავშვს სახლში შესასრულებლად ისეთ დავალებას არ ვაძლევ, რაც კლასში არ გაგვივლია და არ გვიმუშავია. კონკრეტულ ინსტრუქციას ვუზიარებ და ხშირად, რა დავალებასაც მოსწავლე წერილობით ასრულებს, ზეპირად კლასში უკვე გავლილი გვაქვს. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: დაწყებით კლასებში ბავშვს მაინც სჭირდება ვიღაც, ვინც გარკვეულ მითითებებს მისცემს. ჩვენ კი ვანიშნინებთ და მშობლებსაც ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა აქვთ დავალებად, მაგრამ ყველა მოსწავლეს ეს არ ახსოვს. იმ ბავშვს, რომელსაც კლასში უფრო მეტი დახმარება უნდა, სახლშიც მეტი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, თუ ჰყავს მშობელი ან ვინმე, ვინც მას ამეცადინებს, რეპეტიტორი არ დასჭირდება. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლების უმრავლესობა მუშაობს, სახლში გვიან, ძალიან დაღლილები მიდიან, აღარ აქვთ რესურსი, რომ ბავშვი ამეცადინონ. შესაბამისად, ასეთ დროს რეპეტიტორის დახმარება სჭირდებათ.
ჩემი აზრით, ესაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც რეპეტიტორი აჰყავთ და არა ის, რომ მათ დავალებები აქვთ ძალიან რთული ან კლასში არ განიხილავენ ამ დავალებებს. შესაძლოა, მშობელი ბავშვის მეცადინეობას ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს, შეიძლება, პატარა ჰყავს და მას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ან სხვა პრობლემები აქვს, ამიტომ დახმარებისთვის რეპეტიტორს მიმართავენ.
- შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეგვიძლია, ცოტა უფრო გამარტივებული პროგრამა შევთავაზოთ. ხომ არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ სწავლობს ისე, როგორც სხვები. მაგალითად, თუ ბავშვს თხრობა უჭირს, რომ მოდის და ვხედავ, რომ მოყოლა ერთულება, კითხვების დასმის საშუალებით ვცდილობ, გამოვკითხო. რაც შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, იმას ვეკითხები. ყოველთვის არსებობს რთული, უფრო რთული ან შედარებით მარტივი დავალებები. შესაბამისად, მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ყველა მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში საგაკვეთილო პროცესში ჩართოს.
თამარ იაკობაშვილი