68 წლის კრის ჯენერს დღეს მსოფლიო იცნობს. დღეს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქალია, ფლობს არაერთ ბიზნესს, შეუძლია, შეიძინოს ყველაფერი, რაც მოესურვება და ყველა ოცნება აისრულოს. არანაკლებ წარმატებული შვილების დედაა - კიმ კარდაშიანს და კენდალ ჯენერს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იცნობს და მსოფლიო ვარსკვლავები არიან... ყოველთვის მდიდარი სულაც არ გახლდათ კრისი, მაგრამ... "ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. როგორ გავაკეთებდი ამას, მეორეხარისხოვანი იყო." - თქვა კრის ჯენერმა რეალითი-შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში. მისი წარმატების ისტორია მართლაც გამორჩეულია და დღეს სწორედ მასზე ვისაუბრებთ:
კრისტენ მერი ჰოუტონი (მოგვიანებით - ჯენერი) პატარა ამერიკულ ქალაქში დაიბადა. ადრეულ ასაკშივე მამის გარეშე დარჩა, დედა ზრდიდა, რომელსაც ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა. კრისს არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც განსაკუთრებული გარეგნული მონაცემებით გამოირჩეოდა - ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობდა.
7 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და ამიტომ, ის და დედა საშინელ სიღარიბეში აღმოჩნდნენ. სწორედ ამის გამო, 12 წლის ასაკიდან კრისი ფუნთუშებისა და დონატების გამყიდველად და დამლაგებლადაც კი მუშაობდა, რომ დედას დახმარებოდა და თავი ერჩინათ.
გოგონა სკოლაში კი დადიოდა, მაგრამ სწავლისთვის ბევრი დრო არ რჩებოდა და არც დიდ ინტერესს გამოხატავდა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე არც ფიქრობდა. ყოველთვის უნდოდა, რომ რაიმე ისეთი საქმე გაეკეთებინა, რაც დიდ ფულს მოუტანდა. კრისს საკმაოდ მკაფიო გეგმა ჰქონდა. მისი მიზანი იყო, შეხვედროდა წარმოსადეგ მამაკაცს, რომელთან ერთადაც ოცნების ქალაქში - ლოს-ანჯელესში უზრუნველად იცხოვრებდა. თუმცა, გოგონა ოცნების პრინცს სახლში არ ელოდებოდა. იცოდა, დაახლოებით, სად შეიძლებოდა შეხვედროდა მამაკაცს, რომელსაც შემდეგში ცხოვრებას დაუკავშირებდა.
ერთ-ერთ გოლფკლუბში მან პროფესიონალი მოთამაშე სეზარ სანუდო გაიცნო. ის მასზე 11 წლით უფროსი იყო, თუმცა მილიონობით დოლარს ფლობდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა და 18 წლის კრისმა მეგობარ მამაკაცთან ცხოვრება დაიწყო. თუმცა ეს რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მალევე კრის ჯენერმა მომავალი მეუღლე, ადვოკატი რობერტ კარდაშიანი გაიცნო.
ოფიციალური ვერსიით, კრისმა რობერტი თვითმფრინავში გაიცნო, სადაც ბორტგამცილებლად მუშაობდა. რობერტი მაშინ საკმაოდ მდიდარი და წარმოსადეგი მამაკაცი იყო და დიდ ქონებასაც ფლობდა. კარგი განათლება ჰქონდა და უამრავი ადამიანი იცნობდა.კრისმა და რობერტმა ურთიერთობა დაიწყეს. როდესაც სანუდომ ამის შესახებ გაიგო, კრისი სახლიდან გააგდო და საშინელი სკანდალიც მოაწყო. მაშინ რობერტ კარდაშიანი პრისცილა პრესლისზე იყო შეყვარებული და მის ცოლად მოყვანასაც გეგმავდა. თუმცა, ეს ქორწინება ჩაიშალა და რობერტი კრისზე გადაერთო.
თავდაპირველად, ერთმანეთს ხშირად არ ხვდებოდნენ, მაგრამ ნელ-ნელა ეს შეხვედრები უფრო სისტემატური გახდა. სამი წლის შემდეგ მან გოგონას ცოლობა სთხოვა, რამაც მისი ყველა მეგობარი აღაშფოთა. ამის შემდეგ, კრისმა მეუღლის საბანკო ბარათებზე წვდომა მიიღო, შეიძინა მანქანა, დიზაინერული კაბები და ახალი საათი. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...
კორტნისა და კიმის დაბადების შემდეგ, კრისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რობერტს ბევერლი-ჰილზში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში 650 კვადრატული მეტრის სასახლე ეყიდა. სასახლეში ჩოგბურთის კორტები, უზარმაზარი საცურაო აუზი და არაერთი გასართობი სივრცე იყო. მალევე, კრისის სახლი ჰოლივუდის სოციალური ცხოვრების ცენტრად იქცა. ქალი გრანდიოზულ წვეულებებს აწყობდა, ცნობილ ადამიანებს ეპატიჟებოდა და ნელ-ნელა თავადაც პოპულარული გახდა.
კრისმა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და გარეგნობა, იმიჯი სრულად შეიცვალა. იმდენად განსხვავებული გახდა, რომ რობერტს ეჭვიც კი გაუჩნდა, ხომ არ ღალატობდა. სხვათა შორის, როგორც ცნობილია, რობერტი ეჭვობდა, რომ ქლოე მისი ბიოლოგიური ქალიშვილი არ იყო, მაგრამ მას გოგონა ძალიან უყვარდა და დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე არასდროს უფიქრია.
1987 წელს წყვილს ვაჟი - რობერტ უმცროსი შეეძინა. ნელ-ნელა მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და კრისმა რომანი ფეხბურთელ ტოდ ვატერმანთან გააბა. რობერტმა როდესაც ეს ამბავი გაიგო, მაშინვე განქორწინება მოითხოვა და ცოლს ყველა საბანკო ბარათი დაუბლოკა. კრისი 4 შვილით, ფაქტობრივად, სრულიად მარტო და უფულოდ დარჩა.
"არაფერი მქონდა. ერთ დღეს მარკეტში წავედი და ბარათი დაბლოკილი დამხვდა." - გაიხსენა კრისმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მალევე ქალმა ბარტერული წვეულება მოაწყო, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიუს ჯენერს შეხვდა. ბრიუსიც საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო. მათ რომანი დაიწყეს, 1991 წელს დაქორწინდნენ და ორი ქალიშვილი - კენდალ და კაილი ჯენერები შეეძინათ.
კრისს ბიზნესის წამოწყების საოცარი უნარი და ალღო ჰქონდა, თანაც ისე, რომ ეს არსად უსწავლია. 2004 წელს საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ახალი ბიზნესი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2007 წელს კარდაშიან-ჯენერების მთელი კლანი ქალაქ ჰიდდენ-ჰილზში, დიდ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად.
ერთ დღეს მათთან ოჯახის მეგობარი მივიდა. სახლში სრული ქაოსი იყო, კრისი თან სადილს ამზადებდა, თან გოგონებს ელაპარაკებოდა, პარალელურად, კიდევ სხვა რაღაცაზე საუბრობდა და ეს იმდენად სახალისო იყო, რომ სტუმარმა რეალითი-შოუს გადაღება ურჩია... მეორე დღესვე კრისმა იდეაზე ფიქრი დაიწყო და ამერიკელ პროდიუსერთან, რაიან სიკრესტთან კონტრაქტი გააფორმა. ასე დაიწყო რეალითი-შოუ, რომელიც 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და სატელევიზიო რეიტინგების სათავეში იყო.
2015 წელს ბრიუს ჯენერმა განქორწინება მოითხოვა. მალევე მან საკუთარ ორიენტაციაზე ისაუბრა და თავი ტრანსგენდერ ქალად წარადგინა. 2017 წელს კრისის ყოფილმა ქმარმა მემუარები გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ცოლმა მისი გენდერული დაბნეულობის შესახებ ყველაფერი იცოდა. კრის ჯენერი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
იმ დროისათვის რეალითი-შოუ უკვე მეგაბიზნესად გადაიქცა. კრისმა საკუთარი ბრენდის ტანსაცმელი, კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლი გამოუშვა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია.
კრის ჯენერმა ყველაფერი გააკეთა, რომ მის შვილებსაც დიდი წარმატებისთვის მიეღწიათ. შესაბამისად, ისინი დღეს, დამოუკიდებლად, ძალიან მდიდარი და წარმატებული ადამიანები არიან. გარდა ამისა, ის შვილების ბიზნესების მართვაშიც მონაწილეობს და თითოეული ბიზნესის შემოსავლიდან 10%-ს იღებს. ეს თანხა დაახლოებით 230 მილიონი დოლარია. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი არაერთ უძრავ ქონებას ფლობს. მას ჰიდდენ-ჰილზში 20 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე აქვს. 12 მილიონ დოლარადაა შეფასებული სასახლე საკურორტო ქალაქ ლა-კვინტაში, კოაჩელას ხეობაში, სადაც ამავე სახელწოდების ფესტივალი იმართება.
ჰიდდენ-ჰილზში მისი ქალიშვილების სახლების გვერდით არის კიდევ ერთი 929 კვადრატული მეტრი ფართობის სასახლე სპა, ექვსი საძინებლით და რვა სველი წერტილით, რომელიც ჯენერმა 10 მილიონ დოლარად იყიდა. გარდა ამისა, მეწარმე ფლობს ორ ბინას კალაბასასში. როგორც აღვნიშნეთ, მას არაერთი ბიზნესი აქვს.
ახლა კრის ჯენერი 69 წლისაა. მისი დილა 5 საათზე, სპორტდარბაზში ვარჯიშით იწყება. ყველა, ვინც მასთან ურთიერთობს, ამბობს, რომ ქალს საოცარი ალღო აქვს. ყველაფერს, რასაც ეხება, ფულად აქცევს...
4 წელზე მეტია, 39 წლის კორი გემბლთან აქვს ურთიერთობა. ჯენერი მას ყველაზე სექსუალურ მამაკაცს უწოდებს. თუმცა, ამ ურთიერთობაზე საჯაროდ ბევრს არ საუბრობს.
კრის ჯენერმა აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწია, რაზეც ოცნებობდა და ღარიბი ბავშვობის მიუხედავად, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. ის შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და საკუთარ შვილიშვილებს აღმერთებს. ქალს 12 შვილიშვილი ჰყავს, ბავშვებთან დროს ხშირად ატარებს და ზოგადად, ოჯახური შეკრებები განსაკუთრებით უყვარს.