ყველაზე ცნობილი ფსიქოპათი მანიაკის ჩარლზ მენსონისა და ეფტონ ბარტონის ურთიერთობის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. ერთ დღეს მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, რომ რომელიმე ცნობილი ადამიანისათვის წერილი მიეწერათ. ეფტონმა, თავდაპირველად, პოლიტიკოსი აირჩია, თუმცა შემდეგ მეგობარმა ურჩია, წერილი სიკვდილმისჯილი ცნობილი პატიმრისთვის მიეწერა, რომელსაც საკვდილით დასჯა გაუუქმეს და საბოლოოდ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ეფტონზე ამ კანდიდატურამ იმაზე გაცილებით მეტი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე პოლიტიკოსმა, რომლის სახელიც დღეს აღარავის ახსოვს.
ერთ ღამეში მენსონი გოგონას კერპი გახდა. 17 წლის ეფტონმა ჩარლზს დიდი წერილი გაუგზავნა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მამაკაცმა ამ წერილს უპასუხა.
ჩარლზ მენსონი ახალგაზრდობაში ერთ-ერთი ცნობილი სექტის წევრი იყო. 1960-იან წლებში ის ამერიკაში რასობრივი ომის წამოწყებაზე ოცნებობდა, ქადაგებდა, რომ „ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს“. 1969 წელს თავისი სექტის წევრებთან ერთად ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის სახლში შეიჭრა და 7 ადამიანი, მათ შორის პოლანსკის ორსული ცოლი, შერონ ტეიტი მოკლა. ამბავმა უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. მამაკაცს თავიდან სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს...
ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ მოზარდობის ასაკში გოგონები ხშირად ცდილობენ, სხვებისგან განსხვავებულები იყვნენ, მოხიბლულები არიან კრიმინალით, უპირისპირდებიან მშობლებს და ყველაფერზე წინააღმდეგობას გამოხატავენ. ეფტონ ბარტონის შემთხვევაც შესაძლოა, ამ ფაქტით აიხსნას.
მოგვიანებით გოგონას მამა ფილ ბარტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ამ ამბის დაწყების შესახებ არაფერი იცოდა. ერთ დღეს საიდუმლო საბოლოოდ გაირკვა. ეფტონის დედამ სერიული მკვლელის წერილი ნახა... ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა, და ბოლოს ეფტონმა საკუთარი ნივთები ჩაალაგა და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, რათა საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მშობლებმა 18 წლის ქალიშვილს მობილური ტელეფონი გადასცეს და უთხრეს, რომ ხშირად დაერეკა. ბაბუამ კი სადგურამდე მიაცილა... მშობლები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და მათმა შვილმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა.
ამის შემდეგ, ეფტონი საყვარელ მამაკაცს ციხეში რეგულარულად სტუმრობდა.ის მასთან ყოველთვის დაცვის თანამშრომლებით შედიოდა. ჩარლზს გოგონასთან მარტო დარჩენა ეკრძალებოდა.
2014 წელს მათ უკვე ქორწინებაზე დაიწყეს საუბარი. უცნაური და ბევრისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ გოგონას მშობლები ამ ამბავს აქტიურად არ ეწინააღმდეგებოდნენ. პირიქით, გამართლებასაც კი ცდილობდნენ... მამა ყველა ინტერვიუში იმეორებდა, რომ ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეფტონი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.
გოგონას დედა ამბობდა: "დიახ, სიტუაცია ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი ქალიშვილი ჭკვიანი გოგონაა და მან იცის, რასაც აკეთებს.” ქალი აღნიშნავდა იმასაც, რომ ეფტონმა და ჩარლზმა საერთო ენა იპოვეს და შესაძლოა, ეს ურთიერთობა ორივესთვის ძალიან სასარგებლო ყოფილიყო... შეკითხვაზე, სჯეროდა თუ არა, რომ ფსიქოპატ მკვლელს შეეძლო, ვინმე ჰყვარებოდა, ეფტონის დედა, მელისა ამბობდა: "დიახ, დიახ. ჩარლზს ჩემი ქალიშვილი უყვარს. მე ამის მჯერა. ეფტონი მას უხდება."
თავად მენსონი ორჯერ იყო დაქორწინებული და კრიმინალური წარსული ჰქონდა. გოგონას სჯეროდა, რომ ჩარლზის მორიგი ცოლი გახდებოდა. დაქორწინებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ შეეძლო, წარმატებული სთენდაფერი გამხდარიყო.
"ერთხელ ჩარლზმა მითხრა: "სცენაზე რომ ახვიდე, მაყურებელი სიცილით მოკვდება." - ამბობდა გოგონა.
ეფტონს მენსონის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემელს და მიმდევარს, მისი სექტის წევრ სიუზან ატკინს ადარებდნენ. სიუზანი 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. თავად ეფტონს ეს მსგავსება სძულდა და სიუზანს "მეძავს" ეძახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეფტონი და სერიული მკვლელი დაქორწინებასა და შვილის გაჩენას აპირებდნენ, ეს არასდროს მომხდარა. მენსონმა გაიგო ჭორები, თითქოს გოგონას ანგარება ამოძრავებდა და სერიოზული გეგმები ჰქონდა მენსონის ცოლის სტატუსით. მენსონს უთხრეს, რომ ეფტონი და მისი მეგობარი მისი გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე ხეირობას აპირებდნენ და ფინანსური დაინტერესება ჰქონდათ, ასევე - პოპულარობის მიღწევა სურდათ. მათი გეგმის მიხედვით, მენსონის სხეულს მინის კუბოში მოათავსებდნენ და საჯაროდ გამოფენდნენ...
მართლა გეგმავდა თუ არა ასე ეფტონი, უცნობია. თუმცა ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის. შესაძლოა, მას რელიგიურ მშობლებზე შურისძიება სურდა, რომლებიც ბავშვობაშუ არაერთ შეზღუდვას უწესებდნენ. შესაძლოა, მას პოპულარობა და ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობა მართლაც უნდოდა ან კიდევ სჯეროდა, რომ მის გვერდით მენსონი საუკეთესო ადამიანი გახდებოდა... როგორც არ უნდა იყოს, ეს ამბავი მისი გეგმის მიხედვით არ დასრულდა.
"არა, ის ქალი არ არის, ის ვარსკვლავია, რომელიც ირმის ნახტომში ანათებს" - თქვა ერთხელ მენსონმა. ამის შემდეგ ეფტონს "ვარსკვლავის" მეტსახელი დარჩა...
ჩარლზ მენსონი 2017 წელს, ციხეში გარდაიცვალა.