მეხიკოში "მის სამყაროს" 73-ე კონკურსი დასრულდა. ფინალური შოუს გამარჯვებული და "მის სამყარო 2024" დანიელი გოგონა ვიქტორია კიერ ტეილვიგი გახდა. 21 წლის კიერმა ყველაზე მეტად მოხიბლა ჟიური არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ინტელექტითა და ქარიზმით და ტიტულთან ერთად, 18-კარატიანი ოქროს გვირგვინს დაეუფლა, რომელიც ბრილიანტებით და მარგალიტებით არის მოოჭვილი.
ვიქტორია 2003 წლის 13 ნოემბერს დაიბადა დანიის ქალაქ სიობორგში. ბიზნესისა და მარკეტინგის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის დროიდან მუშაობს საიუველირო სფეროში - ბრილიანტებით ვაჭრობაზეა სპეციალიზებული. ბავშვობიდან ცეკვავს, ცეკვის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა და დღესაც პარალელურად ცეკვის მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ სიმღერის წერაც მოსწონს და უშვებს თავის სიმღერებს.
გარდა ამისა, ვიქტორიამ, მცირე ასაკის მიუხედავად, მოასწრო საკმაო გამოცდილების დაგროვება საქველმოქმედო სფეროში ჩართულობით, ბევრი წელია მოხალისეა და საკუთარი საქველმოქმედო პროექტებიც აქვს. ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდების უფლებებისა და შესაძლებლებლობების გაფართოებაზე ზრუნავს. სამომავლოდ ჰარვარდში სურს ჩაბარება და სამართლის სწავლა.