გოგონას საჩუქარი, ალბათ, ხშირად გიძებნიათ. არჩევანს კი ძირითადად, თოჯინებზე ვაჩერებთ.
ბოლო დროს ბევრი მშობელი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ მათი გოგონების "პრინცესული" ოცნებები, რომლებიც 20-30 წლის წინ სასიამოვნო და გულის ამაჩუყებლად ჟღერდა, დღეს პრობლემად იქცა.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მართალია, გოგონებს ყოველთვის მოსწონდათ პრინცესას როლის მორგება, მაგრამ ადრე ბავშვებმა იცოდნენ, რომ პატივი, ბედნიერება და პრინცის სიყვარული შრომისმოყვარე, კეთილ და თავმდაბალ გოგონას შეეძლო მოეპოვებინა და არა ჭირვეულ პრინცესას. დღეს კი სიტუაცია შეიცვალა და თანამედროვე "პრინცესები" უფრო მოდელებს ჰგვანან, რომელთა მთავარი მიზანიც კაშკაშა სამოსის ჩვენება, გლამურულ ჟურნალებში გადაღება და მამაკაცების გულების დაპყრობაა.
სათამაშოების ასორტიმენტი ყოველწლიურად ფართოვდება, თუმცა მშობლები ამჩნევენ, რომ მათი გოგონები აღარ ინტერესდებიან ბავშვი თოჯინებით ან როლური თამაშებისთვის საჭირო მოწყობილობებით. მათ მხოლოდ მდიდრული პრინცესები აინტერესებთ თავიანთი მზითვით - ტანსაცმლით, აქსესუარებით, ეტლებით, ცხენებითა და სასახლეებით.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვების გემოვნებას არა მხოლოდ მშობლები, არამედ გარემოც აყალიბებს. ბავშვები რეაგირებენ ყველაფერ ფერადსა და კაშკაშაზე, სწორედ ამიტომ თანამედროვე მულტფილმებისა და თოჯინების მწარმოებლები თავიანთ გმირებს მკვეთრი ფერის კაბებს აცმევენ. გოგონები კი სწრაფად ითვისებენ თავს მოხვეულ სტანდარტებს.
ბევრი თოჯინა არღვევს სილამაზის ტრადიციულ კანონებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კომპლექსების განვითარებას, თოჯინასთან მიმსგავსების მცდელობისას, გოგონამ შეიძლება დაიწყოს წონის დაკლება, დიეტებით იტანჯოს კვებითი ქცევებისა და ანორექსიის სიმპტომებამდე, ასე რომ, ერთი შეხედვით უვნებელი სათამაშოები მოზარდობის ასაკში ზოგჯერ ფსიქო-ემოციურ პრობლემებს იწვევს. გოგონები იწყებენ ფიქრს, რომ მხოლოდ "იდეალური" გარეგნობით შეიძლება გახდნენ ბედნიერები და საყვარლები.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ "ბარბის ეპოქამდე" თოჯინებს, მათ შორის მზეთუნახავებსა და პრინცესებსაც კი, არ ჰქონდათ ზრდასრული ქალის ფორმები. ისინი ბავშვებს ჰგავდნენ, რაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან თამაშის დროს გოგონა დედის როლს ირგებდა და ზრუნავდა "შვილზე". დღევანდელი თოჯინები კი ზრდასრული გოგონას სახეს წარმოადგენენ, რის გამოც ბავშვი ვერ ითვისებს როლურ მოდელს.
გოგონა ნაადრევად იწყებს ქალად გრძნობას, მაგრამ ბოლომდე ვერ ხდება ის. ზრდასრულობაშიც რჩება დაუცველი, მარტოსული ბავშვი - ოცდაათი, ორმოცი წლისაც კი.
რა თქმა უნდა, თოჯინები ყოველთვის არ იწვევენ ასეთ შედეგებს. მაგრამ თუ ოჯახში მუდმივი კონფლიქტებია, განქორწინება, დედა გვიანობამდე მუშაობს, ბავშვმა კი ემოციური კონტაქტი დაკარგა მშობლებთან, ასეთ სიტუაციაში ბავშვი თავს მიტოვებულად და მარტოდ იგრძნობს და ასეთი სათამაშოები და მულტფილმები შეიძლება ფსიქოლოგიური სირთულეების გაჩენის ხელშემწყობი გახდეს.
სწორედ ამიტომ, მშობლებს ურჩევენ, ხშირად წაუკითხონ შვილებს ძველი კეთილი ზღაპრები, ითამაშონ "სახლობანა", "დედა-შვილობანა" და სხვა როლური თამაშები, განუვითარონ შემოქმედებითი ინტერესები და ხშირად ესაუბრონ იმაზე, რომ "ბარბის სამყაროს ბრჭყვიალა შეფუთვა" სულაც არ არის ბედნიერებისა და კეთილდღეობის გარანტია, არამედ გამოგონილი სამყარო, რომელიც ნამდვილი ცხოვრების პაროდიაა.