"რთულია ერთადერთი შვილისგან შორს ყოფნა, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცებს მივეჩვიე, რაც იზრდება ანდრია, ვხედავ უფრო მეტად უჭირს ჩემთან განშორება" - რას ჰყვება საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულის დედა? - მშობლები

"რთულია ერთადერთი შვილისგან შორს ყოფნა, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცებს მივეჩვიე, რაც იზრდება ანდრია, ვხედავ უფრო მეტად უჭირს ჩემთან განშორება" - რას ჰყვება საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულის დედა?

2024-11-19 11:11:19+04:00

საქართველოში დაბრუნდა "საბავშვო ევროვიზია 2024”-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე. მას თბილისის აეროპორტში დიდი ზეიმი მოუწყეს, უამრავი გულშემატკივარი დახვდა და ეს დიდი გამარჯვება მიულოცა.

როგორც ცნობილია, საბავშვო "ევროვიზია 2024" ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა. 11 წლის ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით "დედას" (To My Mom), რომელიც კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ემოციური და ამაღელვებელი ვიდეორგოლი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაიღო, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. ძალიან გამორჩეული იყო ანდრიას გამოსვლა, მან მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ვოკალური შესაძლებლობები და საქართველომ უმაღლესი, 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო. იტალიამ, ესტონეთმა, ალბანეთმა, სომხეთმა, კვიპროსმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, სან მარინომ, უკრაინამ, პორტუგალიამ, ისლანდიამ და მალტამ მოიწონეს მისი შესრულებული სიმღერა და თითოეულმა ანდრიას 12 ქულა დაუწერა.

ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო "ევროვიზიის” გამარჯვებულია. ამ კონკურსზე ეს საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა და მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. ქართულად შესრულებული მისი ემოციური სიმღერა დედასთან განშორებას, ემიგრაციასა და მის სირთულეებს ეძღვნება. საზოგადოებამ კლიპიდან იცის, რომ ანდრიას დედა, შორენა აბაშიძე ემიგრანტია, ის ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და როგორც დედა-შვილი ამბობს, ძალიან უჭირთ ერთმანეთის გარეშე ყოფნა.

"ყოველ ჯერზე ვეუბნები, დედა, არ წახვიდე, აქ მჭირდები-მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ ასეა საჭირო და ამ ყველაფერს ის ჩემთვის აკეთებს. როცა ძალიან მჭირდება, დედა ყოველთვის ჩემ გვერდით არის",- ამბობს 11 წლის ანდრია, რომელიც ბებოსთან და ბაბუასთან იზრდება და აღნიშნავს კიდეც, რომ მის ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედა და ბებია არიან და რომ ეს გამარჯვება მან ამ ორ ადამიანს მიუძღვნა. როგორც გავარკვიეთ, ანდრია დედამ, შორენა აბაშიძემ დაარეგისტრირა "რანინაში", მაშინ, ალბათ, გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ მისი შვილი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენდა, რადგან მისი თქმით, ანდრია ძალიან შრომისმოყვარეა. ანდრია მაყურებელმა პროექტ "რანინადან" გაიცნო და სწორედ "რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.

ანდრია ფუტკარაძე 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. ექვსი წლიდან ვოკალურ ანსამბლ "ზღვის შვილების" წევრია. ჩვენ ანდრიას დედას, შორენა აბაშიძეს გავესაუბრეთ.

- შორენა გილოცავთ შვილის ამ დიდ წარმატებას, რა ემოცია იყო, როცა გამოაცხადეს, რომ თქვენი შვილი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულიგახდა?

- ეს საოცარი შეგრძნება იყო, ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, ხმაც არ მაქვს და ბევრი რამე იმ მომენტიდან არც მახსოვს, ისეთ ემოციებში ვიყავი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ხედავ შვილის ასეთ წარმატებას. მადლობა ყველას, ვინც ანდრიას წარმატებაში მიიღო მონაწილეობა. იქ ბებოც ჩვენთან ერთად იყო ჩამოსული და ყველამ ერთად გავიხარეთ, ძალიან ბედნიერები ვართ. განაგრძეთ კითხვა