ქართველი სუმოისტი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, გადაცემაში "ნოესთან" დედის გარდაცვალებაზე ემოციურად საუბრობს და აღნიშნავს, თუ როგორ დაეხმარა დედა წარმატების მიღწევაში:
- მამა რომ დამეღუპა, დედა დამრჩა. დედა სხვა ტკივილია... დედა რომ დამეღუპა, ალბათ, ბევრ რამეზე კიდევ დავფიქრდი. ყველა დედა შვილისთვის გმირია და ჩემთვისაც უსაყვარლესი ადამიანი იყო. დღემდე ჩემთვის ცოცხალია. ბევრჯერ ჩემი გამარჯვება ისე არ გამხარებია, ჩემით შეძლებული დედის სიხარული რომ დამინახავს. ამაზე დიდი ბედნიერება არ ყოფილა, რომ რაღაც შევძელი, დედა გავახარე... 17 წლამდე 5 დღეც არ გვქონდა ისეთი, რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ჩემი ძმა მაინც ბებიას და ბაბუას მიჰყავდა და სოფელში იყო. მე დედასთან ვიყავი მიკედლებული. უცებ ისე აღმოჩნდა, რომ საერთოდ მოვწყდი. ეს ორივესთვის ძალიან დიდი დეპრესია იყო. საუბარი, დარეკვა, ერთმანეთის სახის დანახვა არ შეგვეძლო. მერე გაჩნდა სკაიპი და მსგავსი საშუალებები. ის ჩემთვის დღესაც ცოცხალია. მამა დამეღუპა, მაგრამ დედას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ორივეს ფუნქციის შესრულება შეძლო. ბევრად დამეხმარა, რომ სპორტში წარმატებისათვის მიმეღწია. ადამიანი რაღაცას რომ პოულობს, რაღაცას კარგავს. მე საუკეთესო რამ დავკარგე. სანამ დედა ცოცხალი მყავდა, მის გვერდით, ჩემი ძმის გვერდით შემეძლო, მეცხოვრა. მთელი ცხოვრება ხალხის სიხარული, სპორტში წარმატებები, ათასი ბედნიერება მქონდა, მაგრამ ეს იმხელა რაღაცას გაკარგვინებს... წარმატება ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს. იმხელა რამე დამაკარგვინა, ძალიანაც რომ მინდოდეს, ალბათ, ვეღარასდროს ავინაზღაურებ. მახსოვს, რამდენიმე წლის შემდეგ ჩამოსული იყო, სუმოს ოთახში ვიყავი, მეძინა და დედამ მაკოცა. რომ ვიუცხოვე, დედას ეწყინა. მითხრა, არ გაცივდეო, არ შეიცვალოო. რაღაცნაირად მისი სიტყვები გულში ჩამრჩა. ყველაზე კარგი, რაც დავკარგე და ვეღარასდროს დავიბრუნებ, ჩემს მშობლებთან ბევრი ლამაზი წლის გატარების საშუალებაა. არ ვიცი, ღირდა იმად, რაც შევძელი?! ვერ ვიტყვი, მაგრამ, მგონია, ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია. ეს ჩემი მისია იყო, რომ ასე გამეკეთებინა.