შეიძლება თუ არა, რომ უძრავი ქონება ბავშვის სახელზე გავაფორმოთ, როგორ ხდება ბავშვის ქონების განკარგვა და რა უნდა ვიცოდეთბავშვთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებაზე.
საუბროს იურისტი გვანცა გურგენიძე:
- ბავშვებს, ისევე როგორც სრულწლოვნებს, აქვთ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანი პირების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. ისინი განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდიან ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. კანონის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, ბავშვს უფლება აქვს მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დათქმა, რომლის თანახმადაც, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. აქ შეიძლება გაგვიჩნდეს რამდენიმე კითხვა. კერძოდ, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ვინ უნდა დაადგინოს და რა მოიაზრება ქონების განკარგვაში. ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.