ხათუნა ჟორდანია გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" შვილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა გავლენა მოახდინა მისმა ავადმყოფობამ ნინი ქარსელაძესა და ანასტასია ხაჩიძეზე:
- როგორც კი ნინი გავაჩინე, მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია. მაშინვე ვიცოდი, რომ ღმერთმა ის ცხოვრებაში იმისთვის გამომიგზავნა, რომ ბედნიერი ვიყო. თუმცა, ავადმყოფობის დროს მის ფასს განსაკუთრებით მივხდი. ზურა უბრალოდ დაიბნა, მოტყდა, ამ ავადმყოფობასთან უსუსურად გრძნობდა თავს. მახსოვს, ხშირად მომიჯდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა: "მე რატომ არ დამემართა ეს ყველაფერი?! დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიცი." ამ დროს ჩვენს ოჯახში, ალბათ, ნინი ყველაზე მაგარი იყო. ყველაფერს ის გეგმავდა, ყველაფერს ის აკეთებდა... ჩემს ცხოვრებაში ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. არ ვიცოდით და თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა. მახსოვს, ვერ ვსუნთქავდი. ის დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სასუნთქი ბალიშები მომიტანეს. დაღლილობისგან ვეღარც ვწვებოდი, ვეღარც ვჯდებოდი. ბოლოს რაღაც პოზა ვიპოვე. მახსოვს, დილით რომ გავიღვიძე, ნინი იჯდა, მე ვყავდი ჩახუტებული და სასუნთქი ბალიშები ეკავა ხელში, რომ ეკონტროლებინა - როცა დამთავრდებოდა, უნდა გამოეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია.
ხშირად არის კითხვები: რა არის სიყვარული? რა არის ბედნიერება? მე მივხვდი, ბედნიერება არის ის, რომ ღმერთმა ცხოვრებაში ზურა გამომიგზავნა. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ორი ასეთი მზე მყავს, როგორებიც ნინი და ანასტასია არიან.
ანასტასიას სიყვარულის გამოხატვა ადვილად არ შეუძლია. ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა მარტივად არ გამოსდის. თავისი საქმე აქვს, არაჩვეულებრივად სწავლობს, ვერ იტანს სურათების გადაღებას, არ უყვარს გადაცემებში წასვლა. რომ დაუჩოქო, ტელევიზიაში არ წამოვა. ცოტახნის წინ დაბადების დღის მილოცვა მინდოდა და დღევანდელი ანასტასიასი ფოტო არ მაქვს... ერთ მშვენიერ დღეს, სახლის დალაგების დროს მისი რვეული აღმოვაჩინე. უბრალოდ გადავშალე იმისთვის, რომ გამერკვია, სად დამედო. ვეღარ მოვწყდი... ნაწერი ასე იწყება:
"მთელი ცხოვრება ჩემი წიგნის გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. 2019 წელს, როდესაც სკოლის არდადეგები დამეწყო, თავში მხოლოდ დროსტარება და გართობა მქონდა. როდესაც ჩავლაგდით და დედამ თავ კარგად ვერ იგრძნო, ამას ყურადღება არ მივაქციე. დედა ახველებდა. ახველებდა, დაუსრულებლად... ჩემი დედიკო, თუნა, ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია ამ ქვეყანაზე. ის ავად არასდროს ხდებოდა და ექიმებთან არასდროს დადიოდა. ამიტომ, მან ამ ხველას ყურადღება არ მიაქცია. როდესაც შემდეგ დღეებში ხველა გაგრძელდა, ნინიმ ექიმთან ძალით წაიყვანა. გამოკვლევა შოკისმომგვრელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და დედაჩემის გამომეტყველებას ვუყურებდი, რომელიც შეიცვალა. მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. სულ ტირილი მინდოდა და ვფიქრობდი იმაზე, როგორ არ ვიყავი მზად, ის ამ ასაკში დამეკარგა. ეს ის დროა, როდესაც ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალევე ჩემი დედა, თუნა და ჩემი და ისრაელში ქიმიოთერაპიისათვის ერთად გაფრინდნენ. ქიმიამ დაასუსტა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სუსტდებოდა... მაგრამ, ჩემი დედიკო მაინც ყველაზე დიდი, კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ეს სირთულეები მას არ დაამარცხებდა. მახსოვს, როგორ სტკიოდა ვენები, რომლებიც სულ დალურჯებული ჰქონდა. როგორ სცვიოდა ლამაზი ყვითელი თმა. მიუხედავად ამისა, გატეხილი ხმით, ის მაინც აგრძელებდა ხუმრობას, თუ რა ხდებოდა კლინიკაში, როგორ უნდოდათ კლინიკაში მისგან უცხოპლანეტელის ქცევა ან რა ცუდი გემოვნება გვაქვს მე და ნინის იმიტომ, რომ არასწორ ბიჭებს ვირჩევთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროცედურებზე ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რაშიც მისი თვალის ფანქარი, ჩრდილი და წითელი პომადა იგულისხმება. თუნა, ჩემი დედიკო, ჩემი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც უფლება არ აქვს, ოდესმე მოწყენილი იყოს. გამიმართლა, რომ მისი შვილი ვარ. იმ რთულ პერიოდშიც კი ის შინაგან სიკაშკაშეს არასდროს კარგავდა. თუ თქვენ იცნობთ ჩემს დედიკოს, ჩათვალეთ, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლათ. ბოლოს, არ არის აუცილებელი, რომ თქვენმა გმირებმა მანტოები მოისხან. ხანდახან საკმარისია, რომ თქვენი გულის ნამდვილმა გმირებმა ლაინერი და წითელი პომადა ატარონ."
ალბათ, კიდევ ვერ გადმოვეცი ის, რაც მას ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი. ყოველთვის მაქვს იმის განცდა, რომ ანასტასიასთვის არასაკმარისად კარგი დედა არ ვარ. სულ მაკლია მასთან ურთიერთობა. სულ არ მაკმაყოფილებს ის, რასაც მას ვუკეთებ. მგონია, ნინის უფრო მეტი გავუკეთე და მას უფრო ნაკლები. თქვენი გადაცემის საშუალებით, მას მოვუბოდიშებ, რომ ალბათ, მთლად კარგი დედა ვერ ვიყავი მისთვის, ისეთი, როგორსაც ის მოელოდა. თუმცა, მგონია, რომ ღმერთმა მომცა ამის საშუალება, დამტოვა ამ ქვეყანაზე და დარჩენილი სიცოცხლე ანასტასიას დავუმტკიცებ, რომ შემიძლია, მისთვის ძალიან კარგი დედა ვიყო.